მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: რატომ გვეკრძალება ჩვენი მომავალი ბედის წინასწარ ცოდნა?
პასუხი: ადამიანისთვის სასარგებლო რომ იყოს ყველაფრის ცოდნა, უფალი მიანიჭებდა მას ამ უნარს. ღმერთი ბევრ რამეს არ უმხელს ადამიანს, მისსავე სასარგებლოდ. ჭკვიანი მშობლების მსგავსად, რომლებიც უმალავენ იმას, რისი ახსნაც მათთვისვე სასარგებლოდ შეიძლება, ზრდასრულ ასაკში მოხდეს. უფალს სურს, რომ ჩვენ ბოლომდე აღვასრულოთ ჩვენი მიწიერი დანიშნულება და მას არ გავეცალოთ იმაზე ადრე, ვიდრე ის არ აგვისრულებია.
კითხვა: ნათლობის შემდეგ სულიერებით რა ემატება ახლად მონათლულს?
პასუხი: უპირველესად, მას მიეტევება ჩადენილი ცოდვები. ადამიანი იბადება ახალი, სულიერი, ქრისტიანული ცხოვრებისთვის – იესო ქრისტე ნათლობას ხელახლა დაბადებად მიიჩნევს. ნათელღებული ქრისტეს ეკლესიას და ამასთანავე, სასოებას უკავშირდება.
კითხვა: თუკი უფლის ნების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ სახე და ხატი ვართ მისი თუ რობოტები? გამოდის, რომ ადამიანს მხოლოდ მოვალეობები აქვს და არანაირი უფლებები.
პასუხი: არასწორად მსჯელობთ. ადამიანის მთავარი ღირებულება ნების თავისუფლებაა, რომელიც ჰქონდა სულ პირველ ადამიანს – უფალი არ ჩარეულა მის არჩევანში. ღმერთი საკუთარ ნებას არავის ახვევს თავს. მას ყველა ადამიანის გადარჩენა სურს. ადამიანი თავად ირჩევს, თავისი ნება დაუქვემდებაროს ღმერთის ნებას თუ შეეწინააღმდეგოს მას.
კითხვა: ხდება ხოლმე, რომ ქუჩაში ხელგამოწვდილ ადამიანს მოწყალებას ვერ ვაძლევ და ამაზე ვდარდობ. არსებობს თუ არა მოწყალების გაცემის რაიმე წესი?
პასუხი: შემოსავალს, ისევე როგორც ყველაფერს, ადამიანს უფალი აძლევს და გაცემულ სიკეთეს უფალი სიკეთითვე დაუბრუნებს. ამიტომ თუ სამოწყალეო თანხა ყოველთვის გექნებათ გადადებული, ამით თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, მოგემატებათ. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაიღოს მოწყალება – ზოგმა თანხით, ზოგმა სხვა რაიმე სიკეთით. მათ, ვისაც სამოწყალეო თანხა არ გააჩნიათ, შეუძლიათ, ღვთისთვის სათნო სხვა საქციელით გაიღონ მოწყალება. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ფული, შეგიძლიათ, მშვიდად ჩაუაროთ მათხოვარს და დალოცოთ ის – ღმერთმა გიშველოსო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


