მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: რომელი წმიდანი მიიჩნევა ჩვენს მფარველად და რომელი სახელით მოვიხსენიოთ ის მფარველი წმიდანისადმი აღვლენილ ლოცვაში?
პასუხი: ამ ლოცვაში მოიხსენიება წმიდანი, რომლის სახელიც გქვიათ. თქვენ მფარველი წმიდანი გყავთ მაშინაც, თუ რომელიმე ცნობილი მოწამის ფართოდ გავრცელებულ სახელი არ გქვიათ – ნებისმიერი ქართული, ქრისტიანული სახელი განწმენდილია იმ ასი ათას ქართველ მოწამეთა სისხლით, რომელიც ჯალალედინმა ქრისტიანობის ერთგულების გამო თბილისში ამოხოცა. ამრიგად, მფარველი წმიდანის მოხსენიებისას წარმოთქვით საკუთარი სახელი და ასე შესთხოვეთ მფარველობა იმ წმიდანს, ვის სახელსაც ატარებთ. ხოლო, თუ ადამიანს არაქრისტიანული სახელი ჰქვია, ნათლობისას მოძღვარი შეურჩევს ეკლესიურ სახელს.
კითხვა: ჩემი ოცი წლის შვილი არასათანადოდ ცხოვრობს. უსაქმურობს. სახლში გვიან ან გამთენიისას ბრუნდება. ძალიან განვიცდი მის ამ მდგომარეობას, მაგრამ ვერაფერს ვხდები. ხშირად მოგვდის კონფლიქტიც. როგორ მოვიქცე?
პასუხი: პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის, ვინც უფლისთვის არასათნო გზაზე დგას, მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა ილოცოს. ამით ცოდვილს უფლის მადლი მოეფინება. რაც შეეხება კონფლიქტს, ზოგადად, მცდარ გზაზე დამდგარი ადამიანის გაკიცხვა ან მკაცრად მოპყრობა ცოდვად არ ჩაგეთვლებათ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც უნდა იგრძნობოდეს, რომ თქვენ ის გიყვართ. საერთოდ, გირჩევთ, ფრთხილად მოეპყრათ მას. დააკვირდით, რა უფრო მოქმედებს მასზე – მოფერება თუ გაჯავრება. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს გულისხმიერება და სათნოება გადაარჩენს ხოლმე.
კითხვა: მიიჩნევა თუ არა ცოდვად გარეგნობის კორექტირება და პლასტიკური ოპერაციის გაკეთება?
პასუხი: გასაგები მიზეზების გამო თავის დროზე არ უმსჯელიათ ამ თემაზე და საეკლესიო კანონებში რაიმე აკრძალვა არ გვხვდება, მაგრამ ეკლესია ურჩევს ადამიანს, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, მან შეინარჩუნოს ის იერი, რომლითაც შემოქმედმა მოავლინა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


