რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№51

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 01.01, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, არ არის ურთიერთგაგება, როგორ უნდა მოვიქცეთ ჰარმონიის დასამყარებლად?

პასუხი: როდესაც ოჯახი ღვთის სიყვარულით არ იქმნება და ოჯახის შექმნის მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი სიმშვიდესაა მოკლებული. აუცილებელია, ოჯახის წევრებმა იცხოვრონ ეკლესიურად, მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და ურთიერთგაგებაც დაისადგურებს.

კითხვა: მინდა, რომ ჩემს შვილს რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. გთხოვთ, განმიმარტოთ, ეკლესიურად განსაზღვრულია თუ არა ნათლიების რაოდენობა?

პასუხი: უპირველესად, გაითვალისწინეთ ის, რომ ნათლობა არ არის მხოლოდ ოჯახების დანათესავება, ნათლიას უდიდესი მოვალეობა ეკისრება ღვთისა და ნათლულის წინაშე. ნათლია მუდმივი თანამდევი უნდა იყოს ნათლულისა, რათა ის არ ჩამოშორდეს ქრისტიანულ ცხოვრებას. ამ მოვალეობის შესრულება ერთ ადამიანსაც შეუძლია. შეზღუდული არ ხართ ნათლიების რაოდენობაში, თუმცა, აქაც, ისევე როგორც ყველა საქმეში, დაიცავით ზომიერება.

კითხვა: შევამჩნიე, რომ მრევლი მოძღვარს მობილური ტელეფონით სთხოვს ხოლმე დალოცვას. რამდენად მართებულია ეს?

პასუხი: ყოველი გამოგონება შესაძლოა, ღვთის სამსახურში ჩააყენო და ადამიანის სასიკეთოდ მიმართო. თუ ადამიანმა ღვთის ნებით, იმდენი შეძლო, რომ სივრცე გადალახა და მეორე ადამიანს დაუკავშირდა, რატომ არ შეიძლება, რომ ამ სივრცის იქით, თავის მოძღვართანაც იქონიოს კავშირი და დალოცვა სთხოვოს. ამ ფაქტში არაფერია ღვთისა და ეკლესიის საწინააღმდეგო.

კითხვა: როდის უნდა ვამხილოთ მოყვასი?

პასუხი: წმიდა მამები გვირჩევენ, მაშინვე კი არ ვამხილოთ მოყვასი, როდესაც ის ცოდვას ჩაიდენს, არამედ დავიცადოთ, ვიდრე ემოციები ჩაწყნარდება და გონება გამოფხიზლდება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ითქვას სათქმელი. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ თანამედროვე ოჯახში დგას. როგორც წესი, მამხილებელი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის არის სიმართლისა და სიკეთის ერთადერთი მატარებელი, ხოლო მხილებული მიიჩნევს, რომ მასზე ხორციელდება გაუმართლებელი ძალმომრეობა. ამიტომ მშობელი თუ სხვა ვინმე თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთ პიროვნებად, როგორადაც მას სურს, იხილოს თავისი შვილები. რაც შეეხება ძმურ მხილებას, აქ საერთოდ გაუმართლებელია პროკურორისა და მოსამართლის ტონი – შეიძლება, საკმარისი იყოს ურიგო ქცევების ახსნა-განმარტება და მათი დამღუპველი შედეგების მითითება.

კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სულისთვის, მის საფლავზე გასვლა თუ შეკვეთილი წირვის ჩატარება?

პასუხი: შეკვეთილი წირვის ჩატარება, რა თქმა უნდა, უფრო არსებითია, ვიდრე საფლავზე გასვლა. თუმცა, ჭირისუფალს, რასაკვირველია, საფლავზე გასვლა და მისი მოვლაც ევალება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი