რელიგია

რას ნიშნავს იესოს სიტყვები: ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ - ვის ეძებს და ვინ უნდა იპოვოს ადამიანმა

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

„ბიბლიაში“ მოთხრობილი ისტორიები თითოეული ჩვენგანის ამბავია, ჩვენი სულის მოგზაურობაა და თუმცა ეს ვიცით თეორიულად და სიტყვიერად, მაინც ჩნდება კითხვა, როგორ უნდა განვიცადო ეს ისტორიები ჩემად, არადა, თუ არ განვიცადე, ვერც ბოლოში გავალ, როდესაც ჩემს გულში უნდა იშვას მაცხოვარი და დასრულდეს ამბავი ღვთის ხატობიდან ღმერთს მიმსგავსებამდე, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ყველანი, ჩვენ, ვართ ადამები, იქიდან მოვდივართ და ჩვენში გავდივართ შემეცნების ამ გზას. შესაბამისად, როდესაც ამ ისტორიას ვკითხულობთ, ბევრჯერ მითქვამს, იქ ჩვენი თავი უნდა ვიპოვოთ. იესო ამბობს, ეძებეთ და იპოვითო. რა უნდა ვეძებო ან რას ვიპოვი?! ერთადერთს – საკუთარ თავს, რომელიც ამ ისტორიისა და მატერიალიზმის მტვერში მიგვავიწყდა. უფრო ზუსტად, ორმაგი დავიწყების მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენს სიცოცხლეს გავდივართ. ეს ბიოსოციოკულტურული არსება, ვინც დღეს ვარ ამ სხეულში, დაბადებიდან ორმაგ დავიწყებაში ვვარდები: ერთი მხრივ, ზედმეტი ხიბლით, რელიგიურობით, სიმართლით აღვეზევები და მაღლიდან ვიყურები, ანუ ზედმეტად ზეცაში ვარ და, მეორე მხრივ, ზედმეტად მტვერი და ნაცარი ვარ; მატერიალიზმი მჭამს, ხვალ მოვკვდები, რა რელიგია, რა ღმერთი. ორივე უკიდურესობაა და აი, მესამე – სინთეზი უკვე ჩვენი მისაღწევია ამ ორი უკიდურესობიდან. როგორც კი ძალიან ზედმეტად მაღლა წავალთ ცაში, რაღაც ისეთი მოგხვდება, რომ დაბლა დაგვანარცხებს, რის შემდეგაც მეორე უკიდურესობაში ვვარდებით, შეიძლება, საერთოდ არაფრის თავი აღარ გვქონდეს, მაგრამ იქიდანაც წამოვდგებით და, საბოლოო ჯამში, ასე ბანცალ-ბანცალით, ვარდნებით მოვდივართ, ვიდრე გავმყარდებით და გავმაგრდებით, რაც დროსა და სივრცეში ხდება და სწორედ ამისთვის მოგვეცა წლები. ამდენად, თითოეული ჩვენგანი იმყოფება იმ ისტორიებში, რაც აქამდე მოგვიყოლია: ადამიდან დაწყებული. ეს ჩვენი ისტორიაა, უბრალოდ, თუ გარედან ვუყურებთ ამას, როგორც სადღაც მომხდარ ამბავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაა, რომ დავიწყების ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომელმაც დროისა და სივრცის რაღაც წერტილში მოგვამწყვდია, თორემ ეს სინამდვილე არ არის. ჩვენ აქედან, ნელ-ნელა, გახსენებით უნდა გავაცოცხლოთ ეს ისტორია, რომ ჩვენ ვართ იმ დიდი მეს ნაწილი, რომელიც ადამში იყო და გადაიფარა ჩვენი ფიზიკური არსებობის ქერქით.

გავიმეორებ, ჩემი მიზანი არ არის ბიბლიური ისტორიების გაცნობა ან თეოლოგიური წიაღსვლები, მე ისეთ ადგილებს ვარჩევ, რომ ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები და გასაგები იყოს, რომ მოგვეცეს ერთგვარი იმპულსი, ინტერესი, რომ შემდეგ დამოუკიდებლად უფრო ღრმად შევუდგეთ საკუთარი თავისა და „ბიბილიის“ შესწავლას. დღევანდელი ეპოქა რატომ არის მნიშვნელოვანი?! იმიტომ რომ ნამდვილად აპოკალიფსური ჟამია. წარმოიდგინეთ, იოანე პირველ საუკუნეში ამბობს, უკანასკნელი ჟამიაო, ამას პავლე მოციქულიც ამბობს და ახლაც ამბობენ. მართლაც ახლოს არის უკანასკნელი ჟამი და, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება და სიფხიზლე გვმართებს. ამიტომ მინდა, ორიოდ სიტყვით მიმოვიხილო, რა მდგომარეობაა დღეს. თითქოს რელიგიის ბუმია. ჩვენთანაც, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ისეთი აღზევება დაიწყო, რომ ათასზე მეტი მოქმედი ტაძარი გვაქვს, გვყავს მღვდელმსახურები, 50-მდე ეპარქიაა. ეს ყველაფერი კარგია. უცხოეთშიც არის მოძალება, განსაკუთრებით, აღმოსავლური, მისტიკური მიმდინარეობების. ანუ სულიერების წყურვილი და სურვილია. უბრალოდ, ისევ ორმაგობაში ვართ: არის ჭარბი მატერიალიზმი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და ჭარბი სულიერება. ვიმეორებ, როდესაც სულიერება მოწყვეტილია რეალობას, ესეც უკიდურესობაა და ხშირად არათუ შედეგს ვერ აღწევს, არამედ შეიძლება, ნეგატიურ ასპექტად აისახოს ადამიანის ცხოვრებაში. მეორე მხრივ, თავისთავად ცხადია, რა მოაქვს ჭარბ მატერიალიზმს. აი, ამითაა დღევანდელი ეპოქა დაღდასმული და, საბოლოოდ, მაცხოვარი ამბობს, ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?! ანუ ბზე და მარცვალი გაიყოფა, ცეცხლი მოეკიდება ბზეს და მარცვალი ბეღელში ჩაიყრება. რა მოდელია ეს, რა მეტაფორაა?! რა არის ბზე? თავთავი საიდანაც იშვება, მანამდე არაფერი რომ არ ყოფილიყო, მარცვალს როგორ მივიღებდით?! ნიგოზს რომ ნაჭუჭი არ ჰქონდეს, როგორ მომწიფდებოდა?! გესმის, რა ხდება?! ბოლო ჟამს უნდა მოხდეს გაყოფა, რომ გამოჩნდეს, რისთვის იყო ეს ყველაფერი. რა რისთვის იყო?! იმისთვის, რომ ინახავს ქრისტეს რწმენას, ქრისტეს ჩვენში მყოფობას, რომელიც გარკვეულ დრომდე გადაფარულია ნაჭუჭით, გარსით და ნიშანდობლივია, რომ ამ ცხოვრებას ქართულად წუთისოფელი ჰქვია, იმიტომ რომ ზუსტად ხსნის ჩვენს მდგომარეობას. თუ წუთისოფელი არსებობს, ესე იგი, არსებობს დიდი სოფელი. ანუ, რაც ჩვენ გარშემოა, ფაქტობრივად, ილუზიაა, არც არის, ამიტომ არ მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა, არ მოტყუვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობის ხუთი ორგანოთი აღიქვამთო, მართლმადიდებელი ქართველი გეუბნება. მაშინ ადამიანი სვამს კითხვას: რისთვის ვიცხოვრო, თუ ეს წარმავალია?! ამდენად, უკვე ეძებს უფრო ამაღლებულ მდგომარეობას და ირჩევს შესაბამის გზას. ებრაულად წუთისოფელს და ბოროტებას, რაც წუთისოფელშია, ჰქვია „ოლამ“, იქიდან მოდის სიტყვა „ალამი“. ეს არის დაფარულობა, ფარდაგი; ბოროტებაა, აი, ეს ნაჭუჭი, გარსი, რომელიც უნდა გაუქმდეს აუცილებლად. წუთისოფელიც გადავა, მისი გულისთქმანიც, მხოლოდ ღმერთის ნების შემსრულებელი რჩება უკუნისამდე. იბადება კითხვა: თუ ასეთი ცუდია ეს წუთისოფელი, რატომ უშვებს ღმერთი?! სწორედ იმისთვის უშვებს, რისთვისაც ღეროს, რომლის გარეშეც თავთავი ვერ გაიზრდება, ის მიმყვანია, მის გარეშე მარცვალს ვერ მიიღებ. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავინახოთ ეს სიმწიფის ჟამი, როდესაც ჭირნახულად უნდა მოვიწიოთ – ის, რისთვისაც ამდენი ვიღვაწეთ. აქვე ვიტყვი ჩვენი ქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობასა და პრობლემას. სიკეთე გვაქვს თვითონ ჩვენს მოძღვრებაში. ჩვენ დიოფიზიტები ვართ: ორბუნებოვანი ღმერთი გვყავს, ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთია ქრისტე, შეურევლად და შეურწყმელად. ერთადერთი გვჭირდება, რომ „მრწამსის“ დონეზე კი არ ვიმეოროთ – მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი იესო ქრისტე და მისი სხეული ეკლესია და ასე შემდეგ, არამედ მთავარია, ასე ვიცხოვროთ: აქ ამ ორბუნებოვნობაში, შეურწყმელად და შეუზავებლად. როგორც კი რომელიმე გადააჭარბებს, მათ შორის, თუ ზედმეტ სულიერებაში გადავალთ, ვარღვევთ ბალანსს და აღარ გვწამს. ათასჯერაც რომ იმეორო „მრწამსი“, რად გინდა, თუ არ ასრულებ, რაც იქ წერია?! ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი აქ დადიოდა, ჩვენსავით ჰქონდა ძვალი, სისხლი და ხორცი. ღმერთი აქ დადიოდა – ამის გააზრება, იცი, რას ნიშნავს?! რომ შენში მოხდეს ეს ყველაფერი, შენ გაიხსენო. წმიდა მამები გვეუბნებიან, იმიტომ სცემ თაყვანს ხატებს, იმიტომ კითხულობ დაუჯდომელებს, იმიტომ იხდი პარაკლისებს, რომ იქნებ ერთხელაც მოგშორდეს დავიწყების ნაცარი, სხეულთან რომ გააიგივე თავი და ამ ერთისა და იმავეს კულტივირებით, ეკლესია ხომ ციკლებს იმეორებს ისტორიიდან, ეს ისტორიები გაცოცხლდეს აწმყოში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა