მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: აქვს თუ არა მოძღვარს უფლება, საჯაროდ გაამხილოს მორწმუნის მიერ მისთვის აღსარებაზე განდობილი ცოდვები?
პასუხი: მოძღვარს არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება, რომ აღსარებაში ნათქვამი ცოდვები გაამხილოს. ამით ის დაარღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოს წესსა და კანონს, დათესავს უნდობლობას სინანულის წმიდა საიდუმლოს მიმართ.
კითხვა: ცნობს თუ არა ქრისტიანული ეკლესია რეინკარნაციას – ადამიანთა ხელმეორედ დაბადებას?
პასუხი: რეინკარგანციას მართლმადიდებლობა არ ცნობს, ადამიანი ერთხელ იბადება და არასოდეს განმეორდება. ის ღვთის ხატია და თავის ხატად და მსგავსად უფალმა მხოლოდ ერთხელ შექმნა. ადამიანი გარდაიცვლება, მაგრამ არსებობას არ ამთავრებს. მეორედ მოსვლისას აღდგება თავისივე სხეულით, ისეთივე, როგორიც იყო, მაგრამ უხრწნელი ხორცით.
კითხვა: ბიბლიაში წერია: „ოღონდ ხორციელი ცოცხლად მის სისხლთან ერთად არ შეჭამო“. რას ნიშნავს ეს სწავლება, ქრისტიანებს ხომ არ ეკრძალებათ ხორცის ჭამა?
პასუხი: ძველი აღთქმის ეკლესიაში არსებობდა წესი, რომ ადამიანის ცოდვის გამოსყიდვა ხდებოდა სისხლიანი მსხვერპლით, მაგრამ უფალი კრძალავდა არა ხორცის ჭამას, არამედ ხორცის ჭამას სამსხვერპლო სისხლიანად – ჯერ სისხლი უნდა გამოშვებულიყო, რომელიც მსხვერპლად იწირებოდა, მხოლოდ შემდეგ შეიძლებოდა ხორცით დანაყრება. ძველი აღთქმის მიხედვით, ცხოველის სისხლი შეიცავდა სულს და სწორედ ამ სულს სწირავდნენ უფალს. ხოლო შემდეგ, რაც მოვიდა ქრისტე და ეწამა, ეს კანონიკა შეიცვალა. ქრისტეს შეწირვით დამთავრდა ყველანაირი მსხვერპლშეწირვა. ამიტომ ხორცის მირთმევა, გარდა სამარხვო დღეებისა, ყოველთვის შეგიძლიათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ხატების დაბრძანება წიგნების კარადაში?
პასუხი: ხატების წიგნებთან დაბრძანება შეიძლება, ოღონდ ეს წიგნები უნდა იყოს რელიგიური და არა ბულვარული ლიტერატურა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


