მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.10

კითხვა: რა დროს არის მიღებული ეკლესიის ზარების რეკვა?
პასუხი: მართლმადიდებელ ეკლესიაში ზარებს რეკენ ღვთისმსახურების წინ, მორწმუნეთათვის საღმრთო მსახურების დაწყების შესატყობინებლად; ლიტანიის დროს, რათა მას მიეცეს განსაკუთრებულად სადღესასწაულო ელფერი; ეკლესიის გარდაცვლილი წევრების დაკრძალვისას; სხვა რომელიმე საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში.
კითხვა: რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?
პასუხი: საეკლესიო სწავლების მიხედვით, „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, ჩვენი საკუთარი სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ მიიჩნევა იმიტომ, რომ ზეციურ სასუფეველს გვაკარგვინებს და ამით მარადიულ სიკვდილს გვარგუნებს.
კითხვა: ვერაფრით ვამბობ დიდი ხნის წინ ჩადენილ ცოდვას მოძღვრის წინაშე, რადგან მრცხვენია. როგორ დავძლიო ეს გრძნობა?
პასუხი: უნდა იცოდეთ, რომ როდესაც მოძღვარს აღსარებას ეუბნებით, უფალი
გისმენთ, ხოლო უფლისთვის ადამიანური სისუსტე რა ფორმითაც არ უნდა გამოიხატოს ის, საკვირველი არ არის. რამდენადაც გულწრფელია და გულიდან მოდის სინანული აღსარების დროს, მით უფრო შეენდობა მონანულს. რადგან ეგ ცოდვა გაწუხებთ, ესე იგი, გულწრფელი ხართ და სანამ აღსარებაში არ იტყვით ამის შესახებ, უსიამოვნო განცდას ვერ მოიშორებთ. ამიტომაც თქვით მოძღვართან, რაც გაწუხებთ და გათავისუფლდით მისგან.
კითხვა: სულ მაქვს ლოცვის მოთხოვნილება და ხშირად ვლოცულობ. ხომ არ ვცოდავ? იქნებ ეს არის უფლის სახელის „ამაოსა ზედა“ ხსენების ტოლფასი?
პასუხი: ლოცვის მოთხოვნილება ადამიანს რაიმე განსაკუთრებული საბაბის გარეშეც იოლად შეიძლება, გაუჩნდეს. ასეთ დროს უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ ეს მოთხოვნილება, მაშინვე შეუდექით ლოცვას, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოთ, თუმცა უმჯობესია, ხატებთან ილოცოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან