მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.07

კითხვა: რას ნიშნავს გამომძიებლობის ცოდვა?
პასუხი: ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც უფალი არ მოითხოვს მისგან. მაგალითად, სად არის ჯოჯოხეთი (და არა იმით, თუ როგორ დავიხსნათ მისგან თავი)? როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით? როგორ იქცევა ზიარების დროს პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად და მისთანანი. ამას უნდა ვერიდოთ.
კითხვა: რა უმთავრესი მოვალეობა გვაკისრია გარდაცვლილთა მიმართ?
პასუხი: გარდაცვლილი ახლობლების მიმართ თქვენი უმთავრესი მოვალეობაა ლოცვა მათ საცხონებლად. მათ სახელზე მოწყალების გაცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება და აუცილებელია გარდაცვლილი ახლობლების მოხსენიება უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს.
კითხვა: ჩემი მშობლები ჯვარდაწერილები არ იყვნენ, მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შეიძლება თუ არა ჯვრისწერა გარდაცვალების შემდეგ?
პასუხი: ჯვრისწერა საღვთო საიდუმლოა და ის მიცვალებულებისთვის არ აღესრულება. მიცვალებულებისთვის უნდა ილოცოთ და სთხოვოთ უფალს, რომ ის ცოდვები შეუნდოს, რომელშიც ისინი ნებსით თუ უნებლიეთ ჩავარდნენ სიცოცხლის დროს.
კითხვა: როგორ გადავეჩვიო წყენის გულში ჩადებას? გულში ჩარჩენილი ეს გრძნობა ტრავმას მაყენებს მეც და ჩემს ახლობლებსაც.
პასუხი: ღმერთს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ადამიანი ბევრი ქრისტიანული სათნოებითაც რომ იყოს შემკული და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისგან ქმნილი ყოველი საქმე უნაყოფო და ამაოა. ამიტომ უნდა იმუშაოს, რათა გათავისუფლდეს წყენის გულში ჩადებისგან. ნამდვილი ქრისტიანები მშვიდნი, უბოროტონი და კეთილი გულისანი არიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან