რელიგია

რას ნიშნავს ზიარების საიდუმლო და რატომ ვერ ბედავენ მაზიარებელი ადამიანები თქვან, მე და ქრისტე ერთი ვართო

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენ, ძირითადად, ვფიქრობთ, რომ ღმერთი ძალიან აღმატებულია და მისთვის თვალის გასწორებისაც გვერიდება, თუმცა, ყოველკვირა ძალას არ ვიშურებთ საზიარებლად. რატომ მიელტვიან მორწმუნეები ზიარებას, მიუხედავად იმისა, რომ წლობით ზიარების შემდეგაც ადამიანის ქცევა რთულად იცვლება? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რა საიდუმლოს მოიცავს ზიარება?

– სამწუხაროდ, გავამარტივეთ საიდუმლო, დავიყვანეთ კოვზით ზიარებამდე, არადა ზიარება ნიშნავს ორის ერთად ყოფნას – ესე იგი, ქრისტე ხარ უკვე! ასე ადვილი რომ იყოს, რად მინდა მაშინ ან ლოცვა, ან სახარების კითხვა, ამდენი წელი რატომ ვიწვალე?! კოვზით ვეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს და დამთავრდა. მაგრამ, აბა, გავიხსენოთ, რას გვეუბნება მაცხოვარი? სისხლი უნდა გაიღო – უარყავი საკუთარი თავი, აიღე შენი ჯვარიო. სახარებაში პირდაპირ წერია, ვინც ჩემთან მოდის და ყოველდღე არ აიღებს თავის ჯვარს, ვერ გამომყვება. და როგორ გვესმის ეს ჩვენ?! რაც შეიძლება, დიდი ჯვრები უნდა დავიკიდოთ?! რაც მძიმე და დიდი იქნება, მით უკეთესი და ვათრიოთ ზურგით?! არადა, ხომ წერია, აიღეთ ჯვარიო?! ამიტომაა სიტყვასიტყვით სახარების ტექსტის გაგება ბავშვური დონე. ეს ცუდი არ არის, მაგრამ იმის იქით, სიღრმეშიც უნდა წავიდეთ, საიდუმლოს ჩავწვდეთ. რა არის ზიარების საიდუმლო?! ეს ორის ერთად ქცევის მისტერიაა. შეიცნო ადამმა ევაო, ესე იგი, ეზიარა – ანუ უკვე ორი კი აღარ არის, ერთია. ვის შეუძლია, თქვას, რომ ღმერთთან ერთია?! მე აღარ ვცხოვრობ, ჩემში ცხოვრობს ქრისტეო?! მეტიც, მკრეხელობად მიაჩნიათ ამის გაფიქრება, ამ დროს კი ვეზიარებით. მაშინ ისმის კითხვა: თუ ეკლესიაში ზიარებას ბედავ, ამის თქმასა და გაკეთებას რატომ არ ბედავ?! რა გიშლის ხელს?! მოდი, ვთქვათ პავლე მოციქულივით: მე და ქრისტე ერთნი ვართ?! თუ ამას ვერ ვიტყვით, მაშინ რისთვის ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ?! ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად, რომელშიც დევს განღმრთობის შესაძლებლობა, ხოლო მიმსგავსება, ვიცით, რომ ჩემი პასუხია. ებრაულად ადამის ფუძეა „დომე“ და ორი მნიშვნელობა აქვს: მიმსგავსება და მეორეა გასწორება, გამართვა. სწავლაც, ვიცით, რომ წვალებიდან მოდის, განისწავლა, ანუ სასჯელია ერთგვარი (აქედანაა: მე შენ გასწავლი ჭკუას, ანუ დაგსჯი) და სწორედ ეს სიმძიმე ახლავს განღმრთობის, მიმსგავსების პროცესს: სწავლებაა, რომ მივემსგავსო შემოქმედს. რუსულში და სხვა ენებშიც იგივე მნიშვნელობა აქვს განათლებას. რუსულად განათლებულ ადამიანს ჰქვია „ობრაზოვანნი“. „ობრაზ“ არის სახე, „ობრაზოვანიე“ არის სახის მიცემა, როდესაც უფორმო მდგომარეობიდან ფორმა, სახე ეძლევა. იგივე მნიშვნელობა აქვს გერმანულშიც. ანუ განათლება, სწავლება არ არის ინფორმაციის უაზროდ ჩაყრა. შეიძლება, 30 ინგრედიენტი ჩაყარო ქვაბში უსისტემოდ, მაგრამ გამოვა კარგი კერძი?! კარგმა დიასახლისმა კი შეიძლება, 5 ინგრედიენტიდან დაამზადოს უნიკალური საჭმელი. ამდენად, განათლებული ის არ არის, ვისაც ბევრი ინფორმაცია აქვს. ამ ლოგიკით, ხელოვნური ინტელექტია ყველაზე განათლებული. ესე იგი, ხელოვნურმა ინტელექტმა ყველაფერი იცის?! საქმეც ისაა, რომ ყველაფერი არ იცის. მერე რა, რომ ყველაფრის განმარტება შეუძლია და რასაც ეტყვი, იმ მოქმედების გაკეთება?! გელაპარაკება, ვერაფრით განასხვავებ ადამიანისგან, ისიც კი ახსოვს, შენ ვინ ხარ, რა უთხარი შენზე, მაგრამ სიყვარული შეუძლია?! მიმსგავსება, სახიერება, ვისი ხატებაც ვიყავით, ღმერთმა ჩვენ დაგვიტოვა, სხვა შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტივთ ვიქნებოდით. სიყვარული რატომაა ამაღლებული გრძნობა? იმიტომ, რომ ვერ გაიგებ, რატომ უყვარხარ და რატომ გიყვარს. ფულის გამო, იმის გამო, რომ მამა ხარ?! ბიოლოგიური ჩვევაა, დედა რომ გიყვარდეს შვილს. ცხოველებმა და ფრინველებმა, მგლებმა, გედებმა, ადამიანებს არ დაესიზმრებათ, ისეთი ერთგულება იციან. ჩიტები ბარტყებს ასხედან და ხეს რომ ცეცხლი მოეკიდოს, ბარტყებთან ერთად ჩაიფერფლებიან. ამდენად, ფიზიკურ დონეზე სიყვარული არაფერია, სიყვარული ისაა, როდესაც არ იცი, რატომ გიყვარს. სილამაზის, სიმაღლის, კანის ფერის, ეროვნების გამო?! და ეს ყველაფერი რომ აღარ ჰქონდეს, რა გეყვარება მერე?! და ამ არცოდნას რატომ აქვს, იცი, მნიშვნელობა?! ორი უნდა ამოწმებდესო და სიყვარული დამოწმებაა, რომ შენ ხარ. თუ მართლა ვუყვარვარ სულში, ესე იგი, მე ვარ, იმიტომ რომ ჩემი სხეული არ უყვარს. იკითხავენ, აბა, ვინ?! დიახ, სწორედ ამიტომაა ღმერთი სიყვარული. ერთადერთი დადებითი დეფინიცია, ღმერთის განმარტება, რაც დაშვებულია სახარებაში და ზოგადად, მამათა სწავლებაში, ეს არის – ღმერთი სიყვარულია, თორემ აკრძალულია ღმერთის განსაზღვრება, იმის მტკიცებაც კი, რომ ღმერთი არსებობს. იმიტომ რომ ესეც ღმერთის შეზღუდვაა. რადგან, როდესაც ვამბობ, ღმერთი არსებობს-მეთქი, ღმერთმა რა უნდა ქნას? ტაში დამიკრას... მადლობა, მამა გურამ, რომ მაღიარეო?! ფიზიკოსებს მადლობის სიგელები დაურიგოს, ყოჩაღ, რომ მაღიარეთ, ამ ღვაწლს არ დაგიკარაგავთო?! სიგიჟეა ამ მიმართულებით წასვლა. შენ რომ აღიარე ღმერთის არსებობა, მეცნიერებამ რომ დაამტკიცა ღმერთის არსებობა, რა მერე?! რა შეიცვალა?! ოფლი უნდა მოიწმინდო და დამშვიდდე?! მეტიც, როდესაც მაიძულებენ, რომ ვიღაც ვაღიარო, იქ ჯერ სიყვარულიც არ არის. რა არის ღვთის მსგავსება? ქველმოქმედება, მიტევება, სიყვარული... აი, ეს ყველაფერი უნდა ისწავლო, რომ მიემსგავსო.

გახსოვს, გითხარი, ჯერ ვაცები ვართ, კაცები არ ვართ-მეთქი. ადამიანიდან კაცამდე დიდი მანძილია. რუსთაველს დავესესხოთ: კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდე. ანუ ყველა კაცი კაცი არ არისო. სხვათა შორის, მეგრულში გვყავს მითიური არსება, რომელსაც ჰქვია იჩოკოჩი – ეს არის ვაცკაცა, ნახევარი ვაცია, ნახევარი – კაცი. შესაბამისად, ადამიანი არის შესაძლებლობა და მისგან შეიძლება, ვაციც გამოვიდეს და კაცადაც შედგეს. ბუნებაში კაცი არ არსებობს. კაცი მე უნდა შევქმნა ჩემი ინგრედიენტებისგან, რომელსაც ჰქვია ადამიანი. მაგალითად, ლომიდან კაცი არ შეიქმნება. თხმელისგან ცულის ტარს ვერ გააკეთებ, ის შეშისთვისაა. შესაბამისად, ადამიანი ბიოლოგიურად არის შესაძლებლობა და მართალს ამბობენ ბიოლოგები. ადამიანი თავისი ვნებებით, ინსტინქტებით, შეგრძნებებით, ყველანაირად ცხოველური დონეა, მაგრამ მასში რაღაც ელემენტი, ანტისხეულია ჩადებული, რის წყალობითაც, იმ მასალისგან, რომელსაც ადამიანი ჰქვია, კაცი მიიღება. კაცი უკვე იქმნება და კაცი რაფინირებული ადამიანია. სხვათა შორის, სამოთხეს, სადაც ადამი დაასახლა ღმერთმა, ჰქვია რაფინირების, დახვეწის ადგილი. ამიტომ ვთქვი, ადამიანიდან კაცამდე მანძილია-მეთქი. ადამიანი არის ბიოლოგიური გვარის არსება, რომელიც დგას ორ ფეხზე და მეტყველებს. კაცი ვინ არის? კაცი ის არის, ვინც იცის, ამ ფეხებით საით გადაადგილდეს, რა მიმართულებით. სწორად უნდა იარო და აი, ეს უკვე ღმერთმა შენ დაგიტოვა, თორემ ორ ფეხზე სირაქლემაც დადის. ადამიანი არის ბიოლოგიური გვარის არსება, რომელსაც შეუძლია, მეტყველება, მაგრამ მეტყველება თუთიყუშსაც შეუძლია. მამები რატომ იმუნჯებდნენ თავს?! რატომ იხშობდნენ თვალსა და ყურს?! იმიტომ რომ გრძნობის ხუთი ორგანოდან ჭეშმარიტება არ შემოდის. შემოდის ის, რაც ყველაფერს გიფუჭებს. გგონია, სადმე მიდის?! არა – გულში ითესება. სიტყვით, ბოლოს და ბოლოს, სამყარო შეიქმნა. ასე რომ, ჩვენ მუდმივად ქმნადობის პროცესში ვართ: ადამიანმა არაფერი იცის და წამებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ის მუდმივად რისკის ქვეშაა. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა, ღმერთი მაინც მშვიდადაა, ვინაიდან ღმერთი ხედავს ბოლოს, იცის, რით დამთავრდება ეს ისტორია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა