მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.01
კითხვა: რატომ ატარებენ წვერს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები?
პასუხი: წვერის ტარება ბიბლიური ტრადიციაა – ძველი აღთქმის დროინდელი ღვთისმსახურნიც წვერს ატარებდნენ და მართლმადიდებელი სასულიერო მოღვაწეები, მათი მემკვიდრეები არიან. ღმერთმა წვერს განსაკუთრებული მისტიკური დატვირთვა და ძალა მისცა. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი წინაპრები წვერ-ულვაშს სინდისის სიმბოლოდ იყენებდნენ. აგრეთვე, წვერის ტარებით მღვდელმთავრები გარეგნობით ემსგავსებიან მაცხოვარს – იესო ქრისტეს.
კითხვა: უნდა ვერწმუნოთ თუ არა მღვდელმსახურთა შესახებ გავრცელებულ ხმებს, მით უმეტეს, თუ მათი საქციელი დროდადრო მართლაც გვაეჭვებს.
პასუხი: ნურასოდეს დაუჯერებთ მოარულ ხმებს და მით უმეტეს, ცილისწამებებს, განსაკუთრებით თუ ისინი მღვდელმსახურებს ეხება. უფალი შეგვაგონებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“ (მათე, 7,3). ჭეშმარიტად ღვთისმოსავი მრევლი, კიდეც რომ ხედავდეს თავისი მოძღვრის რიგ არცთუ სანაქებო თვისებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს ღვთისა და ეკლესიის გმობასთან ან მართლმადიდებლობისგან გადახვევასთან არ არის დაკავშირებული), მათ ადამიანურ სისუსტეებს მიაწერს და გაიხსენებს, რომ არავინ არის დაზღვეული ნაკლისგან, ხოლო ნაკლი საქვეყნოდ გახმაურებით ან უფრო უარესი, ზედდართული ცილისწამებით კი არ სწორდება, არამედ კეთილმოსურნეობითა და სიყვარულით.
კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ მარტივი წესები, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ტაძარში შევდივართ.
პასუხი: ტაძარში მისვლით თქვენ მართლმადიდებლის ცხოვრების მთავარ წესს ასრულებთ – უფალს უახლოვდებით. ზოგადად, ეკლესია უფლის სახლია, მის მიმართ მოკრძალება და პატივისცემა უნდა გამოხატოთ. პირველ რიგში, ტაძარში შესვლის წინ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, ხოლო შესვლისას სასურველია, წარმოთქვათ ლოცვა: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვცე ტაძარსა წმიდასა შენსა, შიშითა შენითა, უფალო, მიმიღე მე სამართლით შენითა და მტერთა ჩემთათვის წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი“. თუკი ტაძრის კარს ეამბორებით, ამით კიდევ ერთხელ გამოხატავთ ეკლესიის მიმართ პატივისცემას. უკვე ტაძარში შესული კი უნდა მიხვიდეთ ეკლესიის შუაგულში, ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატთან, ეამბოროთ და თაყვანი სცეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, დაანთოთ სანთელი და ილოცოთ. რაც მთავარია, უნდა გაესაუბროთ მოძღვარს. სთხოვოთ, გახდეს თქვენი სულიერი მამა (თუ არ გყავთ, უკვე შერჩეული მოძღვარი) და ქრისტიანულ ცხოვრებაში წაგიძღვეთ.
კითხვა: ჩემს მცირეწლოვან შვილს ხელში შემოატყდა ჯვარი. ეს ფაქტი ცუდზე ხომ არ მიგვანიშნებს? რა მოვუხერხო გატეხილ ჯვარს?
პასუხი: ეს ფაქტი მხოლოდ ბავშვის დაუდევრობასა და მშობლის უყურადღებობაზე მიგვანიშნებს. ჯვართან მოპყრობისას დიდსაც და პატარასაც მეტი სიფრთხილე მართებთ. გატეხილი ჯვარი სუფთა ადგილზე, მიწაში შეგიძლიათ დაფლათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


