რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№42

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.10, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა არის „საკურთხი“? რამდენად მნიშვნელოვანია ის და როდის უნდა მივიტანოთ ეკლესიაში?

პასუხი: „საკურთხი“ ქრისტიანული ცნებაა, თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ რაღაც უნდა იკურთხოს. ამ შემთხვევაში პროდუქტი, რომელიც ეკლესიაში მიცვალებულთა სახელზე მიგვაქვს. კურთხევა პანაშვიდის დროს ხდება და ამის შემდეგ საკურთხი უნდა გაიცეს სამოწყალოდ მიცვალებულის სახელით შეჭირვებულთათვის. გარდაცვლილისთვის კი მთავარი იმ ლოცვის აღვლენაა, რომელიც პანაშვიდის დროს წარმოითქმის. „საკურთხის“ მიტანა ეკლესიაში შესაძლებელია საეკლესიო კალენდრის მიხედვით დადგენილ მიცვალებულთა დღეებში, ასევე, ნებისმიერ შაბათ დღეს, რადგან შაბათი ითვლება მიცვალებულთა პანაშვიდისთვის მიზანშეწონილად.

კითხვა: თუ შეიძლება, ამიხსენით, სად იმყოფება იმ ადამიანის სული, რომელიც გონებას ჰკარგავს და რა ლოცვა უნდა წავუკითხოთ მას ასეთ დროს?

პასუხი: ასეთ დროს ადამიანის სული მის სხეულშივე იმყოფება. სხეულიდან სულის გასვლა ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სულს უჭირს სხეულიდან გასვლა და ადამიანი იტანჯება, მოძღვარი კითხულობს სპეციალურ ლოცვას. ახლობლებს კი ევალებათ, პირნათლად მოუარონ ავადმყოფს და როგორც ქრისტიანს შეეფერება, ჩვეულებრივი ყოველდღიური ლოცვებით შეეწიონ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ვატარო თილისმა, რომელიც ძალიან კარგად მაქვს დაცდილი?

პასუხი: ქრისტიანობა უარყოფს თილისმის რწმენას, რადგან მიიჩნევს, რომ ის მაგიის რწმენაა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლითონებსა და ძვირფას ქვებს, რომლებსაც ადამიანები ატარებენ, აქვთ ორგანიზმზე გარკვეული ზემოქმედების უნარი. ეს უძველესმა მედიცინამ იცოდა, ხოლო დღევანდელმა მედიცინამ თითქმის დაკარგა. ამიტომ უნდა გავარჩიოთ, ერთი მხრივ, თილისმისა და მეორე მხრივ, მინერალებისა და ლითონების ზემოქმედება ადამიანზე. თილისმებისა და ასტროლოგიური ნიშნების ტარება მართლმადიდებლისთვის მიუღებელია.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ცაციამ პირჯვარი მარცხენა ხელით გადაიწეროს?

პასუხი: პირჯვრის გადაწერა მარცხენა ხელით არ შეიძლება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ადამიანს მარჯვენა ხელი დაზიანებული აქვს და ვერ იყენებს. ხოლო თუ პირჯვარს მარცხენა ხელით გადაიწერთ, მისი მიმართულება უნდა დაემთხვეს მარჯვენა ხელით პირჯვრის წერის მიმართულებას.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაეთვლება ქრისტიანს, თუ თავის ქონებასა და სიცოცხლეს დააზღვევს?

პასუხი: დაზღვევის შესახებ, გასაგები მიზეზების გამო, წმიდა წიგნებში არაფერი წერია, მაგრამ თვითონ დაზღვევით ადამიანი უნდობლობას ამჟღავნებს უფლის განგებულების მიმართ.

კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?

პასუხი: ვნებებია: გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და ასე შემდეგ, ხოლო ცოდვა თვით ამ ვნებათა ზეგავლენაა ჩვენზე. ვნება შეიძლება გქონდეს, მაგრამ არ იმოქმედო მისი კარნახით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი