რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№51

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.12, 2020 წელი

განსაცდელის ჟამს
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველს მოძღვარი პასუხობს.

კითხვა: რატომ არის სინანული და აღსარება ამდენად მნიშვნელოვანი?
პასუხი: წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, სინანული ადამიანს უხელს თვალს და მასში ცოდვათა დანახვის უნარს ბადებს. ერთი ცოდვის მონანიე ადამიანი სხვა ცოდვების შემჩნევას იწყებს და იმ ცოდვებსაც ხედავს, რასაც ადრე ცოდვად არ მიიჩნევდა. იხსენებს მივიწყებულ, მოუნანიებელ ცოდვებს და თვით ცოდვებიც უფრო და უფრო მძიმედ ეჩვენება. სწორედ, ამიტომ ტიროდნენ თავიანთი ცოდვების გამო შემდგომში საკვირველთმოქმედი წმიდანები.

კითხვა: შეიძლება თუ არა მოძღვრის შეცვლა?
პასუხი: თუკი ერთხელ ამოარჩევთ მოძღვარს, არ უნდა განშორდეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ გამოგონილი მიზეზების გამო. უნდა გახსოვდეთ, რომ ეშმაკს უნდა, იმას დაგვაცილოს, ვინც და რაც მეტ სარგებლობას მოგვიტანს სულიერად. მოძღვრის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ჩვენი მოძღვარი გარდაიცვლება ან თუ მას არ მივყავართ ჭეშმარიტი გზით, იმ გზით, რომელიც ჩვენ ცხონებას მოგვიტანს.

კითხვა: როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ტაძარში წასასვლელად?
პასუხი: ლოგინიდან ადგომისთანავე უფალს შესწირეთ მადლობა. მოწესრიგდით, დადექით ხატის წინ, აანთეთ სანთელი ან კანდელი, რათა თქვენში აღიძრას ლოცვის სული. ილოცეთ, შეუნდეთ ყველას. სახლიდან გამოსვლამდე კი, სანამ ტაძარში წახვალთ, თქვით: „განგიდგები შენ, სატანა ამპარტავნებასა შენსა და მსახურებასა შენსა და შემოგიდგები შენ, ქრისტე, ღმენრთო ჩვენო, სახელითა მამისათა და ძისათა და სულითა წმიდისათა. ამინ!“ გამოისახეთ პირჯვარი და წადით ტაძარში. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმეორეთ ლოცვა: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

კითხვა: რა არის მთავარი მეტანიებსა და ლოცვაში?
პასუხი: ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ საქმე სიტყვების თქმასა და მეტანიების კეთებაში კი არ არის, არამედ გულისა და გონების ღმრთისკენ მიმართვაში. შეიძლება, ყველა ლოცვა თქვა და ყველა მეტანია ზედმიწევნით შეასრულო, მაგრამ ღმერთი არ გახსოვდეს და უფალზე ფიქრის გარეშე შეასრულო ლოცვის კანონი. ასეთი ლოცვა ცოდვაა ღმერთის წინაშე.

კითხვა: როგორი უნდა იყოს ჩვენი რწმენა?
პასუხი: უნდა ვირწმუნოთ წრფელი გულით, ჭეშმარიტი რწმენა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სწამს იმიტომ, რომ უფალმა ასე ბრძანა და რომ ირწმუნოს, მეტს არაფერს ეძებს. უნდა გვწამდეს ყოველგვარი ყოყმანის გამომრიცხველი სრული სიმშვიდით, ბავშვურად – უსიტყვო მინდობით ღმრთისადმი. ასეთი ბავშვური რწმენა არ არის ბრმა, ეს არის ჭეშმარიტი, მტკიცე და გონივრული საყრდენი რწმენისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი