მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00

კითხვა: რა მიზეზით შეიძლება, გაუჩნდეს ადამიანს ცუდი აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ?
პასუხი: ეცადეთ, ასეთ აზრებს არ მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. არც ის იფიქროთ, რომ ამ აზრების გაჩენაში თავად ხართ დამნაშავე, თუ, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ ეთანხმებით მათ. ასეთ დროს ეს ეშმაკეული, ჩაგონებული ბოროტებაა, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანი უიმედო მდგომარეობაში ჩააგდოს, რომ თითქოს ის იმდენად ცუდი ადამიანია, სიწმიდეების მიმართაც კი მკრეხელური აზრები უჩნდება და ეკლესიაში სიარულზე ააღებინოს ხელი.
კითხვა: არის თუ არა ცოდვა მოყვასისთვის საყვედურის თქმა?
პასუხი: თუ საყვედურის თქმისას მრისხანებაში იმყოფებით, ამით საკუთარ ვნებას იცხრობთ, სხვისი გადარჩენის საბაბით. ამგვარად შეიძლება, თავიც დაიღუპოთ. ყოველთვის იმოქმედეთ მოყვასის სიყვარულით, მისდამი თანაგრძნობითა და უფლის პატივისცემით.
კითხვა: რით ვლინდება მფარველი ანგელოზის მიერ ჩვენი დახმარება?
პასუხი: ამის შესახებ გვესაუბრება წმიდა დიმიტრი როსტოველი: „ანგელოზები გვიფარავენ ჩვენს გზებზე, თუ სიკეთე გვსურს და ბოროტი საქმის ჩადენას არ ვეშურებით, თუ საქურდავად და ღვთისგან საძრახის საქმეზე კი არა, კეთილი საქმის საკეთებლად ვისწრაფვით სასიკეთო განწყობით“.
წმიდა ანგელოზები ადამიანს ძილის დროსაც იფარავენ, ისინი გვარიდებენ ეშმაკის ბოროტებებს, რაც ყოველ ჩვენგანს დანთქავდა, მფარველი ანგელოზი რომ არ გვიცავდეს.
კითხვა: დილისა და ძილისწინა ლოცვების გარდა, კიდევ რომელი ლოცვები უნდა ვიკითხოთ?
პასუხი: მოძღვართან შეთანხმებით უნდა დაიწესოთ ლოცვითი კანონი („ფსალმუნების“, პარაკლისის თუ „დაუჯდომელის“ კითხვით), თქვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან