რელიგია

რატომ აძლევს ადამიანს სიბნელე და გაურკვევლობა სტიმულს

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 11.07

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

თუმცა მაცხოვარი ბაგაში იშვა, მატერიალურად არაფრით გამოირჩეოდა და თავისი მაგალითით გვაჩვენა, როგორია გზა განღმრთობისკენ, როდესაც შენ, ადამის ნამსხვრევს, სამოთხიდან საკუთარი არჩევნით გამოძევებულს, საშუალება გეძლევა, ისევ სამოთხეში დაბრუნდე ღვთის ძედ და ღმერთს, შემოქმედს, შენობით დაელაპარაკო, მაინც რჩება ეჭვი, როგორ შევძლებ მე, მხოლოდ ადამიანი იმავეს, რაც ადამიანის სხეულში ღმერთმა შეძლო? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: იესოს რომ გაუგო, არ არის საჭირო ფილოსოფიური აზროვნება, მაღალი ინტელექტი, არც აღმატებული ნიჭები, იმიტომ რომ მაშინ შენ იტყოდი, არ მაქვს ასეთი აზროვნება, არ მაქვს ასეთი ინტელექტი, არ მაქვს ასეთი ნიჭები და რა ვქნა?! ამიტომ ეშვება მაცხოვარი შენი არსების ყველაზე დაბალ, ცხოველურ დონეზე და იქიდან ამოჰყავხარ. ამიტომ წერია, თუმცა ადრე ვთქვით, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ ღმერთი გახდა ადამიანი, რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. ერთი ებრაელი ფილოსოფოსი ამბობს, მე არ ვიცი, სად არის წყარო, მაგრამ მე შემიძლია, გაჩვენო, სად არის წყალი. თვისებრივად ეს ერთი და იგივეა. შესაბამისად, მე თუ იმით სავსე ვარ, რაზეც გელაპარაკები, ჩემი სიტყვა შენშიც წარმოშობს იმას, რითიც მე ვარ სავსე. შესაბამისად, მაგალითად, ევროპაში აქცენტი გადავიდა უფრო „სახარების“ გავრცელებაზე, ლიტერატურული ფორმით და ეს კარგია, მაგრამ უკეთესი იყო პირველ საუკუნეებში, როდესაც ადამიანებმა წერა-კითხვა არც იცოდნენ, ოღონდ თავად ადამიანი იყო წიგნი, მოწმე. თვითონ იყო ცოცხალი ცეცხლის ალი, ქრისტეს ცეცხლით ალმოდებული. რომის დიდებულების მოახლეები იყვნენ ქრისტიანი პატარა გოგონები და ბიჭები და მათი შემხედვარე რომაელები, რომლებიც ჰედონიზმში იყვნენ ჩაფლულნი, ხედავდნენ, რომ ვიღაც ბავშვი ანათებს. გიჟდებოდნენ, რადგან თავად იმდენ რამეს აკეთებდნენ მატერიაში, ასე რომ გახარებოდათ და მაინც არაფერი გამოსდიოდათ და კითხვას სვამდნენ: საიდან ანათებ, მაჩვენე, სად არის შენი წყარო? ისინი ეუბნებიან, საიდანაც და უმოწმებენ იმით, რითიც თავად იყვნენ სავსე. მათ რომ მხოლოდ ის ელაპარაკათ, რა კარგია ქრისტე. რომაელი იკითხავდა, სად არის ქრისტე?! აბა, მაჩვენე. სწორედ ესაა მწიგნობრობა და ფარისევლობა, როდესაც ლაპარაკობ იმაზე, რითიც თავად არ ხარ სავსე და არ ხარ ამის ცოცხალი ნიმუში. ამან გამოიწვია ევროპაში პროტესტი – ვერავინ ნახა ქრისტეს დამმოწმებელი. განელდა ეს ცეცხლი და მხოლოდ სიტყვებმა ვეღარ დაარწმუნა ადამიანები. ამას მოჰყვა ათეიზმი, დაიწყეს ქრისტეს მეცნიერული კვლევა და დაადგინეს, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა, გამოგონილი. ერნესტ რენანი, ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, რომელიც თითქოს აქებს ქრისტეს, ბოლოს წერს, საწყალი მოტყუვდა, სიკეთე უნდოდა, არ გამოუვიდა და მასზე ისტორიები შეთხზესო. როდესაც აღდგომის მოწმე არ არის, მე არ შემიძლია, ვირწმუნო იმის, რაც 2000 წლის წინ მოხდა. იქნებ სახარება გადააკეთეს?! იქნებ სპეციალურად შეთხზეს?! და ამ ტიპის მოარული ხმები იწყება პირველი საუკუნიდან.

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მის საფლავთან დაცვა დააყენეს. იუდეველმა მღვდელმთავრებმა და ელიტამ მოითხოვეს: მატყუარაა, ამბობდა, მე აღვდგებიო. დაცვა დააყენეთ, თორემ მოიპარავენ ცხედარს და იტყვიან, აღდგაო. ნახე, როგორი სკეპტიციზმია?! ანუ, ეს ახალი არ არის, მაგრამ შემდეგ, როდესაც დაცვა მოდის და ამბობს, ცეცხლოვანი ანგელოზი ჩამოვიდა, ლოდი გადააგორა და იქ უკვე აღარაფერი აღარ არისო. რომაულ დაცვას ვინ გაუბედავდა რამის მოპარვას?! მაგრამ, ნახე, რა ჭორი გაავრცელებინეს?! ფული გადაუხადეს, რომ ეთქვათ, ჩაგვეძინა, შუაღამეს ვიღაცები მოსულან და ცხედარი მოუპარავთო. ამის გამო, რომის სამართლით, სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ დაჰპირდნენ, ჩვენ გადაგარჩენთო. აბა, მაშინ როგორ უნდა გავრცელებლიყო ქრისტიანობა, თუ შინაგანი მოწმობა არ იქნებოდა?! ქრისტე ადამიანებს სიცოცხლეს კი არ უქადაგებს, არამედ სიცოცხლეს უნაწილებს. ქრისტე ებრაულად ნიშნავს „მაშიახ“, თუმცა ქრისტე ბერძნული სიტყვაა და ასევე, ნიშნავს „ცხებულს“, ანუ ნაცხებია. „ძველ აღთქმაში“ მღვდელმთავრებსა და მეფეებს ცხებულებს უწოდებდნენ. ქართველებს გვაქვს გამოთქმა, რა მოგეცხო ასეთიო. ანუ მე რომ სურნელოვანი ზეთი მაცხია, შეგეხები თუ არა, ხომ გადმოდის ეს ცხება შენზეც და სურნელს ყველა შეიგრძნობს?! ქართულშიც, რუსულშიც, მეგრულშიც „სუნი“ და „სული“ სინონიმებია. სუნელი, სურნელი, „დუშა“ – „დუშისტი“ და სული ვრცელდება, როგორც სურნელი. მაგრამ როგორ გავავრცელებ, თუ მე არ ვარ აყვავილებული?! თუ სურნელი არ ამდის, როგორ გცხებ შენ?! აი, ეს რომ მინელდა, მაშინ დაიწყო ევროპაში განმანათლებლობა, ოღონდ ეს არ არის ჭეშმარიტი განათლება, რომელიც ამთლიანებს, რაც ქრისტემ მოიტანა, ის უფრო მიმყვანია ამისკენ. ადამიანმა განავითარა სხვადასხვა დარგი, მაგრამ დარჩა უმთავრესი კითხვა: რისთვისაა ეს ყველაფერი?! ჩვენ ვართ სიბნელეში, ანუ გაურკვევლობაში, საიდანაც მივდივართ გარკვეულობისკენ. თავიდანვე რომ გარკვეულობაში ვყოფილიყავი, ვიქნებოდი ანგელოზივით წმიდა გარედან. გაურკვევლობა არის ის სივრცე, რომელიც მე სტიმულს მაძლევს, რომ ჩემით ამოვავსო. ეს სივრცე ცარიელი რომ არ ყოფილიყო, ანუ გაურკვეველი და ბნელი (სიბნელეს თავისთავად არსებობა არ აქვს, ეს, უბრალოდ, ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის), მაშინ თავშივე ვიქნებოდი დასრულებული ან რობოტი. მე სიცხადით ვავსებ ამ გაურკვევლობას.

ქრისტე აქ არის, მაგრამ მოსაძებნია, ჩვენ უნდა დავინახოთ იესო, ვინც მიგვითითებს, თუ სად არის ნამდვილი კეთილდღეობა: მომავალში? ახალი ლიდერის მოძიებაში? რომ მოვკვდებით, მერე?! რა თქმა უნდა, არა. მაცხოვარი ამბობს, რომ აქ არის, ჩვენ შორის, ამიტომ, მოდი, ეს წამი დავიჭიროთ, ვირწმუნოთ. რწმენა კი მოქმედებაა, თუ ერთად ვიმოქმედებთ, შედედდება ის, რაც თითქოს არ ჩანს. თოვლის ფიფქი არაფერია, მაგრამ, როგორც კი მოაგროვებ და შეადედებ, გუნდაა. ასეთი აზრები, ფიქრები მატერიალიზდება, შედედდება და ჩვენ თვითონ შევქმნით რეალობას, რომელსაც ძალა ექნება, რათა ყველა კარი გაანგრიოს: ლაზარე აღადგინოს, შედგეს ნამდვილი სიცოცხლე, მაგრამ, თუ ჩვენ უსასრულოდ ვილაპარაკეთ, დავიშალეთ და დაველოდეთ, რომ ვიღაც მოვა, უსასრულოდ გაგრძელდება ეს მოლოდინი. იესო ის არის, ვინც შეწყვიტა ეს მოლოდინი, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გონს მოვიდა, მიხვდა ამას, თუმცა, თუ იესოში, როგორც ადამიანში, ეს გარედან მოვიდა, მაშინ ფუჭია ყველაფერი. ამიტომ წერია, თუმცა ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილებაო, ანუ, მართალია, სულიწმიდით იშვა, მაგრამ, როგორც ადამიანმა, სულიწმიდის ეს მადლი გამოიყენა. მადლი შემოდის ჩემში, ოღონდ მხოლოდ ეს არ კმარა, მეც იესოსავით ტანჯვით უნდა შევძლო, რომ როგორმე ეს წამი დავიჭირო, რომ დროის ბრუნვა გავაჩერო. იქნებ, რასაც ჩვენ ველოდებით, ვინმეს მოსვლა კი არ არის, არამედ დრო იმას უნდა, რომ მე ამას მივხვდე და, შესაბამისად, გონს მოვიდე. 2000 წელი, ეს დრო იქნებ ადამიანთა მოდგმას იმიტომ მოეცა, რომ, რაც ქრისტეში მოხდა, ზუსტად ის მომხდარიყო ჩემში. და თუ ეს მოხდება, დიდ გაგებაში ჩავარდნით დასრულდება ქმნადობის პროცესი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული