მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.02
კითხვა: მინდა, პანაშვიდი გადავუხადო ჩემს წინაპრებს, რომელთა სახელები არ ვიცი. რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება?
პასუხი: თუ თქვენ იცით, რომ ისინი მართლმადიდებლები იყვნენ, მათი მოხსენიება შესაძლებელია. ჩვენს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელებიც არ ვიცით, საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა-ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. ბუნებრივია, აქ იგულისხმება თქვენი წინაპრებიც. თუ პანაშვიდს გადაუხდით მათ, მოძღვარიც ასე მოიხსენიებს. ასევე, მათთვის შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში. იქ წერია: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები) და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა“.
კითხვა: რატომ მოეთხოვება ქრისტიანს ცოდვილთა სიყვარული?
პასუხი: ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი, როგორი მძიმეც უნდა იყოს მათი ცოდვები. თუმცა ისინი ცოდვილნი არიან, მაგრამ რჩებიან თქვენს მოყვასებად. მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და ვინ უწყის, ვინ აღმოჩნდება ციური სასუფევლის ღირსი?! ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილნი, როგორც ჩვენი ერთი მამის შვილები, როგორც ჩვენი ძმები, იესო ქრისტეს სისხლით დახსნილნი, მაგრამ გვძულდეს თვითონ ცოდვები.
კითხვა: რა გზას გადის სული თავისი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად?
პასუხი: სულს მართლაც ბევრი დაბრკოლება აქვს გადასალახი. ის პასუხს აგებს ყველაფრისთვის, რაც ჩაუდენია. ეს დაბრკოლებები არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ცხოვრებისეული დაბრკოლებები. სულს იქ ჭიშკარი ან ღობე კი არ ხვდება, არამედ უფრო დიდი და სიმბოლური წინააღმდეგობანი. ალბათ, ბევრჯერ გვსმენია, თუ რა ელის საიქიოში გადასულ ადამიანის სულს. ასევე, რამდენიმე წმიდა მამას აქვს გამოცხადებითი სწავლება, სადაც აღწერილია სულის გზა. ერთ-ერთი ასეთია „თეოდორე კონსტანტინეპოლელის ცხოვრება“, სადაც მოთხრობილია, როგორ იხილა გარდაცვალების შემდეგ მორჩილმა თეოდორემ საზვერეები, რომლებსაც სული იმქვეყნად გაივლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



