რელიგია

რა დატვირთვა აქვს ეკლესიას ადამიანისთვის და რატომ შემორჩა ის კაცობრიობას 2000 წელია

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 19.09

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეკლესიაში სიარული არ სჭირდება. მეტიც, ზოგი უფრო შორს მიდის და დარწმუნებულია, რომ ოცდამეერთე ტექნოლოგიურ საუკუნეში ეკლესია მოძველდა. რატომ იყო და არის მნიშვნელოვანი ეკლესიის არსებობა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– რიტორიკული კითხვა უნდა დავსვა, რა დანიშნულება აქვს ეკლესიას ადამიანისთვის?

– მართლმადიდებლობა ეს არის 2000-წლიანი გამოცდილება, მოხვეჭილი სისხლით, ოფლითა და ცრემლით, თუმცა გარედან არასრულყოფილებებით გადაფარული. ეს ყოველთვის ასე იყო. მაგალითად, იუდეური რელიგია, რომელიც, თავის დროზე, ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია იყო და რომელსაც თავის წიაღში მესია უნდა ეშვა, ქრისტეს დროს ძალიან იყო დეგრადირებული, პოლიტიზებული, ზერელე, ფარისევლობით სავსე. ადამიანურად, ჩვენი ეკლესიაც არ არის სრულყოფილი და ვერც იქნება, მაგრამ ეკლესია იტევს ამას, იმიტომ რომ სიღრმეში, თავის ნამდვილ გაგებაში, ის არის ღმერთკაცობრივი სხეული და უწყვეტად ინარჩუნებს ამას. მე არ ვეხები არც ერთ სხვა რელიგიას, მე ვლაპარაკობ მართლმადიდებლობაზე, როგორც მოძღვრებაზე. ავიღოთ ნებისმიერი მცენარე: თუ არ გაითვალისწინებ, როგორ მოჰყავდათ, ვერ გაახარებ. რატომ არის საქართველო ვაზის ქვეყანა? იმიტომ რომ აქ არის ვაზის მოყვანის ყველაზე დიდი ტრადიცია და რომელიმე გლეხმა დღეს ნულიდან, თავისი ჭკუით რომ დაიწყოს ვაზის გახარება და არ გაითვალისწინოს გამოცდილება, გამოუვა რამე?! შესაბამისად, მე ვლაპარაკობ ქრისტეს გაგების ტრადიციაზე, რომელიც მოჰყავს მართლმადიდებლობას: როგორ სწამდათ? რა არის მართლმადიდებლობის კრედო? მთავარი მესიჯი? – რაც დაითესა პირველი რწმენით, იმის მიღება ბოლოში, ანუ ღმერთკაცობრივ სხეულამდე ადამიანის ამაღლება. ეს ტექნოლოგიაა, ერთგვარი აგროტექნიკაა. ამის დიდი გამოცდილება დევს ეკლესიაში და თუ გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, წაგვადგება. თუ არადა, არავის ეწყინოს, მაგრამ, რომ ამბობენ, ჩემთვის მხოლოდ „სახარება“ არსებობსო, ცოტა გაუგებარია. „სახარება“ ხომ ეკლესიამ შეკრიბა და მიიღო?! ქრისტეს ჩვენთვის „სახარება“, ტექსტი კი არ დაუტოვებია, არამედ მან დატოვა ეკლესია – ცოცხალ ადამიანთა საკრებულო და იმ ცოცხალმა ადამიანებმა თავიანთ კრებებზე შექმნეს „სახარება“, ამისკენ ნელ-ნელა მოდიოდა ეკლესია. ამდენად, თუ პირდაპირ „სახარებაში“ ჩახვალ, მეტი არავინ მჭირდებაო, მას ყველა ისე გაიგებს, როგორც ესმის. გასაგებია, რომ „სახარებაში“ ქრისტეზეა ლაპარაკი; გასაგებია, რომ რწმენასაც მიიღებ, მაგრამ ერთია ცოცხალი რწმენის მიღება და მეორე – მისი გამოზრდა: რისთვისაა ეს რწმენა, როგორ უნდა შევინახო და შევინარჩუნო?! ამიტომ აქვს მართლმადიდებლობას გამოკვეთილად ჯვრის მოძღვრება. რა არის ჯვარი? საკუთარ ეგოსთან ბრძოლის მოდელი; ტექნოლოგიაა, როგორ უნდა ამოიზარდო ეგოდან და დადგე განღმრთობის გზაზე. იუდეველებიც ასე არიან – უწყვეტად მოდიან. სხვათა შორის, ინდუსებიც და ამის გამოხატულებაა გურუების ხელდასხმები. არც მათი სწავლებაა ჰაერზე, აბა, ვინ როგორ გაიგებს, ისინიც გამოცდილებებით მოდიან. ამიტომ არ შეიძლება, ასე უცბად ყველაფრის გადახაზვა, რომ აი, მე თავისუფალი ვარ და როგორც მინდა, ისე გავიგებ „სახარებას“, თუმცა აქაც თავისუფალი ხარ, როგორც გინდა, გაიგე, უბრალოდ, ეკლესია გირჩევს, როგორ ჯობია, რომ გაიგო. არსებობს კი სფერო, რომლის შესწავლასაც ნულიდან იწყებ?! არაფრისგან როგორ ისწავლი?! მართლმადიდებლობაში, უპირველესად, ვგულისხმობ მამათა მოძღვრებებს, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს ქრისტემდე და ამ გზაზე ვერავინ გააჩერებს, ვერანაირი ავტორიტეტი. ქრისტე ყველა ავტორიტეტის მიღმაა. მართლმადიდებელს უნდა ჰქონდეს მორჩილება, მაგრამ ნებისმიერს, მღვდელი იქნება თუ უფრო მაღალი საეკლესიო იერარქი, შეგიძლია, წინააღმდეგობა გაუწიო, თუ შენს ზრდას ხელს შეუშლის. ქრისტეც გეუბნება: ეძებე და იპოვიო. ანუ ჭეშმარიტება სუფთა სახით არსად არაა დადებული, ის უნდა იპოვო ძიებებით, გარისკვით... მეორე მხრივ, გვაქვს ხელდასხმული: ტაძარი, სასულიერო პირები, იერარქები, ისიც კი არის ცნობილი, ვის დაასხეს ხელი მოციქულებმა, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ქრისტე რომ მოდის, მას მთელი იერარქია ხვდება, რომლებიც აბრაამიდან, მოსედან მოდიოდნენ; ისინი არიან ერთადერთ ჭეშმარიტ ტაძარში. იმ დროს მათთან მიდის, მათი შეფასებით, ვიღაც ნაზარეთელი ხურო, უპირისპირდება და ლამის ეშმაკებს ეძახის. ეუბნება, თქვენ არ ხართ მოსეს მოწაფეები, თუმცა იურიდიულად ხართო. ასე რომ, გარანტია არ არის მარტო ხელდასხმა, შესაძლოა, სწორედ დე-იურე ნათლობამ გაგვაუხეშა და უკან მოგვრჩა ის უხილავი, მოუხელთებელი, ნამდვილი, ჭეშმარიტი, რომელიც სულიწმიდით იხილება და ეს საიდუმლო უკვე ღმერთმა იცის. ამიტომ ადამიანი შეიძლება, ფიზიკურად არც დადიოდეს ტაძარში, არ ეზიარებოდეს, მაგრამ ხელაღებით მაინც ვერ ვიტყვი, რომ ის ღმერთს შორდება. მაგალითად, რუსთაველი საერთოდ არ ავლენს მართლმადიდებლობას. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ნამდვილ მართლმადიდებლობაზე, რომელიც წიაღშია, ზედაპირი კი ყოველთვის იყო და არის გადაფარული სისუსტეებით. ამდენად, დანდობა მარტო იმაზე, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, რადგან მოგვნათლა იურიდიულმა მღვდელმა, შეუძლებელია. ამას გარდა აუცილებელია შინაგანი მზაობა, მიიღო ქრისტე. ჭეშმარიტება ჯვარცმულია, ქრისტე ჯვარცმულია, მაგრამ იმავდროულად აღმდგარია, ჯვარზე ხომ არ დარჩა?! ამიტომ არც მე გამოვიდებ თავს ვთქვა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან, იმიტომ რომ მართლმადიდებლობაშიც ორი მიდგომაა: ერთია შედარებით ლიბერალური, რომელიც უშვებს, რომ ადამიანი ცხონდება, თუ მასში ძლიერია თავის უარყოფა. ბოლოს და ბოლოს, ავაზაკი ცხონდა, ის არც მონათლულა და ავაზაკიც იყო. პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, მაგრამ პატრიარქმა წესი აუგო. არ წყდება ეს საკითხი ასე მარტივად. ეკლესიის წიაღმა განღმრთობის მოძღვრება შეინახა და ეს არის ფაქტი. თუმცა, ასევე, ადამიანურად გასაგებია პრეტენზიები, რომლებიც აქვთ მართლმადიდებლობისადმი, იმიტომ რომ ყველას გვახასიათებს სისუსტეები. მით უმეტეს, რომ ჩვენ, ყველანი, დავიღალეთ. მეორედ მოსვლის წინა კართან ვდგავართ, როდესაც ყველაფერი 180 გრადუსით ამოყირავდება და სწორედ იქ გამოჩნდება, ვინ მოიტანა ცოცხალი კვარი და შეიძლება, ის სულაც არ იყოს იურიდიულად მართლმადიდებელი. ქრისტიანობა არის საკუთარი თავის მუდმივი იძულება და არა ერთჯერადი ნათლობითა და ერთხელ ზიარებით ცხონება. პავლე მოციქულიც კი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მადლი მაქვს, მეშინია, არ დავრჩე უღირსი, ამიტომ ვთრგუნავ და ვიმორჩილებ ჩემს სხეულსო. ასე რომ, ეს ძალიან დიდი საიდუმლოა და მარტო გარეგნულს ვერ დავენდობით იმის გასარკვევად, ვინ ცხონდება და ვინ – ვერა. არაა არ ცხონდება. ეს დიდი საიდუმლო ქრისტეს მივანდოთ. ჩვენ კი გვიყვარდეს, ვზიდოთ ერთმანეთი, ვემსგავსოთ ქრისტეს და როგორც სერაფიმ საროველი ამბობს, რაც უფრო მიუახლოვდები ღმერთს, ამ მადლით ათასები განიღმრთობიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა