მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.08

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, ჩემს შორეულ წინაპრებს გადავუხადო პანაშვიდი, თუმცა მათი სახელები არ ვიცი. რამდენად შესაძლებელია ეს?
პასუხი: ეს შესაძლებელია, თუ თქვენ იცით, რომ ისინი მართლმადიდებლები იყვნენ. თქვენს გარდაცვლილ წინაპრებს, რომელთა სახელებიც არ იცით, საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა–ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. ბუნებრივია, აქ თქვენი წინაპრებიც იგულისხმებიან. თუ პანაშვიდს გადაუხდით, მოძღვარიც ასე მოიხსენიებს.
მათთვის შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში. იქ წერია: „მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები) და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნისა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა“.
კითხვა: რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?
პასუხი: ცოდვა უფლის მადლს გვაშორებს, ყოველი ცოდვა, რომელიც სინანულით არ არის განწმენდილი, საკუთარი ტვირთის სიმძიმით, მალევე სხვა ცოდვას იწვევს.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, როდესაც ლოცვის დროს უარყოფით აზრებს ვერ იშორებს.
პასუხი: წმიდა მამები, ასეთ შემთხვევაში ორგვარ რჩევას გვაძლევენ: ან არ შევწყვიტოთ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩავუღრმავდეთ ლოცვით კანონს, ანდა შევწყვიტოთ ლოცვა, მოვიკრიბოთ ნებისყოფა, შევევედროთ უფალს, რომ განგვარიდოს უსიამოვნო აზრებს და ლოცვა ცოტა ხნის შემდეგ განვაახლოთ.
კითხვა: ჩემი შვილი თავისი სიმართლისთვის იფიცებს ღმერთს და მეც იმასვე მთხოვს. არის თუ არა ეს ცოდვა და თუ არის, როგორ უნდა გადავაჩვიო?
პასუხი: აუხსენით ბავშვს, რომ უფალი, რომელსაც ის იფიცებს, კრძალავს ფიცს და როდესაც ღმერთს ვიფიცებთ, მის ნებას გადავდივართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან