რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.12, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: უკვე ასაკში ვარ, სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ჩემმა მშობლებმა თავის დროზე არ მომნათლეს. მეც ისე გავიზარდე, მოუნათლაობა არ მაწუხებდა. ახლა ძალიან განვიცდი ამ ამბავს. მინდა, მოვინათლო. ხომ არ არის რაიმე დაბრკოლება ამასთან დაკავშირებით?

პასუხი: ასაკის გამო მონათვლაზე ორჭოფობა სრულიად გაუმართლებელია. მრავალი წმიდანი მონათლულა ხანდაზმულობის ასაკში, თვით ქრისტიანობის დიდი ბურჯი – კონსტანტინე სიკვდილამდე არცთუ დიდი ხნით ადრე მოინათლა. აღარ გადადოთ ნათლობა!

კითხვა: რატომ არ შეიძლება, ადამიანმა წინასწარ იცოდეს, რა ელის მომავალში?

პასუხი: ადამიანისთვის საჭირო რომ იყოს მომავლის ცოდნა, უფალი ამ უნარს მიანიჭებდა. ღმერთი ადამიანს ბევრ რამეს უმალავს მისივე სასიკეთოდ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ჭკვიანი მშობლები, რომლებიც თავის შვილებს გარკვეულ ინფორმაციას ზრდასრულ ასაკამდე უმალავენ. უფალს სურს, რომ ადამიანმა ბოლომდე აღასრულოს თავის მიწიერი დანიშნულება და ამ ასპარეზს არ გაეცალოს იმაზე ადრე, ვიდრე ის არ აუსრულებია.

კითხვა: ათი მცნებიდან მესამე მცნებაა: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ მისი შინაარსი?

პასუხი: მესამე მცნებას ადამიანი არღვევს თუ: ჰგმობს უფალს, ანუ უკადრის გამოთქმებს იყენებს უფლის მისამართით, წუწუნებს ღმერთის მიმართ, ეჭვი შეაქვს მის სამართლიანობაში; მკრეხელობს, საღვთო ქმედებზე ხუმრობს ან ლაზღანდარობის თემად აქცევს; უყურადღებოა ლოცვის მიმართ; ტყუილად იფიცება ან გატეხს ფიცს; არღვევს უფლისთვის მიცემულ აღთქმას; ქარაფშუტულად იფიცებს ღმერთის სახელს ჩვეულებრივ ყოფით საუბრებსა და ურთიერთობებში.

კითხვა: წინათ მიცვალებულს უფრო გვიან კრძალავდნენ. ახლა ჭირისუფლები სამ დღესაც აღარ აჩერებენ. როგორია ქრისტიანული ტრადიცია მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით?

პასუხი: გარდაცვლილი ადამიანი, ქრისტიანული ტრადიციით; მესამე დღეს უნდა დაიკრძალოს. მიცვალებულის დიდი ხნით გაჩერება საერო ტრადიციაა, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის. გარდა იმისა, რომ ამ დროს ცერემონიალი უკვე სანახაობას ემსგავსება, ჭირისუფალი სრულიად იფიტება სულიერად და ფიზიკურად, რაც დაუშვებელია. მთავარია, მიცვალებულის სულისთვის ზრუნვა. დაკრძალვის დროის გახანგრძლივებით კი შესაძლოა, სწორედ ეს დააკლდება მიცვალებულს.

კითხვა: კამათის დროს ხშირად ვღიზიანდები და ვბრაზობ, მართალი კი ვარ, მაგრამ ღირს ასეთ შემთხვევაში სიმართლის მტკიცება, თუ კამათი და აყალმაყალი უნდა მოჰყვეს.

პასუხი: სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ კამათი, როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენს მოსაუბრეს ვერ უხსნით სიმართლეს. დაუშვებელია დავასა და კამათში ჩართვა, მით უმეტეს, თუ თქვენც ვერ იკავებთ თავს და ხმამაღლობთ. როგორც მდარე წყალი აფუჭებს საუკეთესო ღვინოს, ისევე ხრწნის ბოროტი საუბრები კეთილმორწმუნე და ზნეობრივ ადამიანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი