რელიგია

რატომ არ აქვს განსაცდელებს თავისთავად ძალა და როგორ გადაიქცევიან ისინი სასწაულებად

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 08.08

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანმა დანამდვილებით არ იცის, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მას ყველაფერი ატყუებს, ეს ცხოვრება წარმოსახვაა და წუთისოფლის ბოლო გაქრობაა, იმიტომ რომ სინამდვილეში ის არც არსებობს. როგორ უნდა გაიკვლიოს ადამიანმა გზა ამ ლაბირინთში და მიაგნოს ღმერთს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– წუთისოფელი ადამიანის სიზმარიაო, მახსოვს, ერთხელ თქვით და, როგორც სიზმარზე არ არის პასუხისმგებელი ადამიანი, ისევე არ არის პასუხისმგებელი წუთისოფელში მის მიერ ჩადენილზე. როგორ გავიღვიძო ამ სიზმრიდან და როგორ მიმიყვანს ეს სიზმარი ჭეშმარიტებამდე?

– საქმეც ისაა, აქ შენ არ იცი, რომ სიზმარში ხარ და ამიტომ მთელი ძალით ხარ ჩართული წუთისოფლის ორომტრიალში. აქ რეალობის სხვა ხარისხია. ფიზიკაშიც კი ასეა: არის მექანიკური ფიზიკა და კვანტური ფიზიკა, რომელშიც ყველაფერი ამოყირავებულია, დროც სხვანაირია და მანძილიც, ანუ სხვა რეალობაა. ბოლოს და ბოლოს, სამოთხე რა იყო? როდესაც ადამიანს ოფლის ღვრა და ტვინის ჭყლეტა არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ რაღაც გაეგო. ფიქრიდან პასუხი მოდიოდა, აქ კი დამძიმდა ამოცანა. რატომ? ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებ: თუ სამოთხეში სიკეთე და ბოროტება გარედან ჩანდა, მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ აკრძალული ნაყოფი გასინჯეს, სიკეთეც და ბოროტებაც შიგნით შემოვიდა, აღარ ჩანს და ადამიანს უწევს ტვინის ჭყლეტა. ყოველ ჯერზე ხელის ცეცებით მიდის და ცდილობს, გაარკვიოს, კარგია თუ ცუდი, ბოროტია თუ კეთილია. მიწის თითოეული გოჯი მუდმივად ასათვისებელი აქვს და იღლება ადამიანი, მაგრამ, სამაგიეროდ, მისი სიმწრითაა მოპოვებული სინათლე, ეს სიბნელიდან გამოტაცებული სინათლეა. ყოველ ჯერზე, როდესაც გამოცდა ელის ადამიანს, ის ახალს იგებს. განსაცდელს თავისთავად ძალა არ აქვს – უბრალოდ, მე ამ ეტაპზე მზად არ ვარ, რომ ეს გამოცდა დავძლიო, შესაბამისად, იმიტომ მეძლევა, რომ, როდესაც დავძლევ, გავიზარდო და წინ წავიდე. შემდეგ ახალი განსაცდელი მოდის, რომ, საბოლოოდ, სინათლედ ვიქცე. სხვათა შორის, ებრაულ ენაში სიტყვა „გამოცდის“ ფუძეში დევს სიტყვა „სასწაული“: გამოცდასა და სასწაულს ერთი და იგივე ფუძე აქვს და ეს ბუნებრივია. იმიტომ რომ, რაც გამოცდად მეძლევა, ის შესაძლებლობაა, სასწაულად ვაქციო, თუკი მის შესახვედრად წავალ, არ შემეშინდება და ძალას არ მივანიჭებ. გამოცდას, განსაცდელს ძალას აძლევს ჩვენი გარკვეული უმეცრება. ხოლო, თუკი შევძელით ამოხსნა, ის იქვე სასწაულად გადაიქცევა. გამოცდა შესაძლებლობაა, სასწაული კი რწმენას გვმატებს და ჩვენ ახალ რეალობაში გადავდივართ. როდესაც ამ დასაზღვრული თვალითა და ყურით ვიყურებოდი, ცხოვრება მარტივი და ნაცრისფერი მეგონა, მაგრამ ის სასწაულად გარდაიქმნება, თუ განსაცდელს დავძლევ. და აი, ასე გამოცდებითა და სასწაულებით, მთელ სამყაროს, საბოლოოდ, ერთ დიდ სასწაულად ვაქცევთ, ოღონდ ჩვენი თანამონაწილეობით. „სახარებაში“, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, უფალი სასწაულს არ ახდენს ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე. ყველგან ადამიანია ჩართული. ჩვენ თვითონ, უფალთან ერთად, ვბადებთ სასწაულს, რომელიც სასწავლია ჩვენთვის. იესო გვასწავლის, რომ ცხოვრებაში რაც გვკეტავს, წინ წასვლის საშუალებას არ გვაძლევს, მოდის, როგორც განსაცდელი, რომლითაც, როდესაც გადალახავ, სამყარო ფართოვდება და ყოველ წუთსა და წამს გადააქცევს სასწაულების ფოიერვერკებად და ცხოვრება აღარ იქნება მოსაწყენი. როდისაა ცხოვრება მოსაწყენი?! როდესაც ზარმაცობ, როდესაც განსაცდელები მოდის და არ მუშაობ, ვერ უძლებ და ხელოვნური საშუალებებით გადიხარ ფონს; ბრუვდები, ანუ იპარავ. ეს ქურდობაა, მერვე ცნების დარღვევაა, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ იმით, რაც წინ დაგედო, ანუ განსაცდელით, გაიზარდო, გაურბიხარ მას და მეფე ხარ ილუზიაში, რამდენიმე საათით. რაღაცას გაიჩხირავ, რაღაცას შეიყნოსავ, რაღაცით გაერთობი, თავს იბრუებ და ამ დროს ისევ განუვითარებელი რჩები, იმიტომ, რომ არ გაიზარდე. ოფლი არ დაღვარე. ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენიო. პური რა არის? რასაც ვჭამ და რითიც ვიზრდები, რომ გავაგრძელო ცხოვრება, დიდი გაგებით. თუ ამ ოფლით არ მოიწევ შენს პურს, ესე იგი, იპარავ. ეს არ არის შენი პური. შენი ოფლით რომ მოიპოვებ პურს, შემდეგ თავად გახდები პური. იესო ამბობს, მე ვარ პური; არ უთქვამს, მე მაქვს პურიო; ამბობს, მე ვარ სიცოცხლე და არა – მე მაქვს სიცოცხლეო. მე და მამა ერთი ვართო, პასუხობს მაცხოვარი. როდესაც ეკითხებიან, მამა გვაჩვენეო. წარმოგიდგენია, რას ამბობს?! ვინც მე მიხილა, მამა იხილაო, იმიტომ რომ იესო სავსეა მამით და ამ გზაზე მივდივართ ჩვენც, რაშიც გვეხმარება გამოცდები. გამოცდა არის ის, რომლითაც მე უნდა გავფართოვდე, რაც იმისთვის მომეცა, რომ კი არ დამანგრიოს, არამედ გამზარდოს. ვინც ამ გამოცდას მაძლევს, მან ხომ იცის, რომ მე მაქვს მისი ამოხსნის შესაძლებლობა?! შემდეგ უკვე, გამოცდას რომ ჩავაბარებ, ახალი რეალობა იქმნება და ერთხელაც მოხდება ისე, რომ მთლიანად განათდება ჩვენი ცხოვრება. წერია კიდეც: წუთისოფლის სამეფო იქცა ქრისტეს სამეფოდ. ჩვენს წილ წუთისოფელში, დაბურულობაში რომ ვართ, იმისთვის კი არ ვართ, რომ სულ ორმაგობაში ვიყოთ და თავი ვიმტვრიოთ, რა არის კეთილი და რა ბოროტი?! გზაში ვართ. ეს გზა უნდა გაილიოს და ერთხელაც, ჩემი დიდი მიხვედრით, უმეცრების ამ საბურველისთვის ადგილი არ დარჩება. ისე ამოვიზრდებით და ისეთ სიცხადეში შევალთ, რომ ადგილი აღარ დარჩება კითხვებისა და გაურკვევლობისთვის. და რატომაა დატოვებული ადგილი? რომ მე განვვითარდე, ამოვიზარდო. სხვა გზა არ არის... და ამ გზის ბოლოა ყოფნა... ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არყოფნაში ვართ, იმიტომ რომ ადამიანებს არაფერი ჰყოფნის, იმიტომ რომ ადამიანი თავის ნამდვილს, შინაგანს არ იკმაყოფილებს და ეს აწუხებს, თუმცა შეიძლება, ვერც ხვდებოდეს, რომ სწორედ ის არ ჰყოფნის და მატერიაში ეძებდეს ნუგეშს. ყოფნა ნიშნავს, რომ ისეთ სისრულეში ხარ, დამატებით აღარაფერი გჭირდება. წუთისოფელში ადამიანი წვალობს, მაგრამ ერთხელაც, ისე გაჯერდება, რომ სიცოცხლე და ის ერთნი იქნებიან, როგორც ნახშირი და ცეცხლი ხდება ერთი, როდესაც კოცონი გიზგიზებს. ღმერთი ხომ თვითკმარი და დასრულებულია თავის თავში და ეს მდგომარეობაა უკვე ნეტარება. წყალს არაფერი უნდა. თვითკმარია, სიცოცხლის წყაროა და შენც სიცოცხლის წყარო ხდები, თვითკმარ სიცოცხლეს კი არაფერი სჭირდება, ოღონდ ეს მოსაწყენი თვითკმარობა არ არის – როდესაც ხუთი გრძნობის ორგანოთი ნაკარნახებ სურვილებს იკმაყოფილებ. ჩვენს სხეულს თავისი კანონები აქვს და უდიდესი ენერგია გვეხარჯება მის სამართავად, მაგრამ, ბოლოს, ამდენი მცდელობის, განსაცდელის შემდეგ, როგორც კი მივაღწევთ გზის ბოლოს, ჩამოგვეშლება ეს ბიოქიმია. მოგვეცემა შესაძლებლობები, რომლებსაც საზღვარი არ ექნება, რადგან თვითკმარობა არ ნიშნავს გაჩერებას. თვითკმარობა ნიშნავს სისავსეს, რომელიც მუდმივად ვიბრირებს და ისევ სისავსედ იღვრება. ვისაც სრულად აქვს სიკეთე, მას მოუნდება, რომ სხვასაც ჰქონდეს ეს სიკეთე, იმიტომ რომ არაფერი აკლდება, ოღონდ, როგორ აკეთებს ღმერთი, ამას ჩვენი ადამიანური ტვინი ვერ მისწვდება. ფაქტი ერთია, ღმერთისთვის არ არის საკმარისი მცენარეები, ცხოველთა სამყარო, გალაქტიკები და მან შექმნა ადამიანი, თავისი ხატი, რომ გაუზიაროს თავისი სისავსე და თვითკმარობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა