მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 26.08

კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ პატარა ცოდვა, ოღონდ ხშირად განმეორებადი?
პასუხი: ასეთი ცოდვა ახლოს არის სასიკვდილო ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს. თუ ქვიშა ბევრია, მან შეიძლება, დიდი ქვაც გადაწონოს. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდილო ცოდვა, მაგრამ ხშირი განმეორების შემთხვევაში; ის უფლის მადლს განაქარვებს და სასჯელს მოიწევს.
კითხვა: ცოდვა ჩადენისთანავე უნდა მოვინანიოთ თუ მარხვას დაველოდოთ?
პასუხი: ნუ დაუცდით მარხვას, დაუყოვნებლივ შეინანეთ და თქვით აღსარება. ნუ გაიჩერებთ სულში ცოდვას დიდხანს, სწორედ ამიტომ გვერთმევა უფლის მადლი, რომ მონანიებას გადავდებთ ხოლმე და ერთი ცოდვა მეორეს შობს.
კითხვა: თუ არსებობს ცუდი ამინდის ან მოუსავლიანობის საწინააღმდეგო ლოცვები?
პასუხი: ეკლესიას მხურვალე ლოცვა-ვედრებით ყოველგვარი განსაცდელისგან გამოხსნა შეუძლია. არსებობს ასეთი წიგნი – „დიდი კურთხევანი“, სადაც სხვადასხვა გარემოებათა მიხედვით, ღვთისმსახურების წესებია მოცემული. მაგალითად, გვალვის დროს იხდიან უწვიმობის პარაკლისს და ილია წინასწარმეტყველს ევედრებიან წვიმის მოვლინებას. ილია წინასწარმეტყველი უამინდობისა და მოუსავლიანობისას განსაკუთრებული მეოხია ღვთის წინაშე.
კითხვა: როდის არის მრისხანება მართებული?
პასუხი: მრისხანება მაშინ არის გამართლებული, თუ ის მიმართულია ცოდვისკენ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად გამოიწვევა ჩვენში. უპირველესად, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფი, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილი ადამიანების ხხსნა.
კითხვა: რატომ აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესისა და უნეტარესის წოდება?
პასუხი: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული – უწმინდესი და უნეტარესი – შემოღებულია 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის დროიდან. მანამდე უწმინდესის ტიტულს ატარებდა აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი, უნეტარესის – დასავლეთ საქართველოსი. ხოლო ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ახალარჩეული მწყემსმთავარი კირიონ მეორე იწოდა უწმინდესად და უნეტარესად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან