მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 29.10, 2022 წელი

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად წარამარა იწერს პირჯვარს. რამდენად სწორია, პირჯვრის ხშირად გადაწერა?
პასუხი: უფლისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლენას თავისი წესი აქვს, ხოლო როდესაც ეს წესი გადამეტებულ ფორმას იღებს და გარეგნული ეფექტებით გადაჭარბებულად ვლინდება, არ არის სწორი. სიყვარული მოკრძალებით უნდა გამოიხატებოდეს. ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ხაზგასმული გამომზეურება, იმ გარემოში, რომელიც შინაგან ფაქიზ მდგომარეობას არ შეესაბამება, არ არის საჭირო. ასე მაგალითად, ყოველმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მეტანია, რომელსაც უფლისადმი უდიდესი მოკრძალებისა და თაყვანისცემის ნიშნად ტაძარში ვასრულებთ, ქუჩაში არ უნდა გავიმეოროთ. თვით ღვთისმსახურსაც არ შეეფერება უფლის მიმართ თავისი დამოკიდებულება მრევლის განწყობის შესაქმნელად არაზომიერად გამოავლინოს წირვა-ლოცვის დროს. უფალი ყველაფერს ხედავს და მას არც თქვენი შინაგანი, უსიტყვო რწმენა და მოკრძალებით გამოხატული თაყვანისცემა დარჩება შეუმჩნეველი.
კითხვა: რის საფუძველზე არქმევენ მართლმადიდებლურ ტაძრებს სახელებს?
პასუხი: როგორც წესი, მართლმადიდებლური ეკლესიები ეძღვნება მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას ან აგებულია წმიდანთა სახელობაზე.
კითხვა: რას ნიშნავს გამომძიებლობის ცოდვა?
პასუხი: ეს გახლავთ ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც ღმერთი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად, სად არის სამოთხე ან ჯოჯოხეთი? როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით? როგორ გადაიქცევა ზიარების დროს პური და ღვინო ქრისტეს ხორცად და სისხლად და ასე შემდეგ.
კითხვა: რატომ მოეთხოვება ქრისტიანს ცოდვილთა სიყვარული?
პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილები, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი ცოდვები, რადგან თუმცა ისინი ცოდვილნი არიან, მაინც რჩებიან თქვენს მოყვასებად და მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილი ადამიანები, როგორც ჩვენი მამის შვილები, როგორც ჩვენი ძმები, მაგრამ გვძულდეს მათი ცოდვები.
კითხვა: ცოდვას ჩადის თუ არა ადამიანი, რომელიც სხვის ცოდვებზე ლაპარაკობს?
პასუხი: წმიდა მამები მოგვიწოდებდნენ: თუ ხედავთ შემცოდებელს, ნუ ილაპარაკებთ მისი ცოდვების შესახებ, თუ დაფარავთ მოყვასის ცოდვებს, უფალი დაფარავს თქვენს ცოდვებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან