რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№46

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.11, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც მითხრეს, ლოცვების წაკითხვა მოძღვრის კურთხევის გარეშე არ შეიძლება. რამდენად მართალია ეს?

პასუხი: თუ ადამიანი დილა-საღამოს ლოცვების, საგალობლების კითხვას დამოუკიდებლად იწყებს, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ლოცვების წაკითხვის სურვილი უფლის ნებით ჩნდება. ლოცვა ყოველთვის გაგაძლიერებთ, რადგან ამ დროს ღვთისკენ მიემართებით. მაგრამ სასურველია, მხოლოდ შინ ლოცვებით არ შემოიფარგლოთ. მიბრძანდით ეკლესიაში და მრევლთან ერთად ევედრეთ უფალს. უდიდესი ძალა აქვს მორწმუნეების ერთად ლოცვას. გაერთიანებული ლოცვა ადვილად ამარცხებს ბოროტს და ღვთისკენ გაძლიერებულად მიემართება. გარდა ამისა, მოძღვარი გირჩევთ იმ ლოცვის წაკითხვას, რომელიც ამა თუ იმ გარემოში თქვენს სულს დასამშვიდებლად და გასაძლიერებლად დასჭირდება.

კითხვა: რატომ არის გარდაცვლილის ოჯახში კარი ღია. ეს ქრისტიანული ტრადიციაა?

პასუხი: კარის ღიად დატოვებას, როდესაც ოჯახში გარდაცვლილია, არაფერი აქვს საერთო საეკლესიო კანონიკასთან. ეს ხალხში გავრცელებული ტრადიციაა და პრაქტიკული ქცევის წესიდან გამომდინარეობს. ამ დროს ადამიანები ოჯახის თანაგრძნობისთვის და მწუხარების გასაზიარებლად მიდიან და მათ კარი ღია უნდა დახვდეთ.

კითხვა: როგორც ვიცი, იმ ადამიანისთვის, ვინც თავს იკლავს, არ შეიძლება სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა, მაგრამ მისი სული ხომ შველას ითხოვს. ნუთუ ზურგი უნდა ვაქციოთ და არ დავეხმაროთ მას, ვინც გვიყვარს?

პასუხი: თვითმკვლელობის დროს ცალკე გამოიყოფა რიგი შემთხვევებისა – თვითმკვლელის ფსიქიკური ავადმყოფობის (თუმცა აქაც არის გარკვეული დიფერენციაცია) დროს ეკლესია აკურთხებს ამ წესის აგებას, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღმერთის არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და სასოებას, თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, ასეთ ადამიანზე არ სრულდება სათანადო სამღვდელო ქმედება. ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით ამ ადამიანის მონაწილეობით. როგორც მამები გვასწავლიან, ღმერთი ძალად ვერ აცხონებს, თუ ადამიანი თვითონ ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ცხონებას. იმ ადამიანის სახელზე, ვინც დაგმო ღმერთის არსებობა და მისი ყოვლადმოწყალება, მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება.

კითხვა: ცოდვაა თუ არა მოყვასისთვის საყვედურის თქმა, თუ ის ნამდვილად აშავებს?

პასუხი: თუ საყვედურის თქმისას მრისხანებაში იმყოფებით, ამით საკუთარ ვნებას იცხრობთ სხვისი გადარჩენის საბაბით. ამგვარად შეიძლება თავი დაიღუპოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი