რელიგია

ნუ ენდობი შენს ბედნიერებას

№28

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.07

რელიგია
დაკოპირებულია

მამათა სწავლებიდან ამქვეყნიური სიკეთეების არასაიმედოობაზე ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია იმან, რომ როგორც ეს ქვეყანა არ არის მუდმივი, დროებითია და ცვალებადი, ისეა ამქვეყნიური სიკეთენიც, ადამიანს რომ ეძლევა ცხოვრებაში – არასაიმედოა და წარმავალი, რადგან თავად ცხოვრებაა არამდგრადი და ყალბი. ადამიანი ამქვეყნიურ სიკეთეებს ბოლომდე არ უნდა მიენდოს, რადგან ის ყოველთვის შეიძლება, შეიცვალოს მისი საპირისპირო მდგომარეობით, რაც არ არის გამორიცხული, დიდ განსაცდელად და უბედურებად იქცეს ადამიანისთვის. სამწუხაროდ, ეს სიბრძნე ყოველთვის არ გვახსოვს ან საერთოდ გვაქვს დავიწყებული. ამიტომაც გვახსენებენ მას წმიდა მამები, რომ არ დავბრკოლდეთ და განსაცდელებსა და უსიამოვნებებში არ ჩავიგდოთ თავი.

პირველი შეგონება, რომელმაც ჩამაფიქრა და რამაც განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, არის შემდეგი: „თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას“ და კიდევ: „თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას“. ეს ნამდვილად ბრძნული შეგონებანია და კარგად უნდა ჩაუკვირდეთ მათ, თუ რატომ ითხოვენ ამას ჩვენგან წმიდა მამები; რატომაა საჭირო, რომ ადამიანმა კეთილდღეობისა და წარმატებისას იფიქროს გაჭირვებასა და უბედურებაზე? იმისთვის კი არა, რომ არ უნდა გაიხაროს და არც დატკბეს ამქვეყნიური სიკეთენით, ღვთისაგან რომ მიეცა ცხოვრებაში, არამედ იმისთვის, რომ ადვილად არ დაკარგოს ეს სიკეთენი, არ ჩაიგდოს თავი გასაჭირსა და უბედურებაში. იმისთვის, რომ ამქვეყნიურმა კეთილდღეობამ ზედმეტად არ მოდრიკოს იგი, არ მოადუნოს სიფხიზლე და გონიერება მისი და არ დაავიწყოს კეთილდღეობის საპირისპირო მდგომარეობის არსებობა, რაშიც შეიძლება, ადვილად მოხვდეს თავისი დაუდევრობითა და დაშვებული განსაცდელებით.

წმიდა მამები არ გვეუბნებიან, რომ არავისგან ქება არ უნდა მოისმინოო. ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის იქებოდა საქებარი და იგმობოდა საგმობი. როცა სხვები შენს სიკეთეს ხედავენ და ღირსეულად აფასებენ, როცა ამისთვის სამართლიანად გიძღვნიან ქებასა და პატივს ადამიანები, ეს არ შეიძლება, იყოს დანაშაული, ეს უფრო სიკეთის აღიარება და დაფასებაა მათი მხრივ. მაგრამ ასეთ დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავე ადამიანებს შეუძლიათ, მოგაგონ სიკეთის საწინააღმდეგო, სალანძღავი და საგმობიც კი, როცა ისინი ბოროტის გავლენაში იქნებიან მოქცეულნი. ამიტომ, როცა გაქებენ ადამიანები, უნდა იცოდე, რომ მათ შეუძლიათ, გლანძღონ და გაგინონ ჩვეულებრივ. ამიტომ, როცა ადამიანთაგან ქებას ისმენ, თავი უნდა შეამზადო მათგან ლანძღვისა და გინებისთვისაც, რადგან ეს დამახასიათებელია მათთვის.

მინდა, ამასთან დაკავშირებით ზოგი რამ გავიხსენო ჩემი ცხოვრებიდან: სკოლაში სწავლა იყო თუ შემდგომში ჩემი მოღვაწეობა ეკლესიაში საქებარი ხშირად მესმოდა ჩემი მისამართით. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს სრულიად არ მსიამოვნებდა ან ამისადმი გულგრილი ვიყავი, მით უფრო, როცა ეს ღვთიურ სიკეთეთა დანახვითა და აღიარებით იყო გამოწვეული. მაგრამ ისიც გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ ქებისას, კმაყოფილების გარდა რაღაც უხერხულობას ყოველთვის ვგრძნობდი. ეს უხერხულობა და უსიამოვნო გრძნობა ზოგჯერ იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ამის გამო ვღიზიანდებოდი, უხეში ვხდებოდი. რამდენადაც ჩემს ამქვეყნიურ მეს სიამოვნებდა ადამიანთაგან საქებარის მოსმენა, იმდენად ჩემს შინაგანს აღიზიანებდა და ზოგჯერ მისი მოსმენა ტკივილადაც კი იქცეოდა ხოლმე ჩემთვის. მაინც რა ხდებოდა ჩემს თავს, რატომ ვღიზიანდებოდი? ეს მე მაშინ არ მესმოდა, შემდეგ კი, როცა წმიდა წერილსა და მამათა სწავლანს გავეცანი, მივხვდი, რომ ამ წუხილით მიფარავდა უფალი, რათა კაცობრიული ქება-დიდებისკენ არ მივდრეკილიყავი, რათა მას არ მივნდობოდი.

როცა ღვთისგან ბოძებული წყალობებით ვხარობ და ვმადლობ ღმერთს ამისთვის, მაშინვე ვახსენებ ხოლმე თავს, რომ ღმერთს შეუძლია, დაუშვას გასაჭირი და უნუგეშობანიც და შევძლებდი კი ამათ დათმენას სიმშვიდითა და მოთმინებით? როცა ვინმესგან ჩემზე მესმის რაღაც საქებარი, მე მას ვიღებ კმაყოფილებით, მაგრამ მაშინვე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მაქებარს შეიძლება, რაღაც გულსატკენი და სალანძღავიც ეთქვა ჩემთვის და შევძლებდი კი მის მოსმენასა და დათმენას სიმშვიდით?

ყოველივე ზემოთქმულით ის უნდა დავასკვნა, რომ ცხოვრება ჩვენი არ არის მარტო შვება და სიხარული, ღვთისაგან ბოძებული, რომ ადამიანის არსებობას თან სდევს მწუხარება და უსიამოვნებანიც, ღვთისგან დაშვებული, რასაც ადამიანი გაგებითა და რწმენით უნდა შეხვდეს და ღვთის შეწევნით. მოთმინებითა და სიმშვიდით გადაიტანოს ყოველივე.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა