რელიგია

ფსიქოტროპული პრეპარატების შესახებ

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.03, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

საინტერესო საკითხების რელიგიური განმარტებები ,,თბილისელებისგან" 👇

– დასაშვებია თუ არა, ქრისტიანმა მიიღოს ფსიქოტროპული პრეპარატები? მრავალი ამტკიცებს, რომ მომავლის შიში, დათრგუნვის გრძნობა, მელანქოლია და საერთოდ ყველა ფსიქიკური დაავადება, მხოლოდ ქრისტიანული ცხოვრების წესის დაცვით იკურნება – ტაძარში სიარულით, ლოცვით, აღსარებით, საღვთო ზიარებით და ასე შემდეგ.

– როდესაც აუცილებელია, ქრისტიანმაც უნდა მიიღოს ფსიქოტროპული პრეპარატები, – ასეთი იყო ბერის პასუხი.

– მაგრამ, რა გავლენას მოახდენს ეს წამლები ადამიანის სულზე?

– თავიდანვე უნდა გავარკვიოთ, რომ ეგრეთ წოდებული, ფსიქოტროპული ან დამამშვიდებელი პრეპარატები, როგორც ფიზიკური წამლები, ადამიანს სულის სიმშვიდეს ვერა და ვერ მოუტანს. მაგალითად, იგი ვერ დააწყნარებს და დააიმედებს იმ დედის სულს, რომელმაც შვილი დაკარგა, ვერც სინდისის ქენჯნისგან იხსნის დანაშაულის ჩამდენს. ამ ნიჭებს ზემოდან იღებენ. ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ეკლესიის მსახურთ (მღვდლებსა და სულიერ მამებს) შეუძლიათ, ადამიანს განკურნების საშუალება მისცენ.

– მაშინ, რატომ ბრძანეთ, რომ ფსიქოტროპული პრეპარატებიც აუცილებელია?

– მომისმინეთ! მომავლის შიში, გულდამძიმებულობა ადამიანებში მხოლოდ ეკონომიკური კატასტროფების, დაჩაგვრის ან პიროვნების დათრგუნვის შედეგად არ ვლინდება. ამას ადგილი აქვს თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციების დარღვევების დროსაც, ისეთის, როგორიცაა მგრძნობელობა, აზროვნება, სურვილი… ასეთი ტიპის შიში მომავლისა, მელანქოლია და სხვა მოშლილობები იკურნება ან სწორდება ფსიქოტროპული პრეპარატების საშუალებით, ანუ იმ წამლებით, რომლებიც გავლენას ახდენენ თავის ტვინის ფუნქციონირებაზე და მათი დანიშნულებაა, ადამიანი დააბრუნონ მუშაობის ნორმალურ რეჟიმში.

უფრო მარტივად ვიტყვი. მრავალი ქრისტიანი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის არამატერიალურ მხარეზე – მის სულზე და მხოლოდ იგი მიაჩნიათ მომავლის წინაშე შიშის, მელანქოლიის წყაროდ. ამიტომ ასეთი ადამიანები უარს ამბობენ წამლებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ მატერიალური არამატერიალურზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ადამიანი სხეულისგანაც შედგება. თავის ტვინი, სადაც ვლინდება ადამიანის სული, არის სხეულის ორგანო, ამიტომ მის მოშლილობას მატერიალური საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ – მედიკამენტებით, აუცილებლობის შემთხვევაში ელექტროშოკით და სხვა სპეციალური პროცედურებით.

– რას გულისხმობთ, როცა ბრძანებთ, რომ სული ვლინდება თავის ტკივილის მეშვეობით?

– მაგალითისათვის ავიღოთ ვიოლონჩელოზე დამკვრელი. საუკეთესო მუსიკოსიც კი ვერ შეძლებს, მშვენიერი მუსიკა დაუკრას აშლილ და დამტვრეულ ინსტრუმენტზე; ზუსტად ასევე – ადამიანის ქცევა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მის თავის ტვინს აღენიშნა რაიმე დაზიანება, შედეგად ვერც სული შეძლებს ნორმალურად გამოვლენას. თავის ტვინის ფუნქციების ასეთი დარღვევების გამოსწორებას წამლების საშუალებით ცდილობს მედიცინა, რათა დაეხმაროს სულს, სწორად გამოვლინდეს.

– შესაძლებელია თუ არა მხურვალე ლოცვითა და ეკლესიის საიდუმლოებებში ხშირი მონაწილეობით თავის ტვინის მუშაობის დარღვევების გამოსწორება და ადამიანის განკურნება?

– რა თქმა უნდა, ღმერთს ხელეწიფება ასეთი ავადმყოფობების დროსაც მოახდინოს სასწაული. მაგრამ კითხვა, რომელიც თავიდან დამისვი, სხვა იყო და ასე ჟღერდა: დასაშვებია თუ არა, რომ ქრისტიანებმა მიიღონ ფსიქოტროპული პრეპარატები? ამაზე ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე გიპასუხებ: დიახ, დასაშვებია. ჩემი მხრიდან მეც გკითხავ: რატომ არ სვამ იმავე კითხვას, მაგალითად, ბრონქული ასთმის, ეგზემის, შაკიკის, გლაუკომის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მიმართ? მოდი, ბოლოს და ბოლოს შევიგნოთ, რომ მომავლის შიში, მელანქოლია და ასე შემდეგ მარტო სულის მოშლილობის შედეგი არ არის, ხშირად ამას იწვევს ტვინის მუშაობის დარღვევა ან ორივე ერთად. უკანასკნელ შემთხვევაში ასევე აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: დახმარება პრობლემების გადაწყვეტისას, უანგარო თანაგრძნობა (ამასთან, ჩვენი ქცევა გონივრულიც უნდა იყოს, რათა ავადმყოფმა არ იგრძნოს უხერხულობა ჩვენ მიერ გამოხატული სიყვარულის გამო). კარგი იქნებოდა გამოკვლევა (თუ არსებობს ამის საშუალება) მათრთლმორწმუნე ფსიქიატრთან, რომელიც პაციენტს განუმარტავდა მისი უქეიფობის ბუნებას, ურჩევდა, მიემართა ღვთის შემწეობისთვის, მონაწილეობა მიეღო ეკლესიის საიდუმლოებებში და ასე შემდეგ. მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა მკურნალობის კურსის ჩატარებაც.

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა