რელიგია

რას მოელოდა იუდა იესოსგან, რის გამო გასცა მაცხოვარი და რატომ დარჩა იმდენად იმედგაცრუებული, რომ თავი მოიკლა

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 12.05

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

იოანეს სახარების მეცამეტე თავის პირველ ქვეთავში ვკითხულობთ: „სერობის დროს, როცა ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი, იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ, რომ ღვთიდან გამოვიდა და ღმერთთან მიდის…“ ხოლო იმავე თავის მეორე ქვეთავში კი, როდესაც იესოს საყვარელი მოწაფე, იოანე ეკითხება, თუ ვინ გასცემს მას, იესო მიუგებს: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ“. ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს... ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე“. რას გულისხმობს იოანე მოციქული, როდესაც წერს, რომ იუდას ეშმაკმა ჩაუდო გულში მაცხოვრის გაცემა, ხოლო იესოს მიერ მიწოდებული ლუკმის შემდეგ კი იუდაში სატანა შევიდა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– ჩემთვის წინააღმდეგობრივი აღსაქმელია ეს ორი ადგილი იოანეს სახარებაში, მაცხოვარმა მიიღო მონაწილეობა, რომ იუდა ქცეულიყო ისეთად, როგორადაც იქცა?

– ყველა მოციქული გამორჩეულია, მაგრამ იუდას ფენომენი ყოველთვის იწვევდა მკვლევრების, თეოლოგების, უბრალოდ მორწმუნე ადამიანების ინტერესს. ამ ფენომენის ახსნა არ არის ადვილი და ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ იუდა ბოროტი და დაუნდობელია, ჩაიდინა, უპატიებელი ცოდვა, რის გამოც თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. იუდას დემონიზება ხშირად ადამიანების დემონიზებისთვისაც გამოიყენებოდა და, ასევე, ხშირად უსამართლოდაც კი. იუდას ეს დამღა საუკუნეების განმავლობაში ატარა მთელმა იუდეველმა ხალხმა და, ქრისტიანების სამწუხაროდ, იქცა, თავდაპირველად, იუდაიზმის, მოგვიანებით კი, მთელი ებრაელი ხალხის, როგორც ქრისტეს ჯვარმცმელის, სიძულვილის საფუძვლად. არადა, თორმეტივე მოციქული, მარიამი, მოსე, აბრაამი, პეტრე მოციქული, ქრისტეს პირველი ეკლესიის ბურჯი, ებრაელები იყვნენ. მაგრამ ეს ვრცელი საუბრის თემაა, ამიტომ შეკითხვას დავუბრუნდეთ. იესომ იცის, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა და, მათ შორის, იუდაც ბოროტი არ არის, თორემ მაშინ, აბა, რა აზრი ექნებოდა მაცხოვრის ჯვარცმასა და სიკვდილს?! მაცხოვარი ჯვარს ეცვა იმ იმედით, რომ ადამიანი, გამრუდებული ნებით გაბოროტებული, დაბრუნებოდა თავის გამართულ მდგომარეობას; იესომ იცის, რომ, ბუნებით, ადამიანი კეთილია, ამიტომ ჯვარცმით ცდილობს, დააჯეროს, რომ მიწიერი სიკეთე არ არის სინამდვილე. სინამდვილეა ღმერთთან ყოფნა, ოღონდ ადამიანი იმდენადაა დაცემული, ნამდვილი ჰგონია მიწიერი და ამისთვის უნდა ქრისტეც. იესო, პირიქით, ამას ანგრევს, რაც ადამიანისთვის ძალიან მტკივნეულია და ამიტომ იესოს იძულებენ, როგორც მტერს. იუდას ტრაგედიაც აქედან იწყება და იესოს მიზანია არა შურისძიება, არამედ ის, რომ როგორმე მიახვედროს იუდა, რომ მრუდე გზას ადგას. ან კი როგორ იძიებს შურს, როდესაც იესომ იცის, რომ იუდა შემცდარია?! იესო, ხომ, ღმერთია?! მას ახსოვს, რომ იუდა მასში იყო, როგორც ღვთის ხატი და ახლა კი მის წინაშე დგას გადაგვარებული, შემცდარი, დაწყლულებული. ამდენად, ბუნებრივია, ბოლომდე ავლენს იუდასადმი სიყვარულს.

– რას გულისხმობთ იუდასადმი იესოს მიერ სიყვარულის გამოვლენაში?

– იუდას ჰგონია, რომ იესო შემცდარია და ის უდიდესი ძალა, რაც აქვს, უნდა გამოიყენოს სწორად, ანუ მიწიერისთვის; აი, ამ ძალის გამოუყენებლობას არ პატიობს იესოს. ხოლო ქრისტეს უნდა, როგორმე გააგებინოს იუდას, რომ სამეფო არის სიყვარული, სამეფო არის სულში და სწორედ ამისთვის მოვიდა, ფიზიკური გამოვლენით კი მესია მოგვიანებით მოვა. ჩვენ ძალიან გვიჭირს ადამიანის გულში შეღწევა და იქნებ არც იუდამ იცოდა, რომ ბოროტებას სჩადიოდა?! იქნებ ყველაზე დიდი სიკეთის სახელით გააკეთა, რაც გააკეთა და თავის თავს ბოროტს არც კი უწოდებს?! იუდას ქრისტეს მიმართ მოთხოვნები აქვს, რომ მან უნდა იმეფოს ფიზიკურად და იმიტომ მიდის ამ გზაზე. აქ უფრო ღრმა წვდომებიცაა, მაგრამ ჟურნალის ფორმატი არ გვაძლევს განვრცობის საშუალებას. როდესაც ყველა მოციქული დაბნეულია ქრისტეს სიტყვებით, ერთ-ერთი თქვენგანი გამცემსო, იოანეს შეკითხვაზე კი პასუხობს, ვისაც პირველ ლუკმას მივაწვდი, ის გამცემსო, ეს სიმბოლოა. საპასექო სუფრაზე პირველი ლუკმის, ანუ შავ ღვინოში პურის ჩაწებება და თანამეინახისთვის მიწოდება არის ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულება. იუდამ ხომ იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს ჟესტი? იესომ ის გამოარჩია და ყველზე დიდი სიყვარული აჩვენა – იუდამ მიიღო ასეთი სიყვარული და მაინც სატანა შევიდა მასში. ესე იგი, მაინც ვერ მიხვდა, ამ სიყვარულმა მისი გული, გონება, სული ვერ გარდაქმნა, ვერ მიახვედრა, რას ითხოვდა მისგან იესო. „სატანა შევიდა“ ნიშნავს, რომ ისეთი ადამიანის გული, რომელიც ასეთ დიდ სიყვარულს ვერ იტევს, ვერ პასუხობს სიყვარულითვე, ცარიელია, დაცვა აღარ აქვს ღვთისგან და მადლის გარეთ რჩება. ამიტომ წერია ბოლოს, არავინ დაღუპულა, გარდა დაღუპვის ძისაო. თუკი იმ მომენტამდე იუდა გაორებული იყო, ადვილი არ არის ასეთ საქმეზე წასვლა, იესოს მიერ უდიდესი სიყვარულის გამოვლენის შემდეგ იუდა გათავისუფლდა, ორჭოფობა დასრულდა და სრული ნება მისცა იესოს გაცემის საქმეს. ანუ იუდა მთლიანად მოიცვა სატანით ყოველგვარი ეჭვის გარეშე. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდებოდა იუდას სულში?! ძალიან ბავშვური წარმოდგენაა, ვიფიქროთ, რომ იუდა მთლიანად ბოროტი იყო, მაშინ 3 წელს იესოს მოწაფე ვერ იქნებოდა, ვერც კი მოუსმენდა მას. ფაქტია, რომ იუდაში იყო ადამიანური ბუნებაც, სიკეთეც, მაგრამ ის შეცდა და როდესაც იესომ ბოლო სიყვარული აჩვენა, იუდამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რაკი წერია, სატანა შევიდაო, რომ ბოლომდე შეასრულებდა განზრახულს. მაგრამ რა მოჰყვა ამას?! როდესაც იუდა ხვდება, რომ იესო შეიპყრეს, დასცინეს, სცემეს, ჯვარცმამდე მასში საოცრება ხდება, შეინანა და მღვდელმთავარს ფული უკან დაუბრუნა, მართლის სისხლი გავეციო, ანუ იუდა შეძრულია. იუდას რომ ჰგონებოდა, იესოს სცემდნენ, დაამცირებდნენ, რატომღა შეინანებდა?! ესე იგი, რაღაც მოულოდნელობა მოხდა. იუდას ეგონა, რომ იესო გამეფდებოდა და არ აპატია მას, რომ არ გაუმართლდა მოლოდინები. იუდას უამრავჯერ ჰქონდა ნანახი იესოს ყოვლისშემძლეობა, ალბათ, ეგონა, რომ იესო შეპყრობისასაც გამოიყენებდა თავის ძალას, რომ თავად გაორებისგან დაეღწია თავი. ერთგვარ ვა-ბანკზე წავიდა, გაწირა იესო, რომ მიეღო პასუხი: არის თუ არა იესო ყოვლისშემძლე?! და, როდესაც იესო შეიპყრეს, იუდას ისევ გაუცრუვდა მოლოდინი და თავი ჩამოიხრჩო. ეკლესიის მოძღვრება იუდას მოქმედებას აფასებს, როგორც შეუნანებელ ცოდვას, იუდამ საკუთარ თავს არ აპატია მართლის გაცემა და საკუთარი თავი გაინადგურა, იმიტომ რომ არაფერი დარჩა თავის თავში; პეტრეს დარჩა და იმიტომ აპატია თავის თავს მაცხოვრის სამჯერ გაცემა, შეინანა და ამაღლდა, მაგრამ, როდესაც საკუთარ თავში არაფერი გრჩება, რისთვისაც ღირს სიცოცხლე, გამოსავალი თვითმკვლელობაა. თითოეული ვატარებთ იუდას ნაწილს, დაუსრულებელი ქმნილებაა ადამიანი და ამიტომ გულარხეინად არ უნდა გავიშვიროთ ხელი იუდასკენ, აი, ბოროტი, ქრისტე გაყიდა! ჩვენ, ყველანი, ვყიდით ქრისტეს და დღეში უამრავჯერ, როდესაც ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი სიტყვით, აზრით, ფიქრით, მიდრეკილებებით ვეწინააღმდეგებით იმას, რაც ქრისტემ გვითხრა და დაგვიტოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...