რა დიდ მიზანს ემსახურება ბავშვებისა და წმიდანების ფიზიკურად შეწირვა და რა შემთხვევაში სცოდავენ მათი სულების წინაშე ცოცხლად დარჩენილები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 31.08

მართალია, ადამიანები, ჩვეულებისამებრ, ვფიქრობთ ხოლმე, რომ, რაც ცუდი ხდება, მათ შორის, სიკვდილი, ეშმაკეულია, მაგრამ საბოლოო სიტყვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთისაა და ყველაზე დიდი ბოროტრების მიღმაც კი უდიდესი სიკეთე იმალება. ადამიანებს გვიჭირს ამის გააზრება და მიღება, იმიტომ რომ ტკივილი აუტანელია. წუთისოფელში ნებისმიერი განსაცდელი და მსხვერპლი გონს მომყვანი საშუალებაა, მაგრამ, თუ საპასუხოდ, ადამიანები უფრო ბოროტდებიან, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარი გაიაზრონ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– თუ ადამიანი ახლობლის, სხვა ადამიანების მოულოდნელ დაღუპვასაც ვერ მოჰყავს გონს, თუნდაც, როგორც ახლა ხდება, ისევ ერთმანეთს ვჭამთ გლოვის ნაცვლად და ვითომ გლოვის პარალელურად, ამის მერე რაღაა?
– როგორც წესი, ძალიან განვიცდით ხოლმე ომის, გენოციდის მსხვერპლების ბედს, როდესაც უამრავი ადამიანი იღუპება, მაგრამ ერთი ბავშვი, მეწყერში მოყოლილი, არანაკლები უბედურებაა, ვიდრე ყველაზე დიდი უბედურებები, რაც ასეთი ფორმით მომხდარა სამყაროში. თუ იმან, რაც მოხდა, თითოეული ჩვენგანი გონს არ მოგვიყვანა და არ დაგვაფიქრა, არ ჩამორეცხა ჩვენგან ის ყველაფერი, რაც წყენითაა შექმნილი, მაშინ ჩვენ იმ დაღუპული ბავშვების, ადამიანების სულების წინაშე ვცოდავთ. ესე იგი, მათმა მსხვერპლმა შედეგი ვერ გამოიღო. წმინდა მამებიც ასე გვასწავლიან: ბავშვების, წმინდანების სიცოცხლე, რომლებიც ფიზიკურად ეწირებიან, ასუფთავებენ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვრჩებით. იმ სიცარიელეს, რაც მათი წასვლის შემდეგ დარჩა, შემოაქვს ნათელი და გვწმენდს, ისევე, როგორც იესოს ჯვარცმითა და ტანჯვით ჩვენში ნათელი შემოიღვარა. ამით მართლდება ტანჯვა. სხვანაირად მას გამართლება არ აქვს. ჩვენ პასუხს ვაგებთ მათი ტანჯვის წინაშე. განგებამ მათი ტანჯვა დაუშვა იმისთვის, რომ შედეგად ჩვენ განვიწმინდოთ; რომ ერთად დავდგეთ ამ ჭირის დროს და ყველამ ჩვენს თავზე ვიწვნიოთ მომხდარი, ვთქვათ, ჩემი ბრალიც არის. რატომ არის?! იმიტომ რომ სამყაროს არ ვურიგდები, არ ვმაღლდები ჩემს წყენებზე; მოყვასის სიყვარულის ნაცვლად სიძულვილსა და განკითხვაში ვცხოვრობ და, როდესაც უბედურება ხდება, ამან თუ არ შეგვაშფოთა, თუ არ დაგვაკარგვინა განკითხვის, ზიზღის ძალა და რიხი, თუ არ მიგვახვედრა, რომ ვცოდავთ, ამაო ყოფილა მსხვერპლი. ერთმანეთს ვჭამთ ამ პატარა, ლამაზ ქვეყანაში და იქნებ მათი სისხლი და ტანჯვა უფალმა დაუშვა, რომ ჩვენში ნათელი შემოსულიყო; ისინი შეეწირნენ ამ ნათლის შემოსვლას ჩვენში, როგორც იესო შეეწირა ცოდვილ კაცობრიობას; როგორც მებრძოლი შეეწირება ომში. აი, ასე უნდა შევხედოთ და არა, როგორც შემთხვევით მომხდარ მოვლენას. შემთხვევით არაფერი ხდება, ამას უკვე მეცნიერებაც გეუბნება, ამდენად, ყველაზე დიდი პატივი, რასაც მივაგებთ გარდაცვლილებს, იქნება საქართველოს გონს მოსვლა. როცა ასე არ ხდება, მაშინ ისინი შეურაცხყოფილები არიან, მათი სულები ჩათვლიან, ვერც ჩვენი მსხვერპლი, ჩვენი ტანჯვით სიკვდილი ეყო იმას, რომ საქართველო გონს მოსულიყო. გემახსოვრებათ, თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებამდე გია აბესაძემ თავი დაიწვა და პირდაპირ თქვა, იქნებ ამან მაინც გონს მოგვიყვანოსო, მაგრამ ვერა! ვერც ახლა მოვდივართ გონს: ისევ სხვებისკენ ვიშვერთ თითებს. როდესაც დამნაშავეებს ვეძებთ გარეთ და ყველას განვიკითხავთ, გამოდის, რომ ეს მსხვერპლი საკმარისი არ ყოფილა, თუნდაც, გლოვის დღე გამოაცხადო, თუ მანამდეც ერთმანეთს ვლანძღავდით და მერეც ვლანძღავთ, რა ფასი აქვს?! გლოვის დღემ კვალი უნდა დატოვოს ჩემში. იქნებ, რაც მოხდა, იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ შორის ასეთი დაპირისპირებაა?! სანამ ვიტყვით, რომ ეს ბუნების კანონებია ან ვინმეს ბრალია, უსასრულოდ დატრიალდება ჩვენი ჯოჯოხეთი და უფრო დიდი და დიდი განსაცდელებიც დაგვატყდება თავს. ადრეც ვთქვით, ღმერთი ვლინდება ორი სახელით: ელოხიმ და აშემ. ელოხიმია ღმერთის ზემოქმედება ბუნებრივი, ადამიანის მიერ შექმნილი ზნეობრივი და სახელმწიფოს სამართლებრივი კანონებით. ამით იმართება წუთისოფელი. ეს ის დონეა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ჩვენ ვაიძულებთ ღმერთს, რომ თავისი კეთილშობილური ბუნება და სიყვარული ამ ფორმით გამოხატოს. მამას, რომელიც სჯის შვილს, გულში ცრემლები ეღვრება, მაგრამ იძულებულია, შვილი აიძულებს, რომ მკაცრად მოიქცეს. შესაბამისად, ის კანონი, რაც აქ მოქმედებს ბუნებაში, იგივე მოსიყვარულე ღმერთია, ვინც ჯერჯერობით ასეთი მკაცრი სახით გველაპარაკება, იმიტომ კი არა, რომ მას უნდა, იმიტომ რომ სხვა ენა ჩვენ არ გვესმის. ამდენად, ელოხიმის მკაცრ ხელებში იმიტომ კი არ ვიმყოფებით, რომ ღმერთს ასე უნდა, უბრალოდ, ჩვენ არ გვესმის სხვანაირად, ამიტომ უნდა მივუხვდეთ და ნელ-ნელა ავიდეთ იმ ერთ მოსიყვარულე ღმერთამდე, ვისაც უნდა, რომ გულში ჩაგვიკრას. ამიტომაც ვამბობ, ყველა ჯერზე, როდესაც განსაცდელებს უშვებს განგება, მიზანი ჩვენი გამოფხიზლებაა, რომ გონს მოვიდეთ და ერთიანობისკენ წავიდეთ. ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არათუ ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები, მთელი კაცობრიობა უკვე ერთ ნავში ვსხედვართ, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება გადიდდა. დადგენილია, რომ მეთვრამეტე საუკუნეში ადამიანების 80 პროცენტი კვდებოდა თავისი სახლიდან 40 კილომეტრის რადიუსში და არც კი იცოდა, თუ იმის იქით რამე იყო. და დღეს, როდესაც დედამიწა ავითვისეთ, ატომის გულამდე ჩავედით, კოსმოსის მიღმა გავედით, არ დადგა ჟამი, რომ ერთიანობის განცდა შემოვიდეს?! ნუთუ, ამ პატარა ქვეყანაში ასეთი ტრაგედია ისე უნდა მოვინელოთ და ხვალიდან ძველებურად გავაგრძელოთ ცხოვრება?! მადლობა ღმერთს, არიან ადამიანები, რომელთა სულში ძვრებიან, იღვიძებენ და მომხდარს ხედავენ, როგორც ღმერთის უკიდურეს დაშვებას, იქნებ როგორმე გონს მოვიდეთ და სიყვარულში გავმთლიანდეთ. საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ისე უყურებენ მომხდარს, როგორც ჩვენ. ისინი შეიძლება, არ ჩანან ტელევიზორებში, არც სტატუსებს წერენ, მაგრამ თავიანთ გულებში მიაქვთ საქართველოს ტკივილი. საქართველოსი, ერთიანი უფლის წყალობითა და მის განდიდებისთვის შექმნილის. საქართველო ის ადგილი კი არ არის, სადაც ჩვენ ვიბადებით და ვიხოცებით, არამედ ის ადგილია, სადაც ადამი გონს უნდა მოვიდეს; შეუერთდეს თავის შემოქმედს, შეურიგდეს მას; სადაც სხვებს კი არ განიკითხავენ, ამთლიანებენ თავიანთ თავს საქართველოსთან. მეტიც, ადამი მე ვარ. უბრალოდ, კიდევ დროა საჭირო, რომ ამის დამნახავი ადამიანების კრიტიკული რაოდენობა გაიზარდოს და გაძლიერდეს და ამის მისაღწევად, ალბათ, კიდევ იქნება განსაცდელები. და როგორც კი ეს რაოდენობა კრიტიკულ სიმკვრივეს მიაღწევს, დაიწყება განათება. არ არის აუცილებელი ყველას ერთიანად გამოფხიზლება, ამ კრიტიკულ რაოდენობას შეუძლია, შეცვალოს გარემო. ეს ფიზიკის კანონიცაა და 100 მაიმუნის ცნობილ ექსპერიმენტს გაგახსენებთ, როგორც კი მეასე მაიმუნმა გარეცხა კარტოფილი, მთელ მსოფლიოში ყველა მაიმუნმა დაიწყო კარტოფილს გარეცხვა. აქედანაც ჩანს, რომ ერთი ორგანიზმია სამყარო. სწორედ ეს გააკეთა იესომ: ერთმა აიღო თავის თავზე კაცობრიობის ცოდვები და გამოისყიდა. არც ერთი წვეთი სისხლი, არც ერთი ტკივილი, რომელიც დაშვებულია ცალკეულ ოჯახსა თუ ადამიანის პირად ცხოვრებაში, უკვალოდ არ გაქრება. თავის შედეგს მაინც გამოიღებს და ერთხელაც მართლაც გონს მოვალთ. მივხვდებით, რომ ერთი ქვეყნის, ერთი მამის შვილები ვართ; ერთი ადამი ვართ და დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. ამ მიხვედრას აჩქარებს ყველაფერი, რაც გარედან ხდება: ომები თუ სტიქიური უბედურებები. უნდა ვეცადოთ გონს მოსვლას, რომ ეს ჯოჯოხეთი უსასრულოდ არ გაგრძელდეს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...