რელიგია

რა სასწაულები მოხდა სიონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანების შემდეგ და როგორია მისი ორიგინალის გასაოცარი ისტორია

№52

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 02.01

სიონის ივერიის
ღვთისმშობელი
დაკოპირებულია

ივერიის ღვთისმშობლის ხატის რამდენიმე ასლი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი სიონის ტაძარშია დაბრძანებული. საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის თხოვნით მიუმართავს, საქართველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. 

მამაოებმა შეასრულეს პატრიარქის თხოვნა და ორწლიანი შრომის შედეგად, დასრულებული ხატი ორმოცი დღის განმავლობაში ჰქონიათ მიდებული თავდაპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხებდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის. 1989 წლის 9 ოქტომბერს, იოანე ღმრთისმეტყველის ხსენების დღეს, ივერიის ღვთისმშობლის ხატი თბილისში ჩამოაბრძანეს და აეროპორტიდან თბილისის სიონის საკათედრო ტაძრამდე, უამრავი მართლმადიდებლის თანხლებით, მიაბრძანეს.
ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანებას თან სასწაული ახლდა. წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმიდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელმა ბერებმა მომხდარი შემდეგნაირად განმარტეს: ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყარო ამიტომ დაშრაო.

თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა ადამიანები კვლავ ახალი სასწაულის მომსწრენი გახადა. ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა, რომ ივერიის ღმრთისმშობლის ხატი მოოქრული პერანგით შეემოსათ. სწორედ, ამ დროს იხილეს სასწაული. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ანალოღიიდან გადმობრძანებისას, დაინახეს, რომ მინაზე, რომლის მიღმაც ხატი ინახებოდა, ღვთისმშობელი ყრმით იყო გამოსახული. მინაზე გადასული საკმაოდ მკაფიო გამოსახულებაც სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
რაც შეეხება ივერიის ღვთისმშობელს, ისტორიული წყაროების თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოფილეს მმართველობის დროს ხატთმებრძოლეობა დაიწყო. ხატების თაყვანისმცემისთვის ადამიანებს აწამებდნენ, ხატებს კი წვავდნენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ მდიდარ და მორწმუნე ქვრივს ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომლისთვისაც განსაკუთრებული სამლოცველო მოაწყო და გაჭირვების დროს მხურვალე ლოცვით მიმართავდა. როდესაც თეოფილე ხატმებრძოლმა საკუთარი ქვეშევრდომები ხატების გასანადგურებლად გაგზავნა, ისინი ნიკეელ ქვრივსაც მიადგნენ. მასთან ნანახი ღვთისმშობლის ხატის განადგურება მოინდომეს, მაგრამ ქვრივმა ისინი დაარწმუნა, რომ სიწმინდე დილამდე მასთან დაეტოვებინათ და ამ დროისათვის მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის მომზადებაც აღუთქვა. ერთ-ერთ მათგანს ხატისთვის მახვილი უცია და ღვთისმშობლის სახიდან სისხლი გადმოსულა, როგორც ცოცხალი ადამიანის სხეულიდან. ქვრივმა გადაწყვიტა, მტრისგან დასაცავად ხატი ზღვის სანაპიროზე წაეღო, სადაც მიწაზე დაემხო და ღვთისმშობელს შეევედრა, თავად იმპერატორის რისხვისგან ეხსნა, ხატი კი – ზღვაში დანთქმისგან. ემთხვია ხატს და ზღვაში შეაცურა. დაინახა, რომ ხატი წყალზე კი არ დაეცა, ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისკენ გასცურა.

ქალმა შვილი დაარწმუნა, ხატთმებრძოლეობას განრიდებოდა და თავი საბერძნეთისთვის შეეფარებინა. მართლაც, ვაჟი თესალონიკში წავიდა, იქიდან კი ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა, სწორედ, მისგან შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა. არავინ იცის, სად იყო ხატი დიდი ხნის განმავლობაში. ნიკეელი ბერის გარდაცვალების შემდეგ ივერიის სავანიდან, საღამო ხანს ბერებმა ზღვაზე ცეცხლის სვეტი შენიშნეს, რომლის წვეროც ცას სწვდებოდა. ამის შემდეგ ათონის მთის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ხატი გამოჩნდა. ეს აღდგომის მარხვის დროს მოხდა. ბერებმა კვლავ იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და დღის შუქზეც არ ქრებოდა. ბერებმა სცადეს, ხატს ნავით მიახლოებოდნენ, მაგრამ ხატი მათ მოშორდა. ამის შემდეგ, ბერებმა გამუდმებული ლოცვა დაიწყეს. გავიდა რამდენიმე კვირა და ხატი ნაპირზე ერთ-ერთმა ბერმა გამოაბრძანა. ეს იყო ქართველი გაბრიელ ბერი. მან სასწაულებრივად გაიარა ზღვაზე ფეხით. ეს ყველაფერი ბრწყინვალე შვიდეულში მოხდა. თუმცა სასწაულები ამით არ დასრულებულა. სამი დღის შემდეგ ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში დააბრძანეს, მაგრამ მეორე დღეს, ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე არ დახვდა. ბერებმა ის მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და ძველ ადგილზე დააბრუნეს. ეს სასწაული რამდენჯერმე გამეორდა, რის შემდეგაც, გაბრიელ ბერს ძილში ღმრთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიც და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე, ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“.

მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილასაა დაბრძანებული. ამიტომ მას „კარიბჭის მცველი“ ეწოდება. რადგან ღმრთისმშობელმა სამყოფელად ივერთა სავანე აირჩია, ხატს, ასევე, „ივერიის ღმრთისმშობელი“ ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოსის ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს.

წყარო: „კარიბჭე“, edutime.ge, ვიკიპედია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...