მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 17:00 21.12
კითხვა: რომელი მარხვების დაცვა ევალებათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს?
პასუხი: წლის ოთხსავე დროს არის ეკლესიისგან დადგენილი ოთხი მარხვა, როგორც ჟამი საყოველთაო მონანიებისა. ორი მარხვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელზე – დიდმარხვა (აღდგომის) და შობის მარხვა, ერთი – ღვთისმშობლოს სახელზე – მარიამობისა და ერთიც – პეტრეპავლობის მარხვა. ამას ემატება ერთდღიანი მარხვები: ჯვართამაღლების დღეს (27 სექტემბერს), იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერს), ნათლისღების წინა დღეს (18 იანვარს), ასევე, ოთხშაბათობით – იესო ქრისტეს იუდასგან გაცემის დღეს და პარასკევობით – იესო ქრისტეს ჯვარზე ვნებისა და აღსრულების დღეს.
კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ ისეთი ცოდვა, რომელიც მცირეა, მაგრამ ხშირად ვიმეორებთ მას?
პასუხი: ასეთი ცოდვა ახლოსაა სასიკვდინე ცოდვასთან. შეიძლება, ასეთი შედარებაც მოვიტანოთ, დიდი ცოდვა დიდ ქვას ჰგავს, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს, მაგრამ თუ ბევრია ქვიშა, ის დიდ ქვასაც გადასწონის. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირად გამეორების შემთხვევაში უმძიმესი ცოდვა ხდება და ღვთის სასჯელს მოიწევს.
კითხვა: რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ 666 სატანური რიცხვია და რა უდევს ამ მოსაზრებას საფუძვლად?
პასუხი: ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ „აპოკალიფსში“ ეს რიცხვი დაკავშირებულია ანტიქრისტესთან, მაგრამ სხვა შემთხვევაში ის არ არის დემონური რიცხვი, მაგალითად, სახლში, რომლის ნომერიც არის 666, არ ცხოვრობს დემონი ან წიგნში 666-ე გვერდზე რაიმე მაგიური არ იმალება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

