მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.09, 2023 წელი

კითხვა: პროფესიით მოსამართლე ვარ. მეთვლება თუ არა ცოდვად სასამართლო განაჩენით მოქალაქეების, ჩვეულებრივი მოკვდავების განსჯა, როდესაც ახალ აღთქმაში, მათეს სახარების მეშვიდე თავში მითითებულია: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხეთ და რომლითა საწყაულითა მოუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“.
პასუხი: თვით მოსეს უხდებოდა საკუთარი ხალხის მსაჯულად ყოფნა. ბევრ შემთხვევაში მეფეებს გაუწევიათ უზენაესი მოსამართლის მოვალეობა. თქვენ მიერ მოტანილ წმინდა წერილის ციტატაში კი საუბარია არა მოსამართლის შესაძლო ქმედებაზე, არამედ ადამიანის იმ ცოდვაზე, როდესაც ის განიკითხავს და კიცხავს სხვას, როცა არავისგან არ არის ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი. ასევე, ხელმძღვანელ პირსაც აქვს ხელქვეითის დასჯის უფლება, დაკისრებული საქმის უდიერად, არაკეთილსინდისიერად კეთების დროს, მშობელს – შვილისა, აღმზრდელობითი თვალსაზრისით. ხოლო, რაც შეეხება მოსამართლეს, მისი მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს სამართლიანობის განუხრელი დაცვა.
კითხვა: ჩაგვეთვლება თუ არა ცოდვა მიტევებულად, თუ მას მოვინანიებთ არა მოძღვართან, არამედ ხატების წინაშე?
პასუხი: არ ჩაგეთვლებათ, რადგან ეკლესიაში სინანულის საიდუმლო არსებობს მოციქულთა დროიდან და ის რომ არ ყოფილიყო საჭირო, უფალი არ დააწესებდა. ცოდვა მიტევებულად ითვლება, როცა აღსარების შემდეგ მღვდელმსახური წაიკითხავს შენდობის ლოცვებს.
კითხვა: რომელი ცოდვა ითვლება „სასიკვდილო ცოდვად“?
პასუხი: საეკლესიო გადმოცემით, „სასიკვდილოა ცოდვა“, რომელსაც ადამიანი სჩადის ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, საკუთარი სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდილოდ“ კი მიიჩნევა იმიტომ, რომ ადამიანს ზეციურ სასუფეველს აკარგვინებს და მას ამით მარადიულ სიკვდილს არგუნებს.
კითხვა: თუ შეიძლება, განმიმარტეთ, რას ნიშნავს „გამომძიებლობის“ ცოდვა?
პასუხი: ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც ღმერთი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად, სად არის ჯოჯოხეთი (და არ ინტერესდება იმით, თუ როგორ უნდა დაიხსნას მისგან თავი)? როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით? როგორ იქცევა ზიარების დროს პური და ღვინო უფლის სისხლად და ხორცად და მისთანანი.
კითხვა: როდის ჩაეთვლება ადამიანს პირჯვრის გადაწერა ცოდვად?
პასუხი: პირჯვრის გადაწერა ადამიანს ცოდვად ჩაეთვლება, თუ ის პირჯვრის გამოსახვის დამოწმებით ცდილობს, დაგვიდასტუროს სიცრუე, ფლიდობა, ყალთაბანდობა და სხვა არაწმინდა საქმე. ამით ის საკუთარ თავზე მსჯავრს მოიწევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან