მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.10
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა მასალისგან მზადდება ჯვარი?
პასუხი: როცა ჯვარი იკურთხება, მას ენიჭება მადლი და მფარველობის ძალა, ამიტომ მასალას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, სასურველია, ასეთი სიწმიდე იმ მასალისგან დამზადდეს, რომელიც მანამდე სხვა საქმისთვის არ იყო გამოყენებული და ამასთან, ადვილად არ ტყდებოდეს. ამიტომ, უმჯობესია, ჯვარი ხის ან ლითონის იყოს.
კითხვა: როდესაც წყალობას გავცემთ, არსებობს თუ არა საზომი ჩვენი მოქმედების აღსარიცხავად?
პასუხი: ამ კითხვაზე სქემიღუმენი საბა გვპასუხობს: „ვინც მცირედს შესწირავს, ის მცირედსავე იძენს სულიერად. თუკი ჩვენ ვიმოქმედებთ პრინციპით, იოლად გავაჩუქოთ ის, რაც ჩვენ თვითონ არ გვჭირდება, მაშინ როგორღა უნდა გვქონდეს უფლის უსაზღვრო მოწყალების იმედი?!
კითხვა: რას ნიშნავს ეკლესიურობა? გთხოვთ, ამიხსნათ, როგორ მიიღწევა ის?
პასუხი: ეკლესიურობა მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ცხოვრებასა და აზროვნებას ნიშნავს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი მრწამსის ადამიანი ტაძარში უნდა დადიოდეს, ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰყავდეს მოძღვარი, რჩევა ჰკითხოს მას პრობლემის გადაჭრის დროს. სასურველია, იცნობდეს მართლმადიდებლურ ლიტერატურასაც. ვინც ტაძარში არ დადის, ეკლესიურად არ მიიჩნევა. იყოლიეთ მოძღვარი, გაითვალისწინეთ მისი რჩევები. შეძლებისდაგვარად დაესწარით წირვა-ლოცვას, იკითხეთ საღვთო ლიტერატურა და ეკლესიურობას ნელ-ნელა მიაღწევთ. ასევე, დროთა განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ეკლესიური ცხოვრების წესი არ დაარღვიოთ.
კითხვა: პოეტები და მწერლები ხშირად საკუთარ სატრფოებს ადარებენ ღმერთსა და წმიდანებს. მიიჩნევა თუ არა ეს ცოდვად?
პასუხი: მიწიერი მიჯნურობის ადრესატთა ღმერთთან და წმიდანთა სახელებთან ასოცირება არ არის მიზანშეწონილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



