რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№14

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.04, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მართალია თუ არა, რომ დიდმარხვა – ეს არის უდიდესი სულიერი ღვაწლი?

პასუხი: დიახ. ეს არის შრომა, ოღონდ არა ფიზიკური, არამედ სულიერი. მისი მიზანი სხეულისა და სულის ერთობლივი განწმენდა, ღმერთთან შერიგება, კეთილი ცხოვრების მარცვლის დათესვა და სარეველას (ანუ ავი ჩვევების) აღმოფხვრაა. ეს არის დიდი სიმკაცრე საკვებსა და ძილში: ცხოვრებისეულ საზრუნავზე ფიქრთა შეწყვეტა, უფლის სიტყვის კითხვა, ეკლესიაში გაუცდენლად სიარული, მარტოობაში საკუთარი სინდისის ჩხრეკა. ეს არის სულის ფხიზელი მდგომარეობა, მთელი გულისყურით ხელის მოკიდება ცხონების საქმისთვის, საკუთარი ცოდვიანობის შეცნობა, მწუხარება ცოდვათა გამო, მონანიება და აღსარება სულიერ მამასთან, წმიდა საიდუმლოთა ზიარება.

კითხვა: არის თუ არა თევზით ხსნილი დიდმარხვაში ოთხშაბათსა და პარასკევს?

პასუხი: დიდმარხვა მძიმე მარხვაა, ამიტომ ოთხშაბათსა და პარასკევს თევზით ხსნილი არ არის. თევზი დიდმარხვაში შეგიძლიათ, მიირთვათ მხოლოდ ლაზარეს შაბათს, ბზობას და ხარებას.

კითხვა: ჩემი აზრით, პატარა ასაკის ბავშვთან არ შეიძლება რელიგიის შესახებ ზეწოლითი ხასიათის საუბარი. ის თვითონ უნდა მივიდეს ჭეშმარიტებასთან. ეკლესია როგორ უყურებს ამას?

პასუხი: ბავშვებთან საჭიროა ძალიან ფაქიზი მიდგომა. რა თქმა უნდა, მათზე თავს მოხვეული ზეწოლა დაუშვებელია, მაგრამ თვითდინებაზე მათი მიშვებაც იმ ზეწოლის ტოლფასი დანაშაულია. ბავშვის გათვითცნობიერება რელიგიაში უნდა მოხდეს ზომიერების დაცვით და რაც მთავარია, არა მხოლოდ დიდაქტიკის ფონზე, არამედ საკუთარი მაგალითის საფუძველზე.

კითხვა: როგორც გავიგე, მიცვალებულის სული შვიდი წელი ინარჩუნებს კავშირს ცოცხალ სამყაროსთან და შემდეგ ეს კავშირი საბოლოოდ წყდება. უნდა ვილოცოთ თუ არა მიცვალებულის სულისთვის შვიდი წლის შემდეგ?

პასუხი: მიცვალებულის სული 7 კი არა, მარადიულად ინარჩუნებს ცოცხალ სამყაროსთან კავშირს. ამიტომ ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ და ვიზრუნოთ მათი სულებისთვის. ვისი სახელიც გვახსოვს, ვთქვათ, ვისიც არა – „საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა“ წარმოთქმით მოვიხსენიოთ. ამით ჩვენ მათ დავეხმარებით საუკუნო სასუფეველში მშვიდად დამკვიდრებაში.

კითხვა: რა სიმბოლოს განასახიერებს ქრისტიანთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებული ზიარება?

პასუხი: ერთი ბარძიმიდან წმიდა საიდუმლოთა მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ჭეშმარიტი ძმობა და დობა, რომელთაც განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და მატერიალური სახსრებისა, ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სიძულვილისა და მიუღებლობის გრძნობა, პირიქით, უხარიათ, რომ შესაძლებლობა აქვთ, ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმიდა ძღვენი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა