რელიგია

რას ნიშნავს ბიბლიური ექვსი დღის ქმნადობა და როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.11

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ვიცით, რომ ბიბლიის გაგების რამდენიმე დონეა და არც ერთი დონე არ არის მცდარი, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თავისი გზის რა მონაკვეთშია ადამიანი. თუმცა, მეცნიერება თითქოს ეწინააღმდეგება ბიბლიის სულიერ ინტერპრეტაციას, ხოლო ათეისტები კი, საერთოდაც, სასცილოდ იგდებენ იქ მოთხრობილი სამყაროს შექმნის ისტორიას. როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს ბიბლიაში ასახული ისტორიის სულიერი და მეცნიერული გაგება და სიღრმისეული გააზრებით, როგორ უნდა გავიგოთ სამყაროს შექმნის ისტორია?

– ვიცით, რომ ბიბლიის გაგების რამდენიმე დონეა: ბავშვური დონე, ანუ სიტყვა-სიტყვით, იგავური, მინიშნებითი და საიდუმლო. მეცნიერება და რელიგია თითქოს ეწინააღმდეგება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს ორი გაგება აღავსებს ერთმანეთს. ამის გააზრება ქართველებს გვიჭირს, რადგან ჩვენ „კისა“ და „არას“ პარადიგმაში ვართ, მესამე არ ვიცით. არადა, ზოგადად, სამყაროს საიდუმლოება მესამე გზით ამოიხსნება. სწორედ ეს არის ჯვარი: როდესაც ამ ორი უკიდურესობის მიღმა აერთებ ორივეს. ღვთისმშობლის დაუჯდომელშია სიტყვები: შეურიგებლის შემრიგებელო, ესე იგი, რომელიც არიგებს ერთმანეთს სრულიად მოურიგებელს. ევოლუციის თეორია აკვირდება მატერიას, რომელიც უკვე გამოვლენილია: გამომწვევმა მიზეზმა აღძრა რაღაც პროცესი და მილიარდობით წლის შემდეგ ამ ფიზიკური ელემენტების კავშირებიდან შეიქმნა ცოცხალი არსებები, მათ შორის, ადამიანიც. ამტკიცებენ, რომ „ბოინგი“ შეიძლებოდა, ნაგვისგან შექმნილიყო. ანუ რომ დაყარო ასოები, მემილიარდ ჯერზე ერთხელაც „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერება. ჩვენი სულიერება კი ამბობს, რომ ევოლუცია არ არის გამოწვეული მხოლოდ შემთხვევითი ბიძგებისგან, არამედ თავშივეა ჩადებული დანიშნულება, მიზანი, რომელიც არ მოასვენებს, სანამ არ განხორციელდება. და ეს წინააღმდეგობა არ არის, ეს ორი მიდგომა აღავსებს ერთმანეთს. ამასთან, დაგვცინიან მორწმუნეებს, ღმერთმა ექვს დღეში შექმნა მთელი სამყარო და ეს შეუძლებელიაო. ჯერ ერთი, დღე სულაც არ ნიშნავს, პირდაპირი მნიშვნელობით, 24 საათს. ან სად იყო მაშინ 24 საათი?! სოლომონ ბრძენიც ამბობს, ღმერთმა მტვრისგან შექმნა სამყაროო და დღეს ამას ამტკიცებს კვანტური ფიზიკაც. ანუ წუთისოფელი, უხეშად რომ ვთქვა, ერთგვარი მანეჟივითაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა, მიდით, რაღაც მაინც გაიგეთ ჩემზე, ვინაიდან იმდენად დიდი ვარ, რომ სხვანაირად ვერ მომწვდებით. შესაბამისად, ბიბლიაში ნახსენები დღეები არის მონაკვეთები, დაარქვით, თუნდაც, გეოლოგიური მონაკვეთები. მაშინ დრო სხვანაირად გადიოდა და, დღევანდელი გაგებით, შეიძლება, მილიონობით წელიც, მაგრამ სულიერებას არ აინტერესებს, როგორ შეიქმნა სამყარო, ეს მეცნიერებამ უნდა გამოიკვლიოს და ამ საკითხში ისინი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ბიბლიას აინტერესებს, რისთვის შეიქმნა სამყარო. სამყარო თანდათან იქმნება ქაოსიდან. ბიბლია იწყება ასე: დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. რას ნიშნავს ეს? სამწუხაროდ, ეს არ არის კარგი თარგმანი და იცით, რომ კარგ თარგმანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი რატომ: „დასაწყისში“ არის დროის გარემოება და ეს მეცნიერებს უნდა აინტერესებდეთ, მე კი მაინტერესებს რისთვის შეიქმნა, ანუ მიზნის გარემოება. ბატონი პარმენ მარგველაშვილი ამაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და დაამტკიცა, რომ „დასაბამად“ არის მიზნის გარემოება. მატერია დააბა ღმერთმა, კონდენსირება მოხდა. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, არის კონდენსირებული, გამკვრივებული ენერგია და მარტო ენერგია კი არ არის, არამედ აქვს დიზაინი. შეხედეთ ხეებს, მთებს, ღრუბლებს, ყვავილებს, როგორი დიზაინი აქვთ?! ყველაფერი გათვლილია.

რა არის „ცა“? ცა არის იდეათა სფერო, არქიტექტურის ბიურო, რომელიც არ განხორციელებულა ჯერ, მაგრამ იქ არის და რაც აქ არის, ეს არის პროექტის განხორციელება. შენ მოიფიქრე ჩემთან ინტერვიუების სერია, თქვი და ჩვენ ვიწერთ უკვე მეხუთე წელია. მეტი რა არის ბიბლია? თქვა ღმერთმა და შეიქმნა. პირველია განზრახვითი ქმედება, მეორე – აღსრულება და მესამე – შეფასება. ანუ ვისურვე ამის გაკეთება, გავაკეთე და მომეწონა ან არ მომეწონა. სულ ეს არის. ცა იდეაა, სადაც არის განუხორციელებელი პროექტები, შემდეგ იყო მიწა, სადაც განხორციელდა ეს პროექტები. „მიწა“ ებრაულად ნიშნავს მიმღებლობას, ვნებას, სწრაფვას, ჟინს, ანუ ქალური საწყისია. სამყაროში მხოლოდ ორი რამ არსებობს: გაცემა და მიღება. ასეთი გამონათქვამია, ბევრად მეტად, ვიდრე ბოჩოლას სწყურია, რომ ცური მოწოვოს ძროხას, ძროხას სწყურია, რომ ბოჩოლას მოაწოვოს. ჩვენ, უბრალოდ, ვერ ვხედავთ „ძროხას“, თორემ ცას უფრო მეტად სწყურია, რომ გაგვჟღინთოს, მოგვწვდეს და თავისი პროექტები განახორციელოს, გაგვაგებინოს. როგორი იყო თავიდან დედამიწა?! ბნელი და უფსკრულსა ზედა. აი, იქ იყო პირველი ქაოსი – ქაოსი კი არის შესაძლებლობა, რომელშიც დევს ყველაფერი, რაც შემდეგ უნდა გამოვლინდეს, როგორც კოსმოსი. სანამ ბინას დაალაგებ, ქაოსი არ არის?! შემდეგ სულიწმიდა იქცეოდა წყალთა ზედაო. ქაოსში მარცვლებივით იყო ჩადებული ყველაფერი, რაც გამოვლინდა და გამოვლინდება. სამყაროს შექმნის ისტორიას არ უნდა მოვუსმინოთ უცხოდ – ეს თითოეული ჩვენგანის ისტორიაა, იმ ქაოსში ვიყავით და მერე გავხდით ადამი. ქაოსიდან თანდათან გამოიყოფა წყალი, შემდეგ – მინერალები, წყალმცენარეები, მიკრობები, მცენარეები, ცხოველები. ანუ ღმერთის სულიდან კონდენსირებით მოვდივართ. განა არ ვამბობთ ხოლმე, ქვასავით უგრძნობიაო; განა არ ვამბობთ, გავახარეო?! მცენარესაც ხომ ვახარებთ?! და მცენარის დონის ადამიანი ვინ არის? ღმერთო, არაფერი მინდა, ოღონდ ჩემი შვილები კარგად მიმყოფე, სამსახური, საჭმელი. მცენარეც ასეა: წყალი დაუსხი, გაიფურჩქნება. შემდეგ უკვე ცხოველური დონეა: ცხოველი მოძრაობს, ერთი ადგილიდან გადის და ცხოველური დონე რა არის? გინდა, რომ ისწავლო, ქონება დააგროვო, ავტორიტეტი მოიხვეჭო. განა ეს ცუდია?! მაგრამ ბოლოსაა ადამიანის დონე – შეიქმნა კაცი, ცისა და მიწის გამაერთიანებელი, უკვე მეფე. ყოველი ქმნადობის შემდეგ წერია: იყო საღამო, იყო დილა. რატომ წერია ჯერ საღამო? იმიტომ რომ ყველაფერი იწყება ბუნდოვანებით. საღამო ბინდბუნდია, როდესაც კარგად ვერ არჩევ საგნებს, ყველაფერი არეულია. დილას ყველაფერი ჩანს და კითხვებიც არ ჩნდება. თან, წერია, დღე ერთი, შემდეგ კი – დღე მეორე, მესამე... რატომ? იმიტომ რომ იმ ერთში იყო ყველაფერი, შემდეგ გამოიშალა. აი, ესაა ექვსი დღის ქმნადობა. და რა არის ეს? რომ ღმერთის გულიდან მოვწყდი, აი ვისი ჯიშის ვარ?! ამიტომაა ექვსი დღის ქმნადობა თითოეულის ისტორია. ექვსი დღეა, როდესაც ღმერთი თავის სულს გამოყოფს თავისი თავისგან. ღმერთს გარეთ არავინ და არაფერია: ქვით დაწყებული, მოუკლებლად ყველა და ყველაფერი ღმერთის მოსურვებაზე დგას. რუსულად ექვსი არის „შესტ“, „შესტვიე“, ანუ პროცესია. უგონო მდგომარეობიდან ღმერთს მოვწყდი, როგორც პატარა მარცვალი; ღმერთი ისევ ჩემშია, ოღონდ რედუცირებული და შემდეგ ნელ-ნელა ვიხსნები, მატერიაში შემოვდივარ, რომ მეორეც ყოფილიყო და ადამსაც ეთქვა: მე ვარ! აი, რატომ დაგვაშორა ღმერთმა თავის თავს; აი, რა გვაჩუქა! ამიტომაა მატერია ღმერთის სამასკარადო კოსტუმი: მატერიაში თავისივე თავის ინკუბაცია უნდა მომხდარიყო, რომ მან, ვინც თავისგან გამოზიდა, მასვე უთხრას – მე ვარ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა