მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.09

კითხვა: არსებობს თუ არა ხატების თაყვანისცემისა და ლოცვების აღვლენის გარკვეული წესები ეკლესიაში?
პასუხი: მკაცრი სარიტუალო წესები არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მღვდელმსახურების დროს ერთ ადგილზე უნდა ვიდგეთ, ხოლო ხატებს ვემთხვიოთ ან მღვდელმსახურების დასაწყისში, ან მის დასასრულს, რომ სხვებს არ შევუშალოთ ხელი ლოცვაში. უკვე ეკლესიისკენ მიმავალნი უნდა ვლოცულობდეთ, ხოლო ტაძარში შესვლისას მართლმადიდებელი მამები გვირჩევენ, წარმოვთქვათ: „ხოლო მე მრავალთა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა და თაყვუანივსცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა“.
კითხვა: როგორ ვისწავლოთ ნებისყოფის გამომუშავება, რომ გარკვეულმა საკითხებმა არ ავნოს ჩვენს სულიერებას?
პასუხი: ამისთვის საჭიროა, თავი შევიკავოთ ცნობისმოყვარეობის მოძალებისგან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც მცირედ ან საერთოდ არ გვეხება. ზოგჯერ ადამიანი ისეთ რამეს იგებს, რომ სულს უფორიაქებს. მაგალითად, ზოგჯერ ერთი სიტყვა, გულში ჩავარდნილი, როგორც თვალში მოხვედრილი ნამცეცი, უშლის მას ლოცვისას და სხვა სულიერი საქმეების აღსრულებისას. ზოგჯერ ამ ერთი სიტყვით კარგავს ის სულიერ სიმშვიდეს.
კითხვა: მინდა, პანაშვიდი გადავუხადო ჩემს წინაპრებს, ზოგიერთის სახელი არც კი ვიცი. რამდენად შესაძლებელია ეს?
პასუხი: თუ იცით, რომ ისინი მართლმადიდებლები იყვნენ, ეს შესაძლებელია. ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელებიც არ ვიცით, საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა-ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი წინაპრებიც იგულისხმებიან. თუ მათ პანაშვიდს გადაუხდით, მოძღვარიც ასე მოიხსენიებს. მათთვის, ასევე შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები) და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა“.
კითხვა: უკვე საკმაო ასაკი მაქვს. მყავდა მეგობარი, რომელიც იეღოველი გახდა, რამდენჯერმე ვიკამათეთ და მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. ახლახან მის ოჯახში უბედურება დატრიალდა, შვილი გარდაეცვალა და ვერ მივედი. თუმცა, ძალიან მქენჯნის სინდისი. მირჩიეთ რამე.
პასუხი: უფალი ჩვენგან მოყვასის სიყვარულს მოითხოვს და აქედან გამომდინარე, არავინ გვიკრძალავს ადამიანურ ურთიერთობებს. უნდა შეგვეძლოს ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანთა დახმარება და თანადგომა, მით უმეტეს, თუ ის გასაჭირშია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან