მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: რა სულიერი სარგებლობა მოაქვს „ფსალმუნების“ ხშირად კითხვას საერო პირთათვის?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. „ფსალმუნთა“ კითხვითა და მოწყალების გაღებით სული განიწმინდება ცოდვებისგან.
კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?
პასუხი: მირონცხება არის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლოთაგანი. ის გაერთიანებულია წმიდა ნათლობასთან და ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ამ საიდუმლოს აღსრულებისას მორწმუნე ადამიანს ენიჭება სულიწმიდის ბეჭედი, რაც მას ეხმარება ქრისტეს მცნებათა განუხრელად დაცვაში. მირონცხებული იყო მეფე, რათა მას კარგად ემართა თავისი ქვეყანა.
კითხვა: საღვთო ლიტერატურაზე საუბრისას, ხშირად იხსენიებენ „წმიდა წერილს“. გთხოვთ განგვიმარტოთ, რომელი წიგნები იგულისხმება მასში?
პასუხი: „წმიდა წერილში“ იგულისხმება ძველი და ახალი აღთქმა ერთად.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ჩვენივე სურვილით ჩავერთოთ რომელიმე რწმენით ღვაწლში? მაგალითად: მღვიძარების, მრავალჯერადი ლოცვის, უხეში ტანსაცმლის ტარების და სხვა.
პასუხი: ამ ყოველივეს გაკეთება შეიძლება მხოლოდ მოძღვრის კურთხევით. დამოუკიდებლად შეგიძლიათ, იტვირთოთ ღვაწლი: სიყვარულის, თავმდაბლობის, მდუმარების, იმ დრომდე, სანამ რამეს არ შეგეკითხებიან.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანი, რომელიც არ არის მონათლული, სისტემატურად ლოცულობდეს და კითხულებდეს ქრისტიანულ ლოცვებს?
პასუხი: შეიძლება, ვინაიდან ქრისტიანულ ეკლესიაში გარკვეული დროის განმავლობაში, ადამიანები ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ და მანამდე გულმოდგინედ ემზადებოდნენ წმიდა ნათლისღების მისაღებად. ისინი ესწრებოდნენ წმიდა ლიტურგიის იმ ნაწილს, რომელსაც „კათაკმეველთა (მოუნათლავთა) ლიტურგია“ ეწოდება და როდესაც იგრძნობდნენ მზადყოფნას, ინათლებოდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



