რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№33

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.08, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: დღესდღეობით გამოდის მრავალგვარი მკრეხელობით აღბეჭდილი ტანსაცმელი, მაისურები სხვადასხვა ფოტოებით და უხამსი წარწერებით. არის თუ არა მსგავსი სამოსის ტარება ცოდვა?

პასუხი: გამოსახულებები, რომლებიც იწვევს ცოდვიან გრძნობებს და უკეთურ აზრებს, არ უნდა იყოს ქრისტიანის ტანსაცმელზე, რადგან ეს არის საცდური გარშემო მყოფთათვის და რა თქმა უნდა, ცოდვაა. გარდა ამისა, ცოდვაა ასევე, მაისურებსა და ჩანთებზე იესოსა და ღვთისმშობელი მარიამის გამოსახულებების აღბეჭდვა.

კითხვა: არის თუ არა მარიამობის მარხვა თევზით ხსნილი?

პასუხი: მარიამობის მარხვა მძიმე მარხვაა და თევზით არ არის ხსნილი. თევზის მირთმევა შეგიძლიათ, მხოლოდ 19 აგვისტოს – ფერისცვალებას.

კითხვა: ვარ დიასახლისი, მარხვის დროს მიხდება სახსნილო სადილების გამზადება. ცოდვად ჩამეთვლება თუ არა მათი გემოთი გასინჯვა?

პასუხი: გამზადებული სადილის გემოს გასინჯვა ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ისეთ ქორწინებას, როდესაც მეუღლეებს შორის ასაკობრივი სხვაობა საგრძნობლად დიდია?

პასუხი: ზოგადად, ეკლესია ასაკობრივი სხვაობის გამო არ კრძალავს ქორწინებას, რადგან ქორწინების დროს შეიძლება, სხვა ბევრი უფრო მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი არსებობდეს, ვიდრე ასაკია. მით უმეტეს, როდესაც მეუღლეები ერთმანეთს პატივს სცემენ და ოჯახი მათთვის წმიდაა. თუმცა, დიდი ასაკობრივი სხვაობა ქორწინების დროს მაინც არასასურველია, რადგან ასეთ დროს მეტი შანსია, მეუღლეებმა ერთმანეთს ვერ გაუგონ და ასეთი ოჯახი კი განწირულია დანგრევისთვის.

კითხვა: ვიცით, რომ აღსარებაში ჩადენილ ცოდვებს ვინანიებთ. კიდევ რა გვეთვლება ცოდვაში, რაც აუცილებლად უნდა მოვინანიოთ?

პასუხი: სინანულ ქრისტიანს იმ შემთხვევაშიც მართებს, თუ, მაგალითად, ესა თუ ის კეთილი საქმე არ მოიმოქმედეთ ან თქვენი მიზეზით სხვებმა ამა თუ იმ კეთილი საქმის კეთება ვერ შეძლეს.

კითხვა: ხშირად ადამიანები თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად საყვარელ ადამიანებს ან უფალს იფიცებენ. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ თვითონ ვთხოვოთ თანამოსაუბრეს, რომ დაიფიცოს, რათა დავრწმუნდეთ მისი სიტყვების სიმართლეში. ამით ცოდვას ხომ არ ჩავდივართ, რადგან მას ამ საქციელისკენ ვაქეზებთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, ეს უფრო დიდი ცოდვაა, ადამიანს მოსთხოვო დაფიცება, ვიდრე თვითონ რომ დაიფიცებს. როგორც მაცხოვარი მოგვიწოდებს: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო – ჰო, არა – არა“. (მათე 5,37).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა