რელიგია

რა საიდუმლოა ნათლისღება, რატომ ჰქვია სხვაგვარად „გაცხადების დღე“ და რატომ იყო აუცილებელი მაცხოვრის გაცოდვილება კაცობრიობის სიკვდილისგან გადასარჩენად

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 27.01, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

19 იანვარი ის დღეა, როდესაც თვით მაცხოვარი მოინათლა, თუმცა, სინამდვილეში, ძირითადი აქცენტი მაინც ამ დღეს ნაკურთხ წყალზეა გადატანილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქრისტიანები, სწორედ წყლით ვინათლებით, - ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რატომ მოინათლა იესო, ღმერთი? რა საიდუმლო იმალება ამ ქმედებაში?

– 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რასაც სხვაგვარად ეწოდება „გაცხადების დღე“. ანუ ამ დღეს გაცხადდა ყველაზე დიდი საიდუმლო. როდესაც იესო გამოჩნდება, იოანე ნათლისმცემელი ამბობს, აი, კრავი ღვთისა, რომელსაც მიაქვს ჩვენი ცოდვები. იოანეს იმ დროს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველამ იცოდა, რომ ის დიდი წინასწარმეტყველი და ასკეტი იყო და, როდესაც თავად იოანე მიუთითებს ქრისტეზე, ეს ნიშნავს, რომ ხალხისთვისაა ნათლისღება საჭირო, თორემ სხვაგან მაცხოვარი ამბობს, იოანემ რომ თქვა ჩემზე, მხსნელიაო, ეს თქვენ გჭირდებოდათ და არა მე, ვინაიდან იოანე ავტორიტეტია თქვენთვის და მისი სიტყვებით ჩემთან უნდა მოსულიყავით, რომ გადარჩენილიყავით; თუ თქვენ ჩემთან არ მოხვალთ, დაიღუპებით, თორემ მე ვიცი, საიდანაც მოვედიო. ანუ ქრისტეს არ სჭირდება გარედან დამოწმება, მაგრამ გარედან დამოწმება სჭირდებოდა ხალხს, რომ იესოსთან მისულიყვნენ. იოანემ იცის, როგორც წინასწარმეტყველმა, ვის ნათლავს და, როდესაც იესო წყალში შედის მოსანათლად, იოანე შეძრწუნებული ეკითხება, მე უნდა მოვინათლო შენგან და შენ მე როგორ უნდა მოგნათლოო?! ანუ მას უჭირს ამ სიდიადის დატევა. თუმცა განბანვის რიტუალები: წყლით ცოდებისგან განწმენდის, მანამდეც ჰქონდა ებრაელ ხალხს. არის სულიერი წყალი – სიტყვა, რომელიც განბანს ადამიანის სულს, მაგრამ ფიზიკურ სინამდვილეში ასეთი ძალა წყალსაც ჰქონდა მინიჭებული. მაგრამ იოანემ იცის რა, რომ იესო უცოდველია, ადამიანურად უჭირს იმის დაშვება, რომ მაცხოვარი წყალში უნდა ჩავიდეს და უნდა მონათლოს. მაგრამ იესო ამშვიდებს: ასეა საჭირო. რას ნიშნავს „ასეა საჭირო“?! მაცხოვრის ადამიანური სხეული ადამის მოდგმის სხეულია და სწორედ ადამის მოდგმის სხეულის განსაწმედელად შედის წყალში მაცხოვარი. აი, ეს საიდუმლო აღასრულა იესომ ჩვენთვის: ის ჩვენ ნაცვლად მოინათლა. წერია კიდეც: ის გაცოდვილდა ჩვენი ცოდვით. ყველაფერში დაგვემსგავსა. იმიტომაც ჰქვია მხსნელი ქრისტეს და იმიტომაც გაწირა თავისი თავი ჩვენთვის, რომ ამ ადამიანურ სხეულში შემოსვლა არის ღმერთისგან სრული დაშორება. იესოს გარედან არ მოურგია ჩვენი სხეული და თავად მამის ბრწყინვალებაში არ დარჩენილა: მისმა ადამიანურმა სხეულმა გადაფარა მამის ბრწყინვალება. მაცხოვარი ამ სხეულში ატარებდა ცოდვის ყველა იმ სიმძიმეს, რასაც ატარებდა ღმერთს დაშორებული კაცობრიობა. მართალია, იესოს არ შეუცოდავს, მაგრამ ცოდვის სიმძიმე და ღმერთისგან დაშორების საშინელი აგონია მთელი არსებით განიცადა. მაცხოვარმა გარედან კი არ მოიცვა კაცის სხეული, არამედ თავად გახდა კაცი: ყველა შიში, ცოდვა, რითაც ადამიანი იყო დასნებოვნებული და დამძიმებული, განიცადა ამ სხეულში ყოფნით. ქრისტე გარედან არ გვასწავლის, როგორები უნდა ვიყოთ – ასეთი მორალისტები და მასწავლებლები მანამდეც იყვნენ და დღესაც არიან, რაც არ შველოდა და არც შველის კაცობრიობას. იესომ თავი დაიცარიელა, მონას დაემსგავსა, ადამიანის სხეულით შეიმოსა, იმიტომ რომ ნამდვილი ხსნა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც შედის იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის ის, ვინც უნდა იხსნას! ქართული გამოთქმები: „შენი ჭირიმე“, „შენ გენაცვალე“, ზუსტად ასახავს ამ მდგომარეობას. ანუ ჩვენი ჭირი, ჩვენი გასაჭირი, ჩვენი სიკვდილი ქრისტემ შეიყარა და ამით გაგვათავისუფლა. სწორედ ეს მოქმედებაა სასწაული, რაც მხოლოდ მადლით შეიძლება, დაიტიოს ადამიანმა. ნათლისღებაა პირველი საფეხური და ამის შემდეგ გრძელდება ქრისტეს სხვა გამოცდები და ბრძოლები. მაცხოვარი მზაობით, რომ იტვირთოს ადამიანთა ცოდვები, ჩადის იორდანეს წყალში. ქრისტემ თავის სხეულში შეიტანა და ბოლომდე ერთგულებით ზიდა ჩვენი ჯვარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო და შეეძლო, უარიც ეთქვა, ვინაიდან ეს მისგან ნებაყოფლობითი მსხვერპლი იყო და არა – იძულებითი. და სწორედ ესაა სიყვარული. წერია, ბოლომდე შეიყვარა ქრისტემ წუთისოფელიო. ბოლომდე რომ არ შეეყვარებინა, გახსოვთ, ეუბნებოდნენ, თუ ღმერთი ხარ, ჩამოდი ჯვრიდანო, შეიძლებოდა, ვერ გაეძლო და უარი ეთქვა, მაგრამ სწორედ სიყვარულმა დაათმენინა ყველაფერი უარყოფითი, რაც ადამიანებში ღმერთსგან დაშორების შემდეგ დაგროვდა. ცოდვა ისეთი რამაა, თუ ვინმემ არ წაიღო, თავს არ დაგანებებს. უხეშად რომ ვთქვათ, ჭუჭყიანი მაგიდა რომ გასუფთავდეს, ვიღაცამ უნდა გადაუსვას ტილო და მთელი ჭუჭყი ტილოზე გადადის. ანუ, თუ ვინმე თავის თავზე არ აიღებდა კაცობრიობის ცოდვებს, კაცობრიობა ცოდვაში დარჩებოდა. იმიტომ რომ სადღაც უნდა გადაიყაროს ეს ცოდვა; ვიღაცამ უნდა მიიღოს, რომ შენ გათავისუფლდე. ეს არის სიყვარულის კანონი, თავგანწირვაც ესაა. მაგრამ ქრისტესთვის ცოდვა, ხომ, არაბუნებრივი იყო, ამდენად, ხომ, წარმოგიდგენიათ მისი მდგომარეობა?! წერია: გაცოდვილდაო, ანუ თავი განიცადა ცოდვილად! აი, ამით გაიტანა ყველა ის ჭუჭყი, რაც ჩვენს ადამიანურ ბუნებაში იყო დაგროვილი ცოდვით დაცემის პირველი დღიდან. ჯვარზე გააკრა ეს ცოდვები და სიკვდილიც, რაც ადამის მოდგმას ელოდა, თავის თავზე, თავის სხეულზე დაიტეხა და ამით გაგვათავისუფლა! მკვდარი თავისუფალია და ამით მოგვცა ახალი შესაძლებლობა. ამიტომ ჰქვია ქრისტეს წყლით მონათვლას ნათლისღება, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან ნათლისღება გაიგივებულია წყლისღებასთან და იმის ნაცვლად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე, რაც ვისაუბრეთ, ამ სიხარულით ავივსოთ, მთელი აქცენტი გადატანილია წყალზე. ფიზიკურ ყოფაში მოვირგეთ ეს სიკეთეები, რაც პირველი საფეხურია, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის ნათელი, რაც ქრისტეთი შემოდის ჩვენში: ნათელს იღებს მონა ან მხევალი ღვთისა... ხომ არ ვამბობთ, წყალს იღებსო?! და რა ნათელს იღებს?! ბრმაა და დაინახავს?! არა! აი, სწორედ იმ ნათელს, რასაც გრიგოლ პალამა არამიწიერ ნათელს უწოდებს, რაც იგივე ღმერთია. ნათლისღება ღმერთის მიღების სიხარულია! ჩვენ რწმენით ვიღებთ ქრისტეს ნათელს. ანუ ჯერ რწმენაა: თუ არ გავიაზრე, მაგიური რიტუალი ხომ არ არის, წყალში ჩავიდე და ამოვიდე?! როცა რწმენით ხარ შემზადებული, ნათელი, აი, ამ რწმენას შემოაქვს და შემდეგ, როცა გათავისუფლების სიხარული მოდის, წყალში ვეშვებით ამის დასტურად და განსამტკიცებლად. თუ მთელი გულით გწამს, აი, მაშინ აქვს წყალს ძალა და მთელი გულით რწმენა, სულაც, არაა ადვილი. გულში თუ ნათელი, ცოცხალი სიტყვა არ შემოვიდა, ისე არ ირწმუნებს! დღეს კი, რატომღაც, ნათლისღებას რომ იტყვი, მაშინვე მოდის წყალკურთხევა. რა თქმა უნდა, ჯვარიც უნდა ვატაროთ, წყალში უნდა მოვინათლოთ და ნაკურთხი წყალიც გვქონდეს, მაგრამ ნათლისღების საიდუმლო ჩემს გულში ნათლის შემოსვლაა. სულის ნათელია უმთავრესი, რაც ქრისტეში რწმენით მოგვეფინება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი