მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 21.10

კითხვა: თუკი ღვთის ნების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ სახე და ხატი კი არა, უფლის რობოტები ვყოფილვართ. გამოდის, რომ ადამიანს მხოლოდ მოვალეობები აქვს და არანაირი უფლებები.
პასუხი: ეს მცდარი აზროვნებაა. ადამიანის ყველაზე მთავარი ღირებულება ნების თავისუფლებაა. ნების თავისუფლება ჰქონდა სულ პირველ ადამიანს – ღმერთი არ ჩარეულა მის არჩევანში. ღმერთი საკუთარ ნებას იძულებით არავის ახვევს თავზე. მას ყველა ადამიანის გადარჩენა სურს. ადამიანი თავად ირჩევს, თავისი ნება დაუქვემდებაროს ღმერთის ნებას თუ შეეწინააღმდეგოს მას.
კითხვა: შეიძლება თუ არა, მორწმუნე ადამიანმა თავად აკურთხოს საკუთარი სახლი ნაკურთხი წყლით?
პასუხი: ეს შეუძლებელია. ბინის კურთხევა ხდება მხოლოდ მღვდელმსახურის მეოხებით.
კითხვა: წლების წინ დავკარგე ნათლობის ჯვარი, რასაც ძალიან განვიცდიდი. საბედნიეროდ, ახლახან ვიპოვე სახლში. მაინტერესებს, ხომ არ დაკარგა ჯვარმა ძალა, კიდევ თუ აქვს ამ ჯვარს ნათლობის ჯვრის მადლმოსილება და ხომ არ უნდა ვაკურთხებინო ის მოძღვარს ხელახლა?
პასუხი: მღვდელმსახურის მიერ ნაკურთხ ყოველ ჯვარს აქვს ერთი და იგივე ძალა, მაგრამ ნათლობის ჯვარი უნდა გვეძვირფასებოდეს, როგორც ჩენს ცხოვრებაში უდიდესი მოვლენის გახსენება. ეს ჯვარი ძალას არ კარგავს დროთა მსვლელობისას, მაგრამ თუ ის დაუდევრობით დაისვარა, გაჭუჭყიანდა, უნდა გაიწმინდოს და თავიდან აკურთხებინოთ.
კითხვა: ყველა გარდაცვლილისთვის სასარგებლოა თუ არა ფსალმუნების კითხვა?
პასუხი: ფსალმუნების კითხვა გარდაცვლილთათვის დიდად კეთილი საქმეა, მაგრამ ყველა გარდაცვლილისთვის მისი კითხვა არ შეიძლება, კერძოდ: თვითმკვლელთათვის, ურწმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების პირთათვის.
კითხვა: ჩვენ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც მორწმუნედ მიიჩნევს თავს, რადგან მარხულობს, მაგრამ ამავე დროს უარს არ ამბობს სხვადასხვა ხორციელ სიამოვნებაზე. შეიძლება თუ არა, სხეულით მარხულობდეს ადამიანი და სულს კი ვნებათა სათარეშოდ იხდიდეს?
პასუხი: ცნობილია, რომ მარხვის მეოხებით – ხორციელი თავშეკავებით ადამიანი განწმენდს საკუთარ სულს, მაგრამ მარხვა ამაოა, თუ ვნებების აყოლით წაბილწავთ იმ სამყოფელს, სადაც უფლის ერთგული ადამიანის არსებაში სულიწმიდა უნდა მკვიდრობდეს.
კითხვა: ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, როდესაც მოყვასის ცოდვაზე ვლაპარაკობ?
პასუხი: როდესაც ხედავ სხვის ცოდვებს, ნუ ილაპარაკებ მის ცოდვებზე, თუ შენ მოყვასის ცოდვებს დაფარავ, უფალი დაფარავს შენს ცოდვებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან