რატომ არ არის თავისთავად სათნოება ეკლესიაში სიარული, მოძღვრის ყოლა, აღსარება და ზიარება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.12, 2020 წელი

ქრისტიანებმა იციან, რომ ქრისტიანულად ცხოვრებას აქვს თავისი ატრიბუტებიც: ეკლესიაში სიარული, მარხვის დაცვა, აღსარების თქმა, ცოდვების მონანიება, ზიარება... თუმცა ეს ქრისტიანად ყოფნის ყველაზე იოლი გზაა. რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი შინაგანად და არა მხოლოდ გარეგნულად? – ამ თემაზე „თბილისელებს“ დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ესაუბრება.
– შედარებით იოლია ლოცვა, მარხვის დაცვა, ეკლესიაში სიარული, არის თუ არა მხოლოდ ეს ის გზა, რომელიც ადამიანს მიიყვანს ნამდვილ ქრისტიანობამდე?
– ხშირად ჩვენს მრევლს, მართლმადიდებლებს არასწორი წარმოდგენა აქვთ, რომ, რაც ახლა ჩამოთვალეთ: მარხვა, ლოცვა, ტაძარში სიარული, ზიარება, აღსარება და ასე შემდეგ, თავისთავადაა სათნოება. ანუ ადამიანი ხდება თვითკმარი ქრისტიანი იმით, რომ წინასაშობაო მარხვა დაიცვა, ეზიარა. ესე იგი, აფიქსირებს ფაქტებს და რაღაც სუროგატული ქრისტიანობა გამოდის; ვაკეთებთ საქმეებს და ამით ვართ ქრისტიანები და, როგორც ქრისტე ამბობდა, თქვენ ყველაზე უმთავრესი – რჯული – მიატოვეთო, დავიწყებულია, რომ ეს ყველაფერი საშუალებაა და არა მიზანი. რისთვის მივდივართ ტაძრად? რისთვის ვეზიარებით? რატომ ვამბობთ აღსარებას? რატომ ვმარხულობთ? ეს თავისთავადაა სათნოება? ქრისტემ გვითხრა, თუ ამას გააკეთებთ, ცხონდებითო თუ ვინ დაიმკვიდრებს სასუფეველსო? მშიერი რომ ვიყავი და დამაპურეთო; უსახლკარო რომ ვიყავი და მიმიღეთო, გიყვარდეთ მოყვასი და მტერიო; სამოცდაათჯერ შვიდჯერ მიუტევეთო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ესე იგი, რა გამოდის?! ის, რასაც ქრისტე ჩვენი არსისგან ითხოვს, დადამბლავებული მაქვს ცოდვისგან. ანუ არ მაქვს ნებისყოფა, მტერს ვაპატიო, არ განვიკითხო მოყვასი; შვიდგზის სამოცდაათჯერ მივუტევო... ამის გაკეთების თავი და უნარი რატომ არ მაქვს?! იმიტომ რომ ჩემი სხეული დადამბლავებულია. მეორე მხრივ, ხომ უსამართლო იქნებოდა, ქრისტეს ის მოეთხოვა ჩვენგან, რის გაკეთების თავიც არ გვაქვს? ამიტომ ის ჯერ გაძლევს საშუალებას, გიჩვენებს გზას. ამიტომაც ამბობს, მე ვარ გზაო, რომელსაც დაადგები, შეძლებ მოყვასის კი არადა, მტრის სიყვარულსაც, პატიებასაც, ორი ხელი ტანსაცმელი თუ გაქვს, ერთის გაცემასაც...
თუმცა, რომ გასცე, გასაცემი უნდა გქონდეს; ხოლო, როდესაც ადამიანი მხოლოდ მატერიალური, ხორციელი არსებაა და ეგოთი ცხოვრობს, ეს უჭირს. იმიტომ რომ ეგოს, ცხოველურ საწყისს გაცემა არ შეუძლია, მან მხოლოდ მიღება იცის. ან, თუ გასცემს, ისევ უკან უნდა მიიღოს. მინავლებულია ჩვენი ღვთაებრივი გონითი საწყისი, ფაქტობრივად, მიგვავიწყდა, მიმჭკნარია (როგორც სოკრატე ამბობს – ახალ ცოდნას კი არ ვიღებთ, არამედ მიმჭკნარს ვაცოცხლებთო). რა უთხრა ღმერთმა ადამს? განაგე დედამიწა! შენ მეფე ხარ! შენ არ ხარ მონა, რომელმაც უნდა იბრძოლოს არსებობისთვის! ეს უკვე მერე მოვიდა, ცოდვით დაცემის შემდეგ.
აი, ეს შეგრძნება რომ დავკარგეთ და ჩავაჭკნეთ, ის საშუალებები, რომლებიც ჩამოთვალეთ, მუხტის როლს ასრულებს. დაახლოებით, ისე, ტელეფონს რომ ვტენით, როდესაც დაჯდება. ჩვენგან მივიწყებულ ღვთაებრივ საწყისებს აცოცხლებს ეკლესიაში სიარული, მარხვა, ლოცვა, ზიარება, რომ შემდეგ უკვე ამ გაცოცხლებული გონითი სულით ვძლიო ჩემს მატერიალურ ბუნებას. კი ბატონო: ეზიარე, აღსარება თქვი, მაგრამ, თუ ეკლესიდან სახლში რომ დაბრუნდები, ისევ ისეთივე იქენი, მაშინ რა აზრი ჰქონდა შენს მარხვასა და ზიარებას?! რა შედეგი მოიტანა?! შედეგი კი ისაა, რომ მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით ავმაღლდე ჩემს დაცემულ ბუნებაზე და შინაგანი, გონითი, ღვთებრივი საწყისი გამოვაღვიძო, რითაც შევძლებდი ქრისტიანულად ცხოვრებას, რითაც შევძლებდი, ვემსახურო მოყვასს. ჩვენ ხომ ორი საწყისისგან შევდგებით და ეკლესია ერთგვარი წყაროა, ოაზისი, სადაც მიწიერისგან დამაშვრალმა ადამიანმა უნდა მოითქვას სული, მოიკრიბოს ძალა, გაიგრილოს სხეული, მოღონიერდეს და გააგრძელოს თავისი გზა განღმრთობისკენ.
– „მამაო ჩვენოს“ წაკითხვასაც კი აზრი არ აქვს, თუ არ მიუტევე ადამიანებს, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, ღმერთს სთხოვ, არაფერი მომიტევო, მაგრამ ისეც ხდება, რომ ცდილობ, მიუტევო, ცდილობ, შეიყვარო მტერი, თითქოს ფიქრებსაც აკონტროლებ, მტრებსაც კარგად ექცევი, არათუ მოყვრებს, მაგრამ არ შემოდის ამ გულში ეს სიყვარული. მთლად ადამიანზეა დამოკიდებული ამ ყველასა და ყველაფრისადმი უპირობო მიმღებლობისა და სიყვარულის აღძვრა? ჩემი დაკვირვებით, შენ რომ ცდილობ და გიჭირს, აშკარად გეხმარება ღმერთი და სწორედ, მისი ნებით ცოცხლდება შენს გულში სიყვარული და მიტევება.
– არ არის ადვილი. ეგოთი ადამიანი, ფაქტობრივად, გამოეყოფა სხვა ადამიანებს და არ შეუძლია, ისინი უყვარდეს, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება ეგოთი გადაგვარებულია. აი, ამიტომ აქვს აზრი თითოეულ ძალისხმევას და უცბად არ უნდა ველოდოთ შედეგს. გლეხი რომ პირველ ხნულს ავლებს მიწაში, მოსავალს მეორე დღესვე ხომ არ იღებს?! მოსავალს, ჭირნახულს ის მოიწევს ბოლოში, დიდი რუდუნებითა და ოფლის ღვრით.
მოთმინებით, რწმენითა და იმედით მუშაობს. გაზაფხულზე იწყებს მუშაობას და შემოდგომამდე არაფერი აქვს. ასე ვართ ჩვენც მოყვასის, ადამიანების მიმართ. ჩვენ არ შეგვიძლია, წამში, ერთბაშად, რადგან სახარებაში ამოვიკითხეთ, აპატიე მოყვასსო, ავდგეთ და ერთ დღეში მოვთხოვოთ საკუთარ თავს, ვაპატიოთ და მით უმეტეს, შევიყვაროთ მტერი. და ადამიანები ამის გამო სასოწარკვეთილეში ცვივდებიან. ანუ მიდგომაა არასწორი: რომ წავიკითხე „სახარება“, მღვდელმა იქადაგა და უცბად შევძლო ყველაფერი, რაც იქ წერია. პატარა ბავშვს რამდენჯერ ვუმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ ეს ჩვევად ექცეს?! დაუსრულებლად და ჯიუტად და ერთხელაც ვაღწევთ შედეგს, ისევე, როგორც ერთ წვეთ წყალს შეუძლია ქვის გახვრეტა.
ამდენად, ყველა ძალისხმევას აქვს აზრი. დაიწყე იმით, რაც გაქვს. აბბა დოროთეს აქვს ნათქვამი წყენაზე, უსამართლოდ მოპყრობაზე: პირველი საფეხურია ფიზიკურად მოთმენა, რომ წყენას, ლანძღვას არ უპასუხო, მეორე საფეხურია, რომ ითმენ სიხარულით, ბოლო საფეხური კი ისაა, როდესაც შენ იწყებ ლოცვას მისთვის, ვინც გაწყენინა და საკუთარ თავზე არც ფიქრობ, რადგან იცი, რომ ეს შენ არ გეხება, როგორც ჯვარცმული ქრისტე ლოცულობს: მამაო, აპატიე, არ იციან, რას სჩადიანო.
აი, ესაა გზა. ამიტომ ამბობს ქრისტე, მე ვარ გზაო. „სახარების“ წაკითხვისა და პირველივე ზიარების შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია, ყველას ყველაფერი ვაპატიოთ და მტრები შევიყვაროთ. მაგრამ ვიწყებთ მცირედით, გულში კი გაქვს ბრაზი, მაგრამ არ უპასუხე და ეს უკვე მიღწევაა. ჩვენ ასე აგურ-აგურ ვაშენებთ ქრისტეს სხეულს ჩვენში და სწორედ, ამისთვის გვინდა მარხვაც, ლოცვაც, ზიარებაც, თორემ სახარების სიტყვები ყველას მოსწონს, მაგრამ, მიდი, აბა, ეცადე და ააშენე ეს შენში?! აი, ესაა მარხვისა და ეკლესიაში სიარულის არსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან