მშობელთა ლოცვას ღვთის წინაშე განსაკუთრებული ძალა აქვს
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 09.01
შვილთათვის ლოცვა, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოცვა, შეიძლება, გონივრულიც იყოს და უგუნურიც, იაკობ მოციქული ამბობს: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“. (იაკ. 4,3).
რა უნდა ითხოვონ მშობლებმა უპირველეს ყოვლისა?
ნათელია, რომ უპირველესი მისწრაფება შვილის ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ცოცხალ წევრად აღზრდა უნდა იყოს. ამ სურვილს უფალი თავის დროზე შეასრულებს, თუმცა ამ დროს ცოდნა საჭირო არ არის. ზოგჯერ უფალს ყმაწვილები ხსნისკენ პირდაპირი გზით არ მიჰყავს, დროებით განსაცდელებსა და გზიდან გადახვევებსაც კი უშვებს. მშობლებმა ასეთ დროს იმედი არ უნდა დაკარგონ და უფრო ძლიერად უნდა ევედრონ არსთა გამრიგეს.
წმიდა მამები ამბობენ: „ქრისტიანის გარეგან ბედზე სიფრთხილით ილოცეთ“. ეს ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის მშობელთა ლოცვასაც ეხება. როცა უფალს სურს, მშობლები მომავალი მწუხარებისგან იხსნას, შვილს ადრეულ ასაკში ართმევს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათ ღვთის განგებისადმი მორჩილება მართებთ.
ამასთან დაკავშირებით ასეთი მონათხრობი გავიხსენოთ: ერთი დედა, რომლის ორივე ვაჟიშვილი სასიკვდილო სარეცელზე იწვა, მათი გამოჯანმრთელებისთვის დაუცხრომლად ლოცულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა სიზმარში მათი მომავალი აუწყა. მან ისინი ერთ ფუნდუკში შეზარხოშებულ საზოგადოებაში მოქეიფენი იხილა. ბიჭებმა ჩხუბი ატეხეს და ერთმანეთს დანებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ამიტომ ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით.
მშობელთა ლოცვების მიუხედავად, ღვთის განგებით, ბავშვთა დაღუპვაზე მეტად მათი სასწაულებრივი გადარჩენის შემთხვევები არსებობს. მშობელთა ლოცვას ღვთის წინაშე განსაკუთრებული ძალა აქვს, რადგან ძლიერი სიყვარული მხურვალე ლოცვას შობს. მხურვალე ლოცვა კი შეუსმენელი არ რჩება ხშირად მაშინაც, როცა სათხოვარზე უარის თქმა უკეთესიც კი იქნებოდა. ამის დასადასტურებლად ასეთი ამბავი არსებობს:
მოსკოველი აზნაურის ოჯახში ფიცის გატეხვის მძიმე ცოდვის გამო არა მარტო შვილი, არამედ მთელი მისი მოდგმა დაისაჯა. აზნაურთა ამ გვარის ყველა მამაკაცი ან თავს იკლავდა, ან ჭკუაზე იშლებოდა. თითქოს მათზე წმიდა წერილის ეს სიტყვები აღსრულდა: „მე ვარ უფალი... შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილი სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის“ (გამ. 30, 5-6).
ბავშვის სასიკვდილო ავადმყოფობისას აზნაურის ერთ-ერთი ქალბატონი მხურვალედ ლოცულობდა ოჯახის სათაყვანებელი წმიდანის ხატის წინაშე და ვაჟის გადარჩენას ევედრებოდა. გამთენიისას სიზმარში ნახა, რომ წმიდანი ხატიდან გადმოვიდა და უთხრა: „უგუნურია შენი ლოცვა, რადგან არ იცი, ვინ გამოვა ბავშვი. მაგრამ თუკი ასე ითხოვ, იყოს ვედრებისამებრ“.
ბიჭი გამოჯანმრთელდა, გაიზარდა, მაგრამ მისი ცხოვრება დედას საწყევრად ექცა.
„ჯანმრთელობა ღვთის ჯილდოა“, – ამბობდა სერაფიმე საროველი. თუმცა ის ყოველთვის არ არის სასარგებლო, როგორც ყოველგვარ სატანჯველს, ავადმყოფობას სულიერი ბიწისაგან გაწმენდის ძალა აქვს. ის განაქარვებს ჩვენს ცოდვებს, არბილებს და ამდაბლებს სულს, გვაიძულებს, დავფიქრდეთ, ვიგრძნოთ საკუთარი უძლურება და უფალი გავიხსენოთ. ამიტომ ავადმყოფობა ჩვენ გვჭირდება და ჩვენს შვილებსაც.
„ნუ გვავიწყდება, რომ ჩვენ დროში მოსმენილისა და ნანახისგან ზიანს პატარებიც იღებენ. ამიტომ აუცილებელია განწმენდა, რომელიც ტანჯვის გარეშე ვერ მოხდება. სულიერი განწმენდა კი უმეტესად ხორციელი ტკივილის მეშვეობით ხორციელდება... დააკვირდით: განა ძუძუმწოვარა ჩვილებიც კი ტანჯვითა და ავადმყოფობით არ გადადიან მომავალ ცხოვრებაში?“ – წერს წმიდა ამბროსი ოპტინელი.
მართალია, ძნელია, ბავშვის ავადმყოფობას უყურო, მაგრამ ამაში ხშირად ჩვენ თავად ვართ დამნაშავე.
უდანაშაულო ბავშვთა ტანჯვას ეპისკოპოსი წმიდა ნიფოტი ასე ხსნის: „ერში მცხოვრებთაგან მრავალნი ცოდვებს არ ინანიებენ და სულზე არ ზრუნავენ. ამ მიზეზით უფალი სხვადასხვა უბედურებით სჯის როგორც მათ, ასევე შვილებს, რომ შვილთა ავადმყოფობით მშობელთა უსჯულოება განწმინდოს და სინანულად მოაქციოს ისინი, რომ შემდეგ თავის საშინელ სამჯავროზე გაამართლოს... იცოდე, უცოდველი ჩვილი იმისთვის იტანჯება, რომ ტყუილუბრალო სიკვდილით უხრწნელი ცხოვრება მიიღოს. ხოლო მშობლები მათი ტანჯვის გამო კეთილგონიერებისა და ჭეშმარიტი სინანულის ღირსნი გახდნენ.“
ხშირად ბავშვის გამოჯანმრთელება მშობელთა სინანულს მოსდევს. უნდა გვახსოვდეს, რომ შვილთა ბედნიერება და ხსნა, პირველ რიგში, ჩვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული. საქმით დავამტკიცოთ ჩვენი სიყვარული მათდამი და ღვთისადმი მხურვალე ლოცვა აღვავლინოთ, რომ მათი სულიერი აღზრდისთვის სიბრძნე მოგვმადლოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



