რელიგია

რატომ არ აშინებს ღმერთი ადამიანს და არ თრგუნავს მას თავისი ძალითა და სიდიადით

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 10.04

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანებმა გადაწყვიტეს, აეგოთ ბაბილონის გოდოლი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ – ვერც გოდოლი ააშენეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდნენ. რატომ არ მისცა ღმერთმა ამის ნება? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა იყო ბაბილონის გოდოლის აგების მიზანი?

– დიახ... ადამიანებმა გადაწყვიტეს, ცოდვები რომ გამოირიცხოს (რაკი სამოთხეც ცოდვების გამო დავკარგეთ და ასევე, ცოდვების გამო დავიტეხეთ თავს წარღვნა?!) და ზეცის რისხვა არ გამოვიწვიოთ, ზეცას შევუდგათ კოშკიო. თუმცა, ესეც პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. რისხვა რომ არ დავიტეხოთ, გვჭირდება საერთო საქმე, რომელიც განსხვავებებს მინიმუმამდე დაიყვანს და ერთად შეკრავს ადამიანებს. გაიხსენე ისეთი იმპერიები, რომლებიც ერთიან აზროვნებაზეა აგებული, სადაც ერთის ქვეშაა ყველა და ეს ძალიან საშიშია. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, გამოირიცხება მრავალი აზრი და, მეორე მხრივ, მომაკვდინებელია, იმიტომ რომ ყალბი ერთიანობაა – გარედან შემოსული. ამიტომაც არის ბაბილონის გოდოლი ტექნიკური ცივილიზაციის სიმბოლო, რომელსაც მიზანი არ აქვს. ანუ რაღაც კეთება, მაგრამ დანიშნულების, არსის გარეშე და ამას გამოხატავენ იაკობის კიბე და ბაბილონის გოდოლი.

ბაბილონის გოდოლი არის ადამიანის ძალისხმევა, შექმნას ისეთი სისტემები, რომ გააჩეროს ღმერთის რისხვა. ეს მოდელები ჰქონდა ყველა რევოლუციასა და ყველა იდეოლოგიას... წერია, დაიძრნენ აღმოსავლეთიდან ბაბილონის გოდოლის ასაშენებლადო და, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფიზიკური აღმოსავლეთი. ეს არის დაძვრა საწყისიდან, ანუ მოსწყდნენ საწყისს, რისთვისაც ადამიანი იყო გაჩენილი. რა საწყისია ეს?! რომ ადამიანმა არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა განავითაროს სამყარო, არამედ მან არ უნდა დაკარგოს თავისი მისია, რომ ისევ დაბრუნდეს სამოთხეში; დაუბრუნდეს ღმერთთან დიალოგს. როგორც კი ეს იკარგება, ანუ ადამიანის მისია, რჩება შიშველი ტექნიკა, რომელიც დამანგრეველია. დღევანდელი კრიზისიც ამითაა გამოწვეული. სად მივდივართ, რისთვის ავითვისეთ სამყარო?! მაგალითად, შოუ-ბიზნესი ყველაზე მეტად ვითარდება იქ, სადაც საზრისი იკლებს, ადამიანი მატერიითაა გაბრუებული და ვერც ფხიზლდება. სამყაროს ამოძრავებს არა მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, არამედ მიზანი. შესაბამისად, აბრაამი არის ისეთი ურთიერთობის ფუძემდებელი, რომელიც აღიარებს, რომ ამ სამყაროს მიღმა არის ერთი უხილავი ღმერთი და ის ღმერთი უკვე ციდან კი არ გვმართავს და არ არის ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც უპირობოდ და მექანიკურად უნდა დაემორჩილო, არამედ აბრაამი ფუძემდებელია ისეთი რელიგიის – იუდაიზმის – რომელიც ღმერთს ეჭიდება. იაკობი ბედავს და კითხვებს სვამს. მოსეს რჯული უდაბნოში მიიღეს ებრაელებმა და თქვენ იცით, რომ ისინი არ ზეიმობენ მოსეს მიერ მცნებების მიღების დღეს. რატომ?! ისინი ამბობენ, რომ ეს იყო ჩვენზე ძალადობა, ვინაიდან იქ ისეთი ძალით გამოვლინდა ღმერთი, რომ შანსი არ დაუტოვა, არ ეწამათ. იმიტომ იყვნენ მთელი 40 წლის განმავლობაში ებრაელები მეამბოხეები, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი თვალით ნახეს, რა მოხდა, მაგრამ ამან ადამიანები დათრგუნა. არადა ვერ ითრგუნება ადამიანი, ღვთის ხატებაა და მას თავისუფლებას ვერ წაართმევ; ვერც ღმერთი წაართმევს თავისუფლებას ადამიანს. გავიმეორებ: ყველაფერი ღმერთის ხელშია, გარდა ზეცისადმი შიშისა. ღმერთს შეუძლია, შეაშინოს ადამიანები, მაგრამ ასე მათ გულს ვერ მოიგებს. რადგან ძალადობა არ არის, როდესაც სიყვარულია. ღმერთი ძალიან დაბლა რომ ჩამოვიდეს, ადამიანი ითრგუნება და ეს ძალადობაა, ამიტომ ებრაელები მუდამ გაურბოდნენ ღმერთისადმი შიშს და ეჭიდებოდნენ მას. ეს ჭიდილი კარგია, სხვანაირად ადამიანი გონს ვერ მოვა და სწორედ აბრაამის მდგომარეობაა დიალოგის მდგომარეობა. იმ ეპოქაში ბაბილონის გოდოლი იშლება, ანუ ენა დაიშალა. ის ცივილიზაცია, რომელიც ერთიანობას ამყარებს და მრავალგვარობის, თავისუფალი ნების აკრძალვას ეფუძნება, ჩამოიშლება, იმიტომ რომ არსად მიგვიყვანს. აი, ეს ჩამოშალა ღმერთმა, მრავალ ენად დაშალა, ენა არ არის მხოლოდ ფიზიკური კომუნიკაციის საშუალება, იგულისხმება გაგებები და ხალხებად გადანაწილება და აქ შემოდის აბრაამი. აბრაამის მდგომარეობა არის ადამის მდგომარეობის აღდგენის მცდელობა, ამიტომაცაა აბრაამი მამამთავარი. მას შემდეგ, რაც ურა ქალდეიდან გამოვიდა, მას ეცვლება ეს სახელი – აბრაამად – მრავალი ერის მამად.

დავიწყოთ აბრაამის პირველი გამოცხადებით, როდესაც აბრაამს ეუბნება ღმერთი, გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი ნათესაობიდან, გვარიდან და მამაშენის სახლიდან. ამას ებრაულად ჰქვია „ლეხ-ლეხა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს – გამოდი შენი თავიდან. რატომ სამმაგი გამოსვლა?! პირველი არის მიწიერი ბუნებიდან გამოსვლა, ეს შენი ქვეყანაა; მეორე – გვარი ნიშნავს სამშვინველს, ემოციურ დამოკიდებულებას და მესამეა გონება, მამაშენის სახლი. არ გენიშნა სამმაგობა?! სამოთხეშიც ასე ცდუნდა ევა: თვალს მოეწონა, საჭმელად გემრიელი იყო და ცოდნას იძლეოდა. იმავეს ამბობს იოანე მახარებელი, ნუ შეიყვარებ წუთისოფელს და რაც წუთისოფელშია, ვინაიდან ყველაფერი, რაც აქ არის: თვალთა გულისთქმა, ხორცის გულისთქმა და ამაო დიდება, არ არის ღმერთისგან. ანუ აბრაამი არის ამის წინაპარი. წუთისოფელი რომ შეიქმნა, ჩვენი წარმოსახვების სამყარო, მას შემდეგაა ომები, შფოთი... არადა, ეს რყევებიც აუცილებელია, რომ ადამიანი გამოვიდეს იმ ხლართებიდან, რომლებიც თვითონ წარმოისახა და დადგეს ცოდვამდელ მდგომარეობაში, სანამ მოჯადოვდებოდა და შესცოდავდა. აი, ესაა აბრაამის გამოსვლა, ანუ აბრაამიდან საფუძველი ედება ისეთ ერს, ისეთ ხალხს, რომელთა მეშვეობით შემდეგ ღმერთი იმოქმედებს სამყაროზე იმით, რომ ამ წიაღში დაიბადება მესია – მაშიახი. ეს სიტყვა ებრაულია და ნიშნავს ამომზიდავს. ჩვენ მივყავართ წუთისოფლის დინებას და თავს ვერ ვართმევთ მას. მესია ვინ არის? ვინც თავისი ძალით აქედან ამოგათრევს და მყარ ადგილას დაგსვამს. ესე იგი, იქ დაგაბრუნებს, საიდანაც ამ დინებამ წაგიღო, გიბრუნებს იმ მდგომარეობას, საიდანაც გადასცდი. ქრისტეც იმავეს აკეთებს. პავლე მოციქული ამბობს, როდესაც ვერ შეძლო ცოდვით დაუძლურებულმა რჯულმა, მაშინ ღმერთმა თავისი ძე გამოაგზავნა ცოდვილ სხეულში, რათა თვითონ აღასრულოს ჩვენში რჯული. ჩვენ გვეშლება ხოლმე და ქრისტეს რწმენა გვგონია მისი ისტორიის ცოდნა და ქრისტეს აღიარება. არა! ქრისტეს რწმენა ნიშნავს იმას, რაც წერია: ვისაც ძე ჰყავს, მას აქვს მარადიული სიცოცხლე. რწმენა ნიშნავს სულიწმიდის ისევე მიღებას ჩვენ შიგნით, გულისგულში, როგორც მაირამმა მიიღო სულიწმიდა არამამაკაცობრივი ძალითა და ნებით. იმავე სულს ვიღებთ ჩვენც. იმიტომ დაიბადა ძე, რომ სულიწმიდა, რომელიც მარიამზე გადავიდა, ჩვენზეც გადმოსულიყო. ამიტომ ვამბობ, არსებობს მარიამ ღვთისმშობელი, როგორც ჩვენი სიყვარულისა და თაყვანისცემის ობიექტი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ აქ დავრჩეთ, არამედ წმიდანების თაყვანისცემა, მამათა სწავლებით, ნიშნავს, რომ იგივე გააკეთო. თუ შენ ილიას საქმეებს უყურებ, ილიას ხატის წინაშე მუხლს იყრი, დაუჯდომელს კითხულობ, ტროპარებს და მუდამ აქ დარჩები, ვერაფერი გაგიგია. ილია გეტყვის, მადლობა, მაგრამ შენ რას აკეთებ?! იესო ამბობს, ჩემზე მეტ საქმეებს გააკეთებთ; მეტიც, იყავით სრულ, როგორც მამათქვენია სრულ. აქ როგორ ვიქცევით?! ესე იგი, ის კი არ არის პრობლემა, რომ მოთხოვნაა დიდი, არამედ ჩვენ იმიტომ გვიჭირს, გავბედოთ და ვიყოთ, როგორც ილია, რომ არ გვახსოვს, ვინ ვართ. რომ გვახსოვდეს, გავბედავდით, ისევე, როგორც მარცვალი ბედავს, რომ საზამთრო გახდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა