რელიგია

რატომ აღიქვამენ „ძველი აღთქმის“ ღმერთს შურისმაძიებლად, სასტიკად და დაუნდობლად

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 04.05, 2023 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მე და, ალბათ, თქვენც ხშირად მოგვისმენია, რომ ძველი აღთქმის ღმერთი შურისმაძიებელი და სასტიკია, ზოგიერთის აღქმით, იმდენადაც კი, რომ, საერთოდაც, მიუღებელია მათთვის მსგავსი დამსჯელი ღმერთი. ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ აღიქმება „ძველი აღთქმისეული“ იეღოვა, ვინც განსაკუთრებით ვერ იტანს, იაჰვედ მოიხსენიებს, ისეთად, ვინც ისე სჯის ადამიანებს, რომ ქვას ქვაზე არ ტოვებს და, მარტივად რომ ვთქვა, რატომღაც, არ მაძლევს მე ისეთსავე ლამაზ მანქანას, როგორიც ჰყავს სხვას?

– ადამიანური აღქმაა, რომ თითქოს „ძველი აღთქმის“ ღმერთი სასტიკია, ხოლო „ახალი აღთქმის“ ღმერთი – კეთილი. უპირველესად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაშია თავად ადამიანი. განვითარების რაც უფრო პრიმიტიულ, ცხოველურ დონეზე ხარ, შესაბამისად, უფრო უგუნური ხარ; არ გაქვს შინაგანი უნარი, მიხვდე და ამიტომ გარედან გეხმარებიან. „ძველი აღთქმის“ დროს ადამიანი ჯერ არ იყო სიყვარულით გაზრდილი, გონს მოსული, უფრო სტიქიების ტყვეობაში იმყოფებოდა და მასში მიწიერი სჭარბობდა, მით უფრო, ცოდვით დაცემის შემდეგ. რა არის ცოდვა? იყვნენ ადამი, ევა, გველი და, თავისთავად, ღმერთი, ვინც ადამში მოქმედებდა: ადამის გონება, ანუ თავი ღმერთით იყო განათებული. ევა გულია – სამშვინველი, ანუ გრძნობები, ესე იგი, თავიდან, ესე იგი, ადამიდან ნათელი შემოდის გულში, ევაში და ეს უკანასკნელი მას ემორჩილება. განა იმონებს?! პირიქით, გონების ნათელით გული იყო მშვიდად და ყვაოდა. ხოლო უფრო დაბალი საწყისია გველი: მუცელი და სექსუალური ენერგიები, უხეში სტიქიური ძალები, ჭამა-სმა, სექსი, გართობა, ანუ ცხოველური დონე. როდესაც გველმა აცდუნა ევა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მოსწყდა სულიერს, ღვთაებრივს და გული ჩაითრია მიწიერმა. შესაბამისად, მასში გაძლიერდა ვნებები და სტიქიები. ადამიანი, ერთი მხრივ, ღვთის ხატია – ანუ აქვს თავისუფალი ნება, რასაც ვერ მოსპობ, მაგრამ, რადგან მასში შემოვიდა ცოდვა, რაც მანამდე გარეთ იყო, ანუ ჭამა ვაშლი, ვითარება გართულდა. ვნებები და სტიქიები გაძლიერდნენ და ადამიანი უკვე ორმაგობაშია. ამდენად, მასში ამის გამო მეტი ტანჯვა შემოვიდა. ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, მეტი თავისუფლება უნდა, მაგრამ მისი დაცემული ბუნება ამას კლავს: ამის პირველი გამოხატულებაა, როდესაც კაენი კლავს აბელს. ადამიანები სწორედ ამ ორმაგობის გამო ებრძვიან, ეჯახებიან ერთმანეთს, შურთ ერთმანეთის, ომობენ, იმიტომ რომ მატერიაა გაძლიერებული ადამიანში და გონებას, ღვთაებრივს უჭირს. ასე რომ, ადამიანი უკვე ექვემდებარება სტიქიების დარტყმებს, იმიტომ რომ, თუ ფიზიკურად არ იგრძნობს ტკივილს, საერთოდ გადაგვარდება და მოსწყდება ღვთაებრივს. ამდენად, რათა ბოლომდე არ დაკარგოს სულიერება, ადამიანს ღმერთი მართავს მიწიერი წინააღმდეგობებითა და ტკივილებით, რითიც ანელებს მის დაცემულ ბუნებას. ეგვიპტეა სწორედ მიწიერების, მონობის სიმბოლო, ცხოველური დონე. ეგვიპტეში ებრაელები იბადებიან ღმერთისთვის, მაგრამ ჯერჯერობით გონს არ არიან მოსულები. მათში ძლიერია მიწიერი, ცხოველური საწყისი და ამიტომ მათი ღმერთი იეღოვა, ჯერ ფარაონის მიმართ იყენებს თავის ძალებს, ათ სასჯელს უვლენს, რომ გონს მოიყვანოს და ებრაელებიც ასე ნელ-ნელა მოჰყავდა შემდეგ გონს. სხვათა შორის, ებრაელებმა სინას მთაზე რომ მიიღეს რჯული მოსესგან, ეს რჯული მიიღეს გარედან, ზეწოლით. ღმერთი მათ, მთასთან რომ ელოდებოდნენ მოსეს, მოევლინა მეხით, ცეცხლით და ხალხი შიშით კანკალებდა. ახლოს არ ეკარებოდნენ მთას და ებრაელები ამას უწოდებენ ძალადობას, იმიტომ რომ მათ მონურ სულს ღმერთი სხვანაირად ვერ დაელაპარაკებოდა. გახსოვს, ხომ, 40 წლის განმავლობაში შეჭამეს ლამის მოსე, სულ ეგვიპტისკენ, უკან იყურებოდნენ და ნანობდნენ, რომ გამოვიდნენ, იქ ხორცი გვქონდაო. იმდენად დიდია ადამიანში მონური სული, რომ მასთან ტკბილად დიალოგი შეუძლებელია, ჯერ ამის უნარი არ აქვს. შესაბამისად, ფიზიკური ტანჯვებით, დარტყმებითა და შიშით იმართებიან, ვინაიდან სხვა ენას ვერ იგებენ. რაკი სინას მთაზე გარედან გამოვლინდა ღმერთი, ებრაელები ამ დღეს, ანუ თორის მიღების დღეს არ აღნიშნავენ, იმიტომ რომ მათთვის ეს დღესასწაული არ არის, ეს იყო ხელოვნური ჩარევა. რა თქმა უნდა, ღმერთს ეს არ უნდა. შეუძლებელია კიდეც ადამიანის გარედან, ძალით დამორჩილება, ის გატყდება, მაგრამ იმ მომენტში ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ხსოვნაში ჩარჩენილიყო ასეთი მძლავრი ღმერთის გამოცხადება. ებრაელები ვერც უძლებენ ამ ზეწოლას, ეწინააღმდეგებიან რჯულს. გავიმეორებ, ადამიანი დაეცა იმით, რომ, მე ვარ ღმერთიო და მატერიაში ცდილობს განღმრთობას, ეგოში ყოფნაა მისი ურჯულოება და უკვე სანამ თვითონ არ ამაღლდება ღვთაებრივამდე, ღმერთი ელაპარაკება სასტიკი ენით და ვხედავთ კიდეც ომებს, ადამიანთა დაუნდობლობებს და ეს ყველაფერი, ანუ მსხვერპლი გონს მომყვანია. ღმერთი კი არ იყო სასტიკი, ეს მათი მიწიერითა და სისასტიკით სავსე გულები ხედავდნენ ასე იეღოვას. ეს მათი წარმოდგენაა ღმერთზე, თორემ ღმერთი უცვლელია. მეორე რჯულში ჩამოთვლილია კურთხევები, თუ დაიცავ ჩემს რჯულსო და სამჯერ მეტი წყევლაა ჩამოთვლილი, თუ დაარღვევო. შეგზარავს, ისეთი სასჯელებია ჩამოთვლილი: და საკუთარ ბავშვებს შეჭამთო და ებრაელები მართლაც ჭამდნენ საკუთარ ბავშვებს. ყველაზე მეტი სასჯელი მათ დაატყდათ თავს და რატომ? იმიტომ რომ გადასცდნენ ღმერთს და დაკარგეს ღმერთთან ყოფნის სიხარული: ადამიანი, ხომ, ინსტინქტით არაა შექმნილი?! ის თავისუფალია და როდესაც ცოდვა შემოვიდა, გაუჩნდა ეგო, რითიც მოიწამლა, მან ააგო ცხოვრება, რომელიც ღმერთს გარეთაა და სასჯელებიც ამის შედეგია, მატერიაში განდგომილებით გამოწვეული უკურეაქციები ღმერთმა დაუშვა შემაკავებლად. მე რომ გითხრა, თუ ამ ბილიკით წახვალ, გველი გიკბენსო, მაგრამ მაინც წახვალ და გიკბენს გველი, ეს ჩემი ბრალი იქნება? მე დაგმართე თუ შენმა განდგომილებამ?! რჯული უკვე იყო ცოდვის საპირწონე, როგორც საშუალება, რომ ამ დარტყმებსა და სტიქიებში არ დარჩენილიყო ადამიანი. რჯული ამბობს, რა შეიძლება, გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. ეს აკრძალვები გიცავს ცოდვის სტიქიებისგან, რომლებსაც სიკვდილისკენ მიჰყავხარ, მანამ, სანამ შენი გული ისე არ მომწიფდება, რომ რჯული გულში გექნება. მაშინ, „ძველი აღთქმის“ დროს, ხომ არ იყო ადამიანი ამ დონეზე განვითარებული?! და გული, უხეშად რომ ვთქვათ, ჩავარდა სარდაფში: მუცელმა და გენიტალიებმა ჩაითრიეს და გონება უკვე უძლურია; ღვთაებრივი ნათელი თავიდან გულამდე ვეღარ აღწევს და აღარ შველის მხოლოდ იმის თქმა, ეს გააკეთე და ის არ გააკეთოო. პავლე მოციქული ამას ადარებს ქალს, რომელიც იტანჯება სასტიკი ქმრის ხელში, ვერც ეყრება და გათავისუფლდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ ქმარი მოკვდება. რჯული გეუბნება, რა არ უნდა გააკეთო, მაგრამ სტიქიებს დამოჩილებული ადამიანი არ ემორჩილება სიტყვას და აი, ესაა ადამიანის ბედისწერა: ვიდრე ისე არ მომწიფდება, რაც ქრისტეში მოხდა, როცა გულში შემოვა რჯული. იერემია წინასწარმეტყველიც წერს: მოვა დრო, და მივცემ ჩემს ხალხს ახალ რჯულს, გულის ფიცარზე ჩავუწერ მას და არ ეტყვის ძმა ძმას, შეიცან უფალიო, ყველას ეცოდინება, დიდსა თუ პატარას. უფალი. სწორედ ესაა სამოთხე, როდესაც მე შიგნით ისე მაქვს გული გასუფთავებული, რომ არ მჭირდება არც დაშვებები და არც აკრძალვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი