რელიგია

რა მისია აქვს ქართველ ერს მეორედ მოსვლისთვის

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.06

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ერთი მხრივ, დარწმუნებულები ვართ, რომ ღვთის რჩეული ერი ვართ, მეორე მხრივ კი, ყველასგან ველით ხსნას, გარდა ღმერთისა. ერთი მხრივ, თავს ქრისტიანებად მივიჩნევთ, მეორე მხრივ კი, უმეტესწილად, ველური წარმართებივით ვიქცევით. რატომ ვერ ვახერხებთ, ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, ფუნქცია და, გნებავთ, მისია ამ სამყაროში? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– თითქოს ისეთ ჩიხში ვართ, რომ გამოსავალი არ არსებობს. როგორ ვიპოვოთ?

– აზრი არ აქვს. ველოდოთ, რომ აი, მთავრობა რაღაცას იზამს, საპატრიარქო გამოსცემს რაღაც დეკრეტს ან, თუნდაც, ღმერთი ჩამოვა და გვეტყვის, როგორ უნდა მოვიქცეთ. მან ყველაფერი მოგვცა და იქნებ ჩვენ დავიწყოთ იმით, რომ დავსვათ კითხვა: რა ვქნათ?! „საგონებელი შეექმნა, დადგა საქმის მრჩევლად“, – აი, ეს არის პირველი წერტილი, აქედან იბადება სამყარო. ანუ სამყარო იბადება იმ წერტილიდან, როდესაც ჩერდები: გაჩერდით, გაუქმდით და იხილავთო, ამბობს მაცხოვარი. ჩვენ კი იმდენად ვართ მთვრალი ილუზიებით, რაც მოგვისმენია, წარმოგვიდგენია, რომ ეჭვიც არ გვეპარება, ყველაფერი ვიცით: პოლიტიკა, რელიგია, ცხოვრება... გაბრუებულები ვართ ამ ყველაფრით და ვიმეორებთ. ქრისტიანები ვართ, უძველესი ერი ვართ და ვტრიალებთ წრეზე. როგორ წავართვათ თავი ამ წრეზე ტრიალს?! და ეს არის ის, რაც ქრისტემდე მიგვიყვანს. ქრისტეში გარღვევა მოხდა და მაცხოვარი ახლა შენ და მე გვიყურებს: როდის მოხვალთ გონს, ანუ მოხვალთ ჩემთან?! ვიცით, რომ გონს მოსვლა გახსენებაა, ოღონდ ვიცით კი, სად მივდივართ?! სად მივყავართ ამ პოლიტიკას, სამუშაოს, ბიზნესს?!

ეს რომ გავარკვიო, უნდა ვიცოდე: საიდან მოვდივარ, სად ვარ ახლა და რა უნდა ვაკეთო. თუ იცი, ხომ კარგი, მაგრამ, თუ არ იცი?! და მე პირდაპირ ვამბობ: არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ აქედან უნდა დავიწყოთ. უნდა დავარღვიოთ ის მოდელები, რომლებიც გვაქვს. ყველა ქართველი დაღდასმული ვართ ჭარბი ეგოთი და, თუ შევძელით, საგონებელში ჩავვარდეთ, გვეშველება. რას ნიშნავს შველა?! ჩვენ ვამბობთ, რომ შველა არის ევროპა; შველა არის „ნატოში“ შესვლა; მეორე მხარე ამბობს, რომ შველა არის რუსეთი, მესამე ნაწილისთვის შველაა პროქართული პოზიცია; მეოთხე ნაწილი ამბობს, შველაა პატრიარქი და ეკლესია; მეხუთე ნაწილი ამბობს, შველაა „ქართული ოცნება“, ვიღაცისთვის შველაა „ნაციონალური მოძრაობა“... ანუ ყველა თითი გარეთაა გაშვერილი. მეტიც, დავუშვათ, გავძეხით ყველანი, ისეთი ხელისუფალი დავსვით და ამ გამძღარ ხალხს რა ფუნქცია გვაქვს?! ამ კითხვას არავინ სვამს. ან თუ სვამს, იქვე ასეთ პასუხს სცემს: ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ და ევროპა სად წავა?! ევროპას, ხომ, უკვე გამოუტანეს განაჩენი, დაბერდა, განახლება სჭირდებაო და ევროპა, იქნებ, შენგან ელის დახმარებას?! სხვათა შორის, ეს მისია არ არის ამპატავნება და ამბიცია იმ წიაღში, რომელშიც „ვეფხისტყაოსანი“ შეიქმნა, სადაც მთელი სამყაროს პანო და ლანდშაფტია გადაჭიმული. ერი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დაბადა, სულაც, არ არის პარტიკულარისტი, ვიწრო ნაციონალისტი, ვიწრო რელიგიური. არც ერთი რელიგიისა და ეროვნების სახელს არ ახსენებს შოთა, ქრისტესაც კი არ ახსენებს! არაბია ავთანდილი და ამ დროს წერს, ტკბილქართულად მოუბარიო. აერია შოთას?! გაეპარა შეცდომა?! დაავიწყდა, რომ ავთანდილი არაბია და ვერ გადაასწორა?! მაშინ რატომ დაწერა?! „უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.“ - აი, ვინ არის ავთანდილი, ჩემი მაძიებელი სული. ის უცხო ადგილებში დადის, ყველაფერს იკვლევს, იძიებს, მგზავრებს ემოყვრება და მგზავრები ვინ არიან?! გამოცდილება! უცხოებს ეშმაკებს კი არ უწოდებს, არამედ, როგორც ფუტკარი ყვავილებისგან, იკრებს გამოცდილებას და მიდის ტარიელთან და ნესტანთან. აი, ამითაა დაღდასმული ქართული ცნობიერება და, შესაბამისად, ჩემთვის - ტერმინი „ქართველი“. ქართველი ტომი ხომ ცალკე არ არსებობს?! ქართლელები, მეგრელები, ხევსურები, კახელები, იმერლები, აჭარლები, გურულები და ასე შემდეგ არსებობენ და ქართველი არის ამათი ნაკრები. ისევე, როგორც ხილია ვაშლიც, ატამიც, მსხალიც, მაგრამ, აბა, ცალკე ხილი მაჩვენე, რომელიც არც ვაშლია, არც მსხალი და არც ატამი?! ზუსტად ასეა ქართველიც და ეს საოცარი ფენომენია, რაც დიდი მასშტაბით გაშალა რუსთველმა, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე... ამდენად, ჩემთვის ქართველი არ არის მხოლოდ ეროვნება, მასში უფრო დიდი რამ დევს და იქნებ მართლაც ვინახავთ რაღაც საუნჯეს?! ეს რომ დღეს ნეოლიბერალმა გაიგოს, შეიძლება, თქვას, რა მიჯაჭვული ამირანი, რა ავთანდილი და რა ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში მწოლიარე ყრმა, ეს ზღაპრებიაო, არადა ეს ისეთივე ხაზია, როგორც ებრაელებს ჰქონდათ – უწყვეტი ხაზი და მათ დაბადეს მესია. იქნებ მეორედ მოსვლისკენ მისია აქვს პატარა ქვეყანას, საქართველოს, რომელიც ებრაელობას ძალიან ჰგავს უკვე – ისტორიით, ბრძოლებით?! რჯულს შეაკვდნენ ისინი და ამ რჯულმა დაბადა მესია.

ილია გავიხსენოთ: „იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი?“ ჰაერზე დაწერა?! გამოიგონა?! აქ არ იგულისხმება ფიზიკური ყრმა. ეს არის ცნობიერების გაელვება და იმ ალში შევდივართ ყველანი. აკვანში წევს, იმიტომ რომ ჯერ გამოზრდა უნდა და მას ჩვენი ცრემლებით ვზრდით, ტბის ძირას კი იმიტომ, რომ დავიწყების მორევშია. ჩვენმა ცრემლებმა შექმნა ის ტბა და მის შიგნითაა მისი ხსოვნა, ვინც დაგვავიწყდა. საგონებელში ჩავარდნა კი ამის გამოხსენებაა. ისაა, რაც ქეთოს დაემართა. რამდენ რამეს აჩვენებენ ქეთოს დედა და მამა იმის დასტურად, რომ მათი შვილია, მაგრამ ქეთო უკვე ლეკია, დაავიწყდა, ვინც არის სინამდვილეში და, ბოლოს, „იავნანამ“ ჰქმნა ის წკაპი, რამაც ქეთოს გაახსენა, ვინც იყო. რაც მანამდე ნახა, აქამდე მიმყვანი იყო, მაგრამ ვერ ეყო გასახსენებლად და იქნებ იმ დიდი გახსენებისკენ მივდივართ ჩვენც და ქართველობა ის დიდი გახსენებაა, რითიც, ბოლოს, იესოს მისია დასრულდება?! ჩვენ ვართ იესოს გახსენება და იესოსგან გვასხვავებს ჩვენი დავიწყების კონდიციები და მრავალგვარობები, რომლებითაც გადაფარულები ვართ, მაგრამ ყველანი მივდივართ დიდი გახსენებისკენ და აქვე ისიც ვთქვათ: ქართულში გახსენება რომ ხსნაა?! მიხსენი, გამახსენე, ამიხსენი! და ბერძნული ენაც ამავეს ადასტურებს: „ალეთოს“ – არდავიწყება, ჭეშმარიტება გახსენებაშია.

და ვინ ვიქნებით ჩვენ, თავს რომ გავიხსენებთ?! იესოა ჩვენი გახსენება, უბრალოდ ჩვენ ამისკენ მივდივართ გახსენებებით და ეს პროცესია. კაცობრიობა ბოლოს აუცილებლად მოვა გონს, გაიხსენებს, ვინ არის, საიდან მოდიოდა ის ერთი ადამი, რომელიც გზაში დაიღალა, მაგრამ გადაფარვების საბურველს გამოარღვევს და საბურველის გამორღვევაა „აპოკალიმა“. წუთისოფელია დაბურულობა და ბოლოში ვიღებთ ფარდის გადახსნას, ანუ კაცი შედგა! შედგა კიდევ რას ნიშნავს?! მიდიოდა, გახსენებისკენ მიდიოდა და შედგა – იმიტომ რომ წასასვლელი აღარ აქვს. სადღა უნდა წავიდეს?! დრო და სივრცე შიგნით შემოვიდა, მანამდე კი მე ამას ვატარებდი, როგორც პოტენციალს. ყველა გამოცდილება, რომელიც ჩემამდე მოვიდა, გამომადგა იმისთვის, რომ გამეხსენებინა და კაცად შევმდგარიყავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული