რელიგია

რა არის ცხონების თითქმის ასპროცენტიანი გარანტია

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 28.03

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ჩვენი სარწმუნოების არსი და მიზანი ცხონებაა, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი რწმენა, ეკლესიურობა და მართლმადიდებლური წესების დაცვა, მაგრამ არის თუ არა ამ წესებით ცხოვრება ჩვენი ცხონების გარანტია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე, რა გვაცხონებს?

– პავლე მოციქული ამბობს: ნაწილობრივ ვიცი, ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებ. ჩვენ ყველაფერზე რაღაც დოზითა და კუთხით გამოვთქვამთ პასუხს და ამას სასრული არ აქვს. საერთოდ, ჭეშმარიტების წვდომისას ქრისტიანობაში არ არსებობს სრული, დასრულებულად მოცემული პასუხები. ასეთი იყო რჯული: ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო... პავლე მოციქული წერს, თუკი თქვენ გათავისუფლდით ქვეყნიერების სტიქიებისგან, ისევ რატომ მიდიხართ უკან, ამას ხელი არ შეახო, ეს არ ჭამო... ქრისტიანობის თანამდევი და დამხმარეა მარხვა, რაღაცებისგან თავშეკავება, ჩაცმულობა, თორემ მთავარი პროცესი შიგნით, გულში მიმდინარეობს, ხსნისა და რწმენის პროცესი ინდივიდუალურია. არც ქრისტეს და არც მოციქულებს არ მოუციათ ყველასთვის სავალდებულოდ შესასრულებელი შაბლონი. ადამიანი მთელი სამყაროა და მასში პროცესები პერსონალურად მიმდინარეობს. ამიტომაა, რომ მართლმადიდებლობა, ეკლესიაში, როგორც ქრისტეს ბურჯში, მყოფობა პირველი პირობაა. ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ გზაზე ან იმ ადგილას, საიდანაც შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ წინ წაწევაზე, მაგრამ მეორეა, როგორ ივლი ამ გზაზე. გზაზე დადგომა ავტომატური გარანტია არ არის. ეგვიპტიდან ბევრი გამოვიდა, მაგრამ მათი ძვლები უდაბნოში დაიყარა. შესაბამისად, ერთია გამოსვლა, ანუ ეკლესიას რომ გამოჰყევი და ჩაჯექი ამ ნავში, მაგრამ ეს სულაც არ არის ავტომატურად შენი გადარჩენა, იმიტომ რომ მაშინ შენი ნებელობა სად არის?! გამოდის, უბრალოდ გამიმართლა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში დავიბადე ან არ გამიმართლა; თუ სხვაგან დავიბადებოდი განწირული ვიყავი?! ადამიანის თავისუფალი ნება აქაც არ იზღუდება ძალით, რომ ავტომატურად გაცხონოს მხოლოდ იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ხარ. მეტიც, მე ასე დავსვამდი საკითხს: რაღაცის, მათ შორის, ცხონების გარანტიაც ადამიანმა თავის გარეთ უნდა ეძებოს?! გარანტია მოიპოვება. ის სადმე დადებული არ არის, რომ მიხვიდე და აიღო. ქრისტეც კი არ არის ჩვენი გადარჩენის გარანტია. შეიძლება, ეს გამონათქვამი ყურს უხეშად მოგხვდეს და გაიკვირვო: როგორ არ არის გარანტირებული გადარჩენა ქრისტეში?! გაგახსენებთ: როდესაც ქალი მაცხოვრის კალთას შეეხება და განიკურნება, რას ეუბნება მას მაცხოვარი? მე გიხსენი შენო?! არა. მაცხოვარი ეუბნება, შენმა რწმენამ გიხსნაო! ესე იგი, რა ყოფილა გადარჩენა: მაცხოვრის საქმეები, რომლებიც ავტომატურად გაცხონებს, თუ მის მიერ გაკეთებულ საქმეებს მე რწმენით გავითავისებ?! ჩემს მიმღებლობაში, ჩემს თანხმობაშია ჩემი გადარჩენა. მაცხოვრის მოსვლამდე ეს შესაძლებლობა საერთოდ არ გვქონდა. უხეშად რომ ვთქვათ, ისეთ ბნელ ორმოში ვისხედით, საიდანაც ამოსვლის შანსი არ არსებობდა და ამ დროს ჩამოგიგდეს თოკი, რომელსაც შეგიძლია, მოეჭიდო და გადარჩენის გარანტიად აქციო. შენი აქტივობა გადაგარჩენს და არა თოკი. ასი წელიც რომ ეკიდოს, თუ ხელი არ მოჰკიდე, არ იწვალე და ამოსვლა არ სცადე, იმ თოკს აზრი არ აქვს. თუმცა თოკი გადარჩენის შესაძლებლობაა. ამიტომ ამბობს ქრისტე, ვინც მოდის ჩემთან და არ მოიძულებს დედას, მამას, დას, ძმას, ცოლს, შვილს, ხოლო მეორეგან წერია, ვინც არ უარყოფს ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი. სხვაგან კი წერია, ვინც მე გამომყვება და არ აიღებს თავის ჯვარს..., იმიტომ რომ შეიძლება, ქრისტეს გაჰყვე, მაგრამ შენი ჯვარი არ აიღო. გაყოლა ნომინალური ქრისტიანობაა, რაც არაა ჩემი გადარჩენის გარანტია, ეს ჩემი სურვილია. ამიტომ, უფალს ერთადერთი რამ უნდა ვთხოვოთ, მიმრავლე შენდამი რწმენა! და რა არის უფლის რწმენა?! უფლისადმი სწრაფვის ნდომა. ამ შემთხვევაში ნდომაა რწმენა და თუ ნდომა არ მაქვს, არც მოტივაცია მაქვს და არც ძალა მეყოფა, რომ გადავლახო წინააღმდეგობები. სადღაც გავჩერდები და აღარ გავრისკავ. თუ უფალი მაკლია, თუ ჩემში არის სიღატაკე სულისა, მაგრამ ჩემში არის წყურვილი, რომ უფალს მივუახლოვდე, ეს არის ცხონების უტყუარი გარანტია და არა ის, რომ მე ვიცავ დიდმარხვას, ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი, მყავს მოძღვარი. სრული გაბედულებით ვაცხადებ, თუნდაც, არ ვიყო ეკლესიური (იმ გაგებით ეკლესიური, რითაც ვცდილობთ, გარანტირებული ცხონება მივიღოთ, ანუ აქედან აქამდე დაწესებულის შესრულებით), ოღონდ მქონდეს დიდი წყურვილი და ჟინი, უფრო ახლოს მივიდე უფალთან, ამ წყურვილსა და სულის სიღატაკეში უფრო მეტია ცხონების შესაძლებლობა, მე ვიტყოდი, ასპროცენტიანი გარანტიაც კი. ამიტომაა ძალიან საშიში, როდესაც ადამიანი ამ გზაზე რაღაც თავის საქმეებს დაენდობა: აი, მე ამას და ამას ვაკეთებ და ვცხონდები; მით უმეტეს, თუ მართლმადიდებელი ერის შვილი ვარ. ეს შანსია, ქრისტეც კი შანსია და არა გარანტია. საუკეთესო შესაძლებლობაა მართლმადიდებლობა, მაგრამ, აბა, ვნახოთ, რას ამბობს პავლე მოციქული ებრაელების უპირატესობაზე: მათ მიეცათ ღმერთის სიტყვაო... შენ იკვეხნი, რომ იუდეველი ხარ, შენ იკვეხნი, რომ წინადაცვეთილი ხარო, მაგრამ ეს არაფერია, თუკი შენ არ ხარ რჯულის შემსრულებელი და მეორე, რომელიც არც იუდეველია და არც წინადაცვეთილი, განგიკითხავს, მაგრამ გულში აქვს რჯულიო. ეს დიდი საიდუმლოა, ამიტომაც ჰკითხეს მოციქულებმა მაცხოვარს, მაშინ ვინ შეიძლება, ცხონდესო, ისეთი სიმაღლე იყო მოთხოვნილი: კაცთათვის შეუძლებელი და ღმერთისთვის შესაძლებელი. დიახ, ჩვენ შეუძლებელში ვდგამთ ნაბიჯს, როდესაც გვწამს. როდესაც რწმენის ნაბიჯს ვდგამ, მე გავდივარ ჩემი თავიდან. რატომ? იმიტომ რომ ამ ნაბიჯამდე მე ჩემი თავის მწამს, ეს არის ჩემი სამყარო, ეს არის ჩემი წუთისოფელი, მე აქ ვარ დასაზღვრული, ამის იქით ვერ გადავალ. ცათა სასუფევლს, სამოთხეს მე დამაშორა აი, ამ ჩემმა თავის მინდობამ. რას ამბობენ წმინდა მამები? პირველი ცოდვის ფესვია, საკუთარ თავს რომ მივენდეთო. შესაბამისად, რა გვაცხონებს? საკუთარი თავის მიუნდობლობა და ქრისტეს მინდობა. ანუ, მე შეიძლება, ერთი მხრივ, არ ვენდობი ჩემს თავს, მაგრამ იქით თუ არ მაქვს მისანდობი, არ მეყოფა ენერგია, გადავდგა ნაბიჯი. როდესაც, ერთი მხრივ, არ ვენდობი საკუთარ თავს და, მეორე მხრივ, ვხედავ მას, ვისაც ვანდობ თავს, ეს არის ის ენერგია, რომელიც გადამატარებს ბედის საზღვარს, გადამალახვინებს ამ წუთისოფლის მიერ ჩემივე ტვინით დასაზღვრულ, ჩემივე უგუნურებით შექმნილ სისტემას და გამიყვანს ცათა სასუფევლის ხილვისკენ. ეს აქ არის საზღვარი. ქრისტე აქ შემოდის, ამ ჩვენ მიერ შექმნილ სისტემაში. უფლის მიზანი ის რომ ყოფილიყო, ჩვენ აქ კეთილი საქმეები გვეკეთებინა, რაც მერე იქ გვაცხონებდა, აქ რატომ შემოვიდოდა?! კიდევ ცნებებს მოგვცემდა ან ინსტრუქციებს: თუ დავარღვევდით, ჯოჯოხეთში მოვხვდებოდით, თუ არადა – სამოთხეში. რას ნიშნავს აქ შემოსვლა?! რომ ქრისტემ დროითა და სივრცით შექმნილი ჩვენი წუთისოფელი გაარღვია და ის მდგომარეობა შემოიტანა, რომლისთვისაც ჩვენ ვიყავით შექმნილნი და რა ბუნებისანიც ვიყავით. ხომ ღვთის ხატები ვართ?! ღვთის ხატი კი თავისუფალია დროისა და სივრცისგან. დრო და სივრცე ჩემმა სამოთხის გარეთ შექმნილმა სისტემამ შექმნა. რა გააუქმებს ამ სისტემას?! ქრისტეში შესვლა – იმიტომ რომ ქრისტეა ის, ვინც დრო და სივრცე გაარღვია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი