მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: როგორ გავიგოთ სიტვები: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“? რას ნიშნავს ნეტარ იყვნენ და როგორ გახდებიან ნეტარნი გლახაკები?
პასუხი: „ნეტარნი“ ნიშნავს ბედნიერებს. როდესაც ვამბობთ, რომ ბედნიერნი არიან სულით გლახაკნი, იმ თავმდაბალ ადამიანებს ვგულისხმობთ, რომლებიც აცნობიერებენ საკუთარი ძალების უკმარისობას მაღალი სულიერების მისაღწევად და უფლის დახმარების იმედად არიან. ეს ადამიანები მუდმივად ელტვიან ამაღლებულ იდეალებს. მათთვის უცხოა ფარისევლური თვითკმაყოფილება, რომელიც კლავს ადამიანში საკუთარი თავის სრულყოფისკენ სწრაფვას. ამიტომ არის, რომ ეს ადამიანები უფრო ადვილად დაიმკვიდრებენ სასუფეველს, რაც უდიდესი ნეტარებაა.
კითხვა: ძალიან მივეჩვიე ლოცვას. თითქმის გამუდმებით ვლოცულობ – ეკლესიაში, სახლში, მგზავრობისას... ხომ არ ვცოდავ ამით? იქნებ ეს არის უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ მოღების ტოლფასი?
პასუხი: ლოცვის სურვილი ადამიანს რაიმე განსაკუთრებული საბაბის გარეშეც იოლად შეიძლება, გაუჩნდეს. რა სახითაც და რა ზომითაც არ უნდა გამოვლინდეს ეს მოთხოვნილება, არასდროს დატოვოთ დაუკმაყოფილებელი, მაშინვე უნდა დაიწყოთ ლოცვა. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, იდგეთ სალოცავ კუთხეში, ხატებთან და ისე ლოცულობდეთ.
კითხვა: რა მოვუხერხო იმ ცოდვას, რომლის თქმასაც მოძღვრის წინაშე ვერ ვბედავ?
პასუხი: აღსარებაში ნებისმიერი ცოდვა უნდა მოინანიოთ, მოძღვარი ამისთვის მოგივლინათ უფალმა. ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა და სიმძიმე და თუ მას აღსარებაში არ გაამხელთ, როგორ მოიშორებთ ამ სიმძიმეს, როგორ განეშორებით დანაშაულს? ჩვენ მოკვდავები ვართ და ყველა ვცოდავთ, აღსარება კი უფალს ლამაზი სიტყვებისთვის კი არ დაუწესებია – როდესაც აღსარებას ვამბობთ, თავს კი არ ვიწონებთ, არამედ ვებრძვით ცოდვას, ვაღიარებთ მას სინანულით და ასე ვთავისუფლდებით მისგან. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა ისედაც იცის ჩვენი ცოდვები და გულსითქმები. მას ჩვენგან მხოლოდ თავმდაბლობითი აღიარება და სინანული სურს. თუ რამე მიზეზის გამო თქვენი მოძღვარი გაბრკოლებთ და ვერ უმხელთ თქვენს ცოდვებს, შეგიძლიათ, რჩევა სხვა მოძღვარს ჰკითხოთ, მას გაუმხილოთ უთქმელი ცოდვა და ის მოგცემთ შესაბამის რჩევა-დარიგებებს.
კითხვა: მაქვს პრობლემა, რომელიც ძალიან მაწუხებს. ამასთან დაკავშირებით ორ სხვადასხვა მოძღვარს ვკითხე რჩევა და ორივემ სხვადასხვაგვარად დამარიგა. რამდენად კანონზომიერია ეს?
პასუხი: ეს სავსებით კანონზომიერია. შესაძლოა, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა რჩევა მოგცეთ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ორივე რჩევამ მოგიყვანოთ. ისევე, როგორც ექიმები მკურნალობენ სხვადასხვა მეთოდით პაციენტს, მაგრამ ყველას საბოლოო მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელებაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

