მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.02, 2021 წელი

კითხვა: სახარების მიხედვით, როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა უნდა მიუშვირო. როგორ უნდა გავიგოთ ეს შეგონება?
პასუხი: ქრისტიანული სწავლებით, ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ სიძულვილს, აგრესიას, უარყოფით დამოკიდებულებას ავლენს, მეორემ სიყვარული და მიტევება უნდა დაუპირისპიროს, რადგან სიყვარულია ერთადერთი იარაღი ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოსაგდებად. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ხშირად გამოვლენილა, რომ აგრესიას მიგებებული აგრესია სასურველ მიზანს ვერასდროს აღწევს და იმის მაგივრად, რომ პრობლემა მოგვარდეს, უფრო ღრმავდება. თვით მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ მოგვცა მიტევების მაგალითი, როდესაც მისი ჯვარცმის დღეს ყველას მიუტევა. თუმცა, თუ აგრესიით მოყვასი ზარალდება ან ზნეობა უზნეობად იქცევა, ამას ადამიანი არ უნდა შეეგუოს და შეუძლია, ძალაც კი დაუპირისპიროს.
კითხვა: ნათლისღებას ეკლესიიდან წამოვიღე ნაკურთხი წყალი. როგორ უნდა გამოვიყენო ის?
პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად და ოთახში მოსასხურებლად. ნაკურთხი წყალი მოათავსეთ სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და ყოველ დილით მიიღეთ უზმოზე. ასევე, აუცილებლად დალიეთ ავადმყოფობისას.
კითხვა: თუ შეიძლება, განმიმარტეთ, რატომ და საიდან მომდინარეობს შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლისა და ხარებას თევზის მირთმევის ჩვეულება?
პასუხი: ხარება უდიდესი საუფლო დღესასწაულია, მაგრამ დიდ მარხვას ემთხვევა და ხორცის მიღება არ შეიძლება, ამიტომ ეკლესიამ დააწესა მცირედი გახსნილება თევზით. რაც შეეხება შობის დღესასწაულზე ღორის დაკვლის ტრადიციას, ეს არ გახლავთ საეკლესიო კანონიკა. უბრალოდ, ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამ დღისათვის, ზრდიდნენ პირუტყვს, იმარაგებდნენ სანოვაგეს და ამ დღესასწაულს დიდი ზეიმით ეგებებოდნენ. შობას სრულიად ხსნილდება და სუფრაზე ყოველივე საუკეთესო, მათ შორის, ღორის ხორციც გამოჰქონდათ.
კითხვა: ბოლო დროს ძალიან ბევრ უარყოფით ინფორმაციას ვიგებ სასულიერო პირების შესახებ. ეს ეხებათ არა მხოლოდ რიგით მღვდლებს, არამედ ეპისკოპოსებსაც. ეს ძალიან მაბრკოლებს, ვგრძნობ, რომ ჩემს რწმენას ბზარი უჩნდება. რას მირჩევთ?
პასუხი: ბოლო დროს იმდენი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება (არა მხოლოდ სასულიერო პირებზე), მართლაც ძნელია, სიმართლისა და ტყუილის გარჩევა. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ხშირად ხელოვნურადაც ხდება, რათა ისეთი ადამიანი, ვინც ისედაც მერყეობს და არ აქვს მტკიცე სარწმუნოება, უფრო დაშორდეს უფალს. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ გწამთ ღმერთის და არა კონკრეტული სასულიერო პირის. მშვიდად მიიღეთ ყველანაირი ინფორმაცია და ნურავის განიკითხავთ. განაგრძეთ ცხოვრება უფლის სასოებით, მოყვასის სიყვარულითა და სიმშვიდით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან