რელიგია

რა იარაღი ამარჯვებინებს ქრისტიანს თავსმოხვეულ იდეოლოგიებთან ბრძოლაში

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 13.06

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ადამიანებს და მათ შორის, მორწმუნე ადამიანებსაც დაცვა იმის, რაც მათთვის ფასეულია, როგორც წესი, ფიზიკურ დაცვად წარმოუდგენიათ. პირადად მეც ხშირად მომისმენია, არავის აპატიებენ სარწმუნოებისა და ეკლესიის შეურაცხყოფას და ამ არპატიებაში, რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალის გამოყენებაც იგულისხმება. სინამდვილეში, რა არის ქრისტიანის ერთადერთი იარაღი, რომელიც მას აუცილებლად გაამარჯვებინებს? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– დღევანდელ სამყაროში და, ბუნებრივია, ჩვენთანაც, მოძალებაა გაუგებარი ლიბერალიზმის, ადამიანს შეუძლია, იყო ის, რაც გაუხარდება; თითქოს ყველაფერი ნებადართულია, არადა, ბევრი რამ, მართლაც, მიუღებელია. როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი ასეთ დროს?

– ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვენდობით მას, ვის ხელშიცაა მთელი სამყარო. ნებისმიერ ქმედებას, დამოკიდებულებას, პატრიოტიზმსაც წინ უნდა უსწრებდეს ქრისტეს ერთგულება და მხოლოდ ამის შემდეგ იმარჯვებ შენ და ეს ბრძოლა, მით უმეტეს, როდესაც იდეოლოგიას ებრძვი, არ არის ფიზიკური, არამედ აჩვენებ უკეთესს, სიმშვიდეს, მოთმინებას, სიყვარულს, რწმენას. შესაბამისად, უნდა დავუბრუნდეთ ნამდვილ ქრისტიანულ ცხოვრებას. ხოლო პრობლემა იმიტომ გვაქვს, რომ იქ არ ვართ ჩასული, სადაც ნამდვილი ძალაა. მოდი, ვნახოთ, რას წერს ამის შესახებ პავლე მოციქული: და ბოლოს, ძმანო ჩემნო, გაძლიერდით უფლის მიერ და მისი სიმტკიცის ძალით. შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა, რათა შეგეძლოთ, წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით არა სისხლისა და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნის მპყრობელთა და ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ.

და როგორ უნდა ებრძოლო ამ სულებს?! ჰაერს რომ მუშტი დაარტყა, ავნებ რამეს?! ვერ ავნებ! საქმეც ის არის, რომ ქვეყნის მპყრობელთა და ბოროტების ზეციურ სულთა ძალისხმევით, დაუბნელდა თვალი მათ, რომლებშიც გაჩნდა სრული განდგომილება. როდესაც ადამიანი გაიგივებულია მხოლოდ სხეულთან, თავისუფლება გაიგივებულია მხოლოდ სხეულისთვის სიამოვნების მინიჭებასთან. დაიკარგა ღირებულება, ამ სივრციდან ქრისტე გაძევებულია, იმიტომ რომ მთავარია, როგორ ვიცხოვროთ და არა – რისთვის ვიცხოვროთ და თავისუფლებად მიჩნეულია ვნებების გამოხატვა. როგორ უნდა მოვერიო ამას?! უნდა ვაჩვენოთ უკეთესი: ჯვარცმული სიკეთე, სიყვარული და მადლი, ანუ იმაზე დიდი უნდა მისცე ადამიანს, რასაც სხეული აძლევს. თუ ეს არ აჩვენე, ფიზიკურად როგორ გააჩერებ?! პავლე მოციქული, ასევე, ამბობს: სულიერ ბრძოლას სულიერი სიმტკიცით უნდა დაუპირისპირდეო, ანუ უფრო დიდ იარაღს გვაძლევს და რა იარაღია ეს?!

აქვე ვიტყვი, „მთავრობათა და ხელმწიფებათა“ არ არის ფიზიკური მთავრობა ან ხელმწიფეები. იგულისხმება ის, რაც ქმნის ცოდვას, ქცევის მოდელებს, რომლებსაც აგრესიულად გახვევენ თავს. თორემ თავისთავად ლიბერალიზმს რა ჯობია?! შემწყნარებლობა და ტოლერანტობა ქრისტეზე უკეთ ვინ იცის?! სამყარო მრავალფეროვანი სივრცეა და ადამიანებმა უნდა შევძლოთ თანაცხოვრება, რადგან როგორ აუკრძალავ ვინმეს, ისე გამოავლინოს თავისი თავი, როგორც წარმოუდგენია და უნდა?! რომც აუკრძალო, შედეგს ვერ მიიღებ. ამიტომ რადგან მტერი ასეთია, პავლე მოციქული განაგრძობს: აღმართეთ ღმრთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინ აღდგომა და ყოველის მძლეველნი კვლავ მტკიცედ იდგეთ. მაშ, აღიმართეთ. შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით, ჩაიცვით ფერხთ მზადყოფნა მშვიდობის სახარების საქადაგებლად. ანუ გვეუბნება, არა დასანგრევად და ფიზიკური ძალის გამოსაყენებლად, არამედ მშვიდობის დასამყარებლადო. რას ნიშნავს წადით?! კანიბალებთან მიდიოდნენ თომა მოციქული, ანდრია მოციქული. კაციჭამიებთან შედიოდნენ და მოაქცევდნენ მათ და რით?! რა მიჰქონდათ?! ხელში არაფერი ეჭირათ, არც ფიზიკური ძალა ჰქონდათ. შესაბამისად, დღესაც დავახვედროთ ამათაც უმჯობესი – ანუ სიყვარული, ჯვარცმული სიყვარული, ჩვენი სიდიადე, ჩვენი ერთად ყოფნა და ვერავინ მოგვერევა, პირიქით, იქით მოვაქცევთ.

ისევ პავლე მოციქულს დავუბრუნდეთ: უწინარეს ყოველისა იპყარით რწმენის ფარი (აი, რა დაგვიცავსო), რომლითაც შეძლებთ, უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას. ცეცხლოვანი ისრებია, რაც გარედან შემოდის – იდეოლოგიები, რომლებსაც თავზე გვახვევენ, ანუ ამათ რწმენის ფარი დაახვედრეთო, გვეუბნება პავლე მოციქული. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი (ჩაჩქანი იმისთვის, რომ თავი არ დაგიზიანდეთ) და სულის მახვილი, რომელიც არის სიტყვა ღმრთისა (ანუ დაუპირისპირდით სიტყვითო). რას ნიშნავს ეს?!

რომ მოდის და გეუბნება, ქრისტე მამათმავლებს იწყნარებსო, სიტყვით უთხარი, აქ სხვა რამ წერია და აჩვენე, რაც წერია: რომ გეუბნება, ასე და ასე წერია ბიბლიაშიო, შენ ეუბნები, რომ სხვაგვარადაა და აჩვენებ, როგორცაა. მის ყოველ სიტყვას შენი რწმენის ფარი უნდა დაუხვედრო. მეტიც – მოგკლავს?! უნდა მოკვდე!

მოდი, ვთქვათ გულახდილად, ისეც შეიძლება, მოხდეს, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენთვის მიუღებელი და არაქრისტიანულია, დაკანონდეს. მაშინ როგორ ვიქცევით?! ფიზიკურად ვუპირისპირდებით?! ფაქტია, ძალით ვერც მოვერევით. გავიხსენოთ, როგორ ვრცელდებოდა ქრისტიანობა: მათ დევნიდნენ, ისინი საკუთარ შვილებს ეფარებოდნენ და რწმენით ცხოვრობდნენ. თავად ქრისტემ არ გვითხრა, ჩემ გამო დევნილები იქნებითო?! მე საკუთარ თავზეც გამოვცადე ეს: ისტორიკოსი ვარ და სკოლაში ვასწავლიდი ისტორიას, ანუ ათეიზმს და, როდესაც ქრისტე ვიწამე, აღარ შემეძლო სიყალბის სწავლება, ამიტომ სკოლა მივატოვე, ვეღარ ვასწავლიდი ათეიზმს, რისიც აღარ მჯეროდა და ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი მარგინალი, მაგრამ უბედნიერესი ადამიანი: ჩემი შვილიც რწმენით გავზარდე; ჩემი რწმენა და სიყვარული ყველას გადავდე და ბოლოს, ყველა მიხვდა, რაც გავაკეთე და აქეთ მცემდნენ პატივს, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში თითით მიანიშნებდნენ ჩემზე და არავინ მეკარებოდა. ამდენად, მხოლოდ ასე თუ დაიცავ რწმენას და არა ძალითა და ფიზიკური კანონებით. შეიძლება, სახელმწიფომ არ დაგიცვას კანონებით, არ აკრძალოს სხვადასხვა იდეოლოგია, პირიქით. შეიძლება, დამკვიდრდეს და გავრცელდეს ის, რაც მიუღებელია, მაგრამ ქრისტიანმა უნდა აისხას ის შეიარაღება, რასაც პავლე მოციქული ჩამოთვლის. დარწმუნებული ვარ, ვინც თავსმოხვეულ იდეოლოგიებს უპირისპირდება, ყველას სიკეთე უნდა, მაგრამ მათ სწორი იარაღი სჭირდებათ ამ ბრძოლაში. ასეთი ბრძოლები ფიზიკური იარაღით არ მოიგება. ასეთ ბრძოლებს მხოლოდ ერთადერთი იარაღი იგებს – ჯვარცმული სიყვარული!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული