მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 07.02
კითხვა: ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და გვირჩიეთ, რომელი ხატები ვიქონიოთ სახლში?
პასუხი: ხატები უძველესი დროიდან ხატმწერთა მიერ იქმნებოდა, რომელთაგან ბევრი ბერი იყო. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა, ამიტომ მრავალი ხატი სასწაულმოქმედი იყო. ბოლო პერიოდში ხატებზე დიდი მოთხოვნილებაა. მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი. მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხებით იქმნება ხატები, მათ კრძალვით უნდა მოვეპყრათ. ხატების შეძენა უმჯობესია მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ იყიდოთ. თუ უკურთხებელს შეიძენთ, ის ხატი აუცილებლად აკურთხებინეთ. თუ თქვენ მიერ შეძენილი ან საჩუქრად მიღებული ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით რაიმე ეჭვს იწვევს თქვენში, მის თაობაზე აუცილებლად დაეკითხეთ მღვდელმსახურებს. მორწმუნეებს, როგორც წესი, სახლში აქვთ შემდეგი ხატები: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმიდანის, აგრეთვე, განსაკუთრებული პატივით მოსილი წმიდანების. რაოდენობრივად არავინ გზღუდავთ, შეგიძლიათ, იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გსურთ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (გაფერმკრთალდა, დაიკარგა გამოსახულება, დაზიანდა) ის უნდა დაფლათ სუფთა ადგილზე ან დაწვათ.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები?
პასუხი: ბავშვებისთვის ასაკის მიხედვით უნივერსალური კანონი არ არის დაწესებული. ბავშვებმა მარხვა უნდა დაიწყონ იმ დროიდან, რა დროსაც მათში გაიღვიძებს რელიგიური თვითშეგნება. შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მარხვა მიზანშეწონილი არ არის.
კითხვა: მინდა, ჩემს შვილს რამდენიმე ნათლია ჰყავდეს. გთხოვთ მიპასუხოთ, არის თუ არა განსაზღვრული ეკლესიაში ნათლიების რაოდენობა?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ ის, რომ ნათლობა არა მხოლოდ ოჯახების დანათესავებაა. ნათლიას უდიდესი მოვალეობა ეკისრება ღვთისა და ნათლულის წინაშე. ნათლია მუდმივი თანმდევი უნდა იყოს ნათლულის, რათა ის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ჩამოშორდეს. რაც შეეხება ნათლიების რაოდენობას, ამ საკითხმა გარკვეულ პერიოდში ისეთი არაგონივრული სახე მიიღო, რომ ხშირად ერთი ბავშვისთვის ათზე მეტ ნათლიას იყოლიებდნენ ხოლმე, ამიტომ ეკლესიამ განსაზღვრა და ახლა მხოლოდ ორი ნათლიაა დაშვებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



