მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.10

კითხვა: ხანდახან ვიცი, რომ ვარღვევ უფლის მცნებას, მაგრამ ანგარიშს ვუწევ ამსოფლიურ სისუსტეებს ადამიანებთან ურთიერთობაში. ამით ძალიან ვცოდავ?
პასუხი: ამ კითხვაზე გიპასუხებთ ღირსი მამა სერაფიმეს სიტყვებით: მრავალი დაიღუპა ადამიანებისადმი უგნური მაამებლობის გამო. უფალი ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს და ამიტომ სინდისის საწინააღმდეგოდ ადამიანის მაამებლობა არ დაიშვება.
კითხვა: ქრისტიანისთვის არის თუ არა მისაღები სარწმუნოების აღიარება ეკლესიაში სიარულის გარეშე?
პასუხი: ვინც უფლის სახლს გაურბის, გაურბის თვით უფალს და მისთვის უცხოა რწმენა და კეთილზნეობა. ასეთი ადამიანების ცხოვრება ვნებებითაა სავსე.
კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მიწიერ და ზეციურ საზრუნავთა მიმართ?
პასუხი: წმიდა მამა, ათანასე დიდი გვმოძღვრავს: უფლის ნებით, სულელნი უნდა ვიყოთ მიწიერ საზრუნავთა მიმართ და ბრძენნი – ზეციურ საზრუნავთა მიმართ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანის სულიერ კეთილზნეობაზე ვიმსჯელოთ მხოლოდ მისი გარეგნული ღვაწლის მიხედვით?
პასუხი: თუმცა გარეგნული ღვაწლიც აუცილებელია, ის მხოლოდ ხარაჩოებია და არა შენობა. ამიტომ ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მას. შენობა ამ გარეგნულ ღვაწლთა შორის აღიმართება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულისმიერ ღვაწლს. გულისთქმათა მიხედვით, ერთი და იგივე საქმე შეიძლება, იყოს უფლისთვის სათნოც და არც იყოს.
კითხვა: რა არის ქრისტიანისთვის მოყვასთან ურთიერთობაში მთავარი?
პასუხი: ქრისტიანისთვის უმთავრესია, მტკიცედ შეასრულოს მოყვასისთვის მიცემული სიტყვა და არ მისცეს მას ცრუ დაპირება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან