რელიგია

რატომ არ არის ცოდვა, თავად ცოდვა

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.01, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ცოდვების მონანიება, მაგრამ ადამიანები გამუდმებით ჩავდივართ ერთსა და იმავე ცოდვებსაც. საერთოდაც, არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ არ სცოდოს, თუ მთავარი მაინც მცდელობაა, იმას გარდა, რომ აქვს კი აზრი ისეთი ცოდვების ყოველ ჯერზე მონანიებას, რომლებსაც იცი, რომ მაინც ჩაიდენ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რამდენიმე დღის წინათ გერმანულ ჰოსპიტალში პერსონალი ძალიან ცუდად მოიქცა და დამშვიდობებისას, მე მათ ვუთხარი, როგორც თქვენ ექცევით პაციენტებს, გისურვებთ, ისევე მოგექცნენ თქვენ, როდესაც თავად აღმოჩნდებით პაციენტების როლში-მეთქი. ვერავინ მომედავება, რომ მე მათ ცუდი ვუსურვე, მაგრამ, რეალურად, მე ხომ ვიცი, რომ დავწყევლე. თან, ამას რომ ვამბობდი, ვიცოდი, რომ არ უნდა მეთქვა. ამდენად ძლიერია ცოდვის ცდუნება?
– შეუძლებელია, ადამიანმა არ სცოდოს, მაგრამ ეს, სულაც, არ არის ტრაგედია. ამ შემთხვევაშიც, გააჩნია, რას ვგულისხმობთ ცოდვაში. ცოდვა არის აცდენა, ამიტომ, სანამ ამ ფიზიკურ სხეულში ვართ, ნელ-ნელა, გამოცდილებით მივდივართ ნაკლები ცდომისკენ. მოდი, განვიხილოთ „ცოდვის“ სინონიმი „ნაკლი“. ნაკლი და ცოდვა, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, ნაკლისგან იწარმოება ნაკლებობა. შესაბამისად, თავისთავად ნაკლი არც არსებობს, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ნაკლია, ანუ ნაკლებია, ვიდრე უნაკლო. შესაბამისად, მე შინაგანად, ბუნებით, ანუ რისკენაც მივდივარ, ვარ უნაკლო, მაგრამ ჯერჯერობით, სანამ არ ვარ დასრულებული, მაქვს ნაკლი, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ჯერ არ ვარ დასრულებული, მაგრამ, როდესაც დავსრულდები, ნაკლისთვის ადგილი არ დარჩება. ძველად გაღუნულ ლურსმანს ვასწორებდით ჩაქუჩით და რამდენჯერმე ვიყენებდით უკვე გამოყენებულ ლურსმნებს. გაღუნული რას ნიშნავს? იმას, რაც სწორი არ არის, თორემ მაშინ საიდან იცი, რომ გაღუნულია?! ამდენად, როდესაც ჩაქუჩს ურტყამ, ამით რას აკეთებ? ასწორებ, ანუ აკლებ სიმრუდეს. აქედან გამომდინარე, შენ, ადამიანს, რატომ გინდა, რომ დღესვე იყო გასწორებული?! ასე რომ, სულაც, არ არის დიდი ტრაგედია, ამჩნევდე, რომ მთლად სწორი, ანუ უნაკლო არ ხარ. სამაგიეროდ, უნდა გიხაროდეს, რომ მიდიხარ სისწორისკენ. მაგალითად, ლეღვი სანამ არ დამწიფდება, არ იჭმევა, მაგრამ ერთ დღესაც მიხვალ და ტკბილია. მკვახე ბალსა და ტყემალს ვერც გაარჩევ ერთმანეთისგან, მაგრამ ტყემალი ტყემლად რჩება, ბალს კი ცოტა ხნის შემდეგ ჯერ სიწითლე შეეპარება, შემდეგ სირბილე და ბოლოს სიტკბო. იმიტომ რომ ეს პროცესია. თუ შენ მიწას ამუშავებ, ხნავ, ბარავ, რატომ ელი, რომ უცებ გახვიდე ბოლოში?! ნუთუ იმის გამო, რომ, რასაც შენ ხატავ, ჯერ უსახურია და რაკი დაუსრულებელია, ის ცუდია?! ან თუ პირველივე დარტყმისთანავე დავითის ქანდაკება ვერ მიიღო მიქელნჯელომ, ამის გამო უნდა დამწუხრებულიყო?! იქნებ ის ტკბებოდა პროცესით, იმიტომ რომ დავითის ქანდაკება გამოსდიოდა?! რატომ გინდა, რომ დღესვე იყო სრული?! არადა უკვე სრული ხარ ღმერთში და ამას აუცილებლად მიაღწევ, ამიტომ ყოველდღე დატკბი ამ სისრულისკენ სვლით. ვერც ჩაქუჩის ერთი დარტყმით გაასწორებ ლურსმანს და მიქელანჯელომაც ბევრი იწვალა, რომ დავითი გამოსვლოდა, მაგრამ რამდენი სიხარული იყო იმ წვალებაში?! მიქელანჯელოს სიტყვებია: დავითს ქვისგან კი არ ვჭრიდი, არამედ ვათავისუფლებდიო, იმიტომ რომ დავითი შიგნით ჰყავდა და სანამ ქვაში არ მიიღო, რაც შიგნით ჰყავდა, არ გაჩერდა. ჩვენც, ადამიანებს, შიგნით გვყავს ჩვენი სისრულე, ჩვენი კაცი – ქრისტე! პროექტი გვაქვს, მაგრამ ის პროექტი ჯერ ნახაზია და მოდი, ყოველდღიურად მიიღე სიამოვნება, ჯერ აშენე საძირკველი, ამოიყვანე კედლები, მოაპირკეთე ფასადი, ჩამოკიდე ჭაღი, დადგი სავარძლები, ტახტი და ბოლოს, ჩამოჯექი იმ შენს სახლში. დღესვე თუ არ ხარ იმ სასახლის დედოფალი და მეფე, ამას განიცდი?!
– სხვებისგანაც მომისმენია და ჩემს მაგალითზეც ვიტყვი: გგონია, დაძლიე და უცებ ერთი სიტყვა, მოქმედება და წყალში გეყრება ყველაფერი. ანუ, ისევ თავიდან უნდა დაიწყო.
– და მერე რა?! გზაში ბევრი შეცდომა შეიძლება, დავუშვათ. თავად თქვით, მივაწყევლეო, თუ წაუყრუებდით, მაშინ მეორედ უარესს დაიმსახურებდით. სხვების წინაშე შეიძლება, თავიც გაიმართლოთ ან ვერც ვერავინ მიხვდეს, რა უთხარით, მაგრამ ადამიანმა ხომ ყოველთვის იცის, რა თქვა და როგორ მოიქცა?! ქრისტე გვეუბნება – მოექეცით სხვას ისე, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ თქვენ. თუ თქვენ შეცდომას დაუშვებთ, გინდათ, რომ სხვაც ისევე მოგექცეთ, როგორც თქვენ მოექეცით მათ, ვინც შეცდომა დაუშვა?! მეორე მხრივ – შეცდომის გამო საკუთარი თავის გვემაც ამპარტავნებაა და სწორედ, ესაა იუდას გზა. მან საკუთარ თავს შეცდომა არ აპატია და იმიტომაც დაიღუპა – აი, ესაა ამპარტავნების მწვერვალი. არადა პეტრემ იუდაზე უარესი გააკეთა: თან, სამჯერ, იფიცებდა, ამ კაცს არ ვიცნობო, მაგრამ თავი არ მოუკლავს, რადგან დაინახა ის, რაც იუდამ ვერ დაინახა: საკუთარი თავი მიიღო და შეიყვარა. ამპარტავნებას ორი გზა აქვს: საკუთარ თავს ან არ პატიობ, ან ამართლებ. ადამიანი ღვთის ხატია, ამიტომაა მთელი სამყარო გადასული თავის გამართლებასა და სხვების გამტყუნებაზე: ადამიანი თავისი ღმერთობითაა მთვრალი და არ იცის, რომ ყალბი ღმერთია. ამიტომაცაა, რელიგიები, ქრისტიანობის გარდა, ცოდვით დაცემას არ აღიარებს. ცოდვა რომ აღიარო, მაშინ საკუთარი ეგო უნდა უარყო. ქრისტიანის მიერ საკუთარი შეცდომის აღიარება უკვე იმას ნიშნავს, რომ, ესე იგი, მე ღმერთი არ ვარო. ერესი რა არის? ცოდვების გამართლება. წლებია, ვმუშაობ პატიმრებთან და იშვიათად შემხვედრია, ვინც არ ამართლებს საკუთარ საქციელს. ქმნიან ერესს – ღმერთად წარმოიდგინეს თავი და დაამყარეს სამართლიანობა, დააყაჩაღეს, ვინც დასაყაჩაღებელი იყო, მოკლეს, ვინც მოსაკლავი იყო... იმავეს აკეთებდნენ ბოლშევიკები, კულაკებს უნდა წავართვათ ქონება, იმიტომ რომ ბოროტები არიანო; იმავეს აკეთებდნენ ნაცისტები... საერთოდაც, სამყაროში ყველა ბოროტება სიმართლის სახელით ხდება. იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა შეცდომის აღიარება, ის ამას ვერ უძლებს, იმიტომ რომ მაშინ მისი ღმერთი კვდება – ის უკვე ღმერთი აღარ არის, რადგან ღმერთი შეცდომებს არ უშვებს! აი, ამის წამალია მონანიება – იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ამიტომ ამბობს ქრისტე: უარყავი შენი თავიო, რადგან იმ წუთასვე გეხსნება სამოთხის კარი. ბოროტება კაცისკვლა კი არ არის, არამედ ის, რომ თავი სამყაროს ცენტრი გგონია და ამართლებ შენს მოქმედებას. შენი უგუნურება ისაა, რომ თავი უკვე ღმერთად და სამართლის მეტრად წარმოგიდგენია – აი, ესაა ყველაზე დიდი ბოროტება! გავიხსენოთ, რომ ქრისტე ჯვარზე არ გაუკრავთ მკვლელებს, მრუშებსა და ცოდვილებს, არამედ გააკრეს მათ, რომლებსაც სიმართლის ეტალონებად მიაჩნდათ თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი