მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 24.05

კითხვა: რომელი წმიდანის მიმართ უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს სულებში სიმშვიდემ დაისადგუროს?
პასუხი: ეკლესიაში მაგია არ არსებობს, როდესაც გვსურს უფლისგან და წმიდანებისგან რამე მივიღოთ, არა მარტო უნდა ვილოცოთ მათზე, არამედ მთელი ცხოვრება უნდა ავაგოთ უფლის მცნებების მიხედვით. ბევრის შემძლეა ლოცვა და ამასთანავე, უფალი სახარების მიხედვით ყველას მიმართავს თხოვნით, რომ ვიყოთ მართალნი, კეთილნი, მოყვარულნი, თავმდაბალნი და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირად ადამიანი ყურად არ იღებს ამ თხოვნებს და თავად კი ითხოვს ღმერთისგან, რომ შემწეობა გაუწიოს. ისეც ხდება, რომ უფალი ადამიანს მარტო გაჭირვების ჟამს ახსოვს. ის უსრულებს ადამიანს თხოვნას, მას კი მადლობის თქმაც ავიწყდება და მხოლოდ მორიგი განსაცდელის ჟამს მიმართავს უფალს. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, მათ აღსასრულებლად შეგვიძლია, მივმართოთ მრავალ წმიდანს, თვით უფალს, ღვთისმშობელს, მაგრამ მანამდე უნდა ვიცნობდეთ სახარებას, წმიდანთა ცხოვრებას, რის შემდეგაც ისინი ჩვენთვის უფრო ახლობელნი გახდებიან და მათ მივმართავთ გულითადი ლოცვითა და მთელი არსებით.
კითხვა: როგორ აღნიშნავენ მორწმუნე ადამიანები საკუთარ დაბადების დღეს?
პასუხი: მართლმადიდებლური ჩვეულებით, მორწმუნენი დიდი ზარ-ზეიმით არ იხდიან საკუთარ დაბადების დღეს, არამედ დღესასწაულობენ თავიანთი ზეციური მფარველის – მოსახელე წმიდანის მოხსენიების დღეს.
კითხვა: აღსარებას ვამბობ მოძღვართან, მაგრამ ეს თითქოს მექანიკური საქციელია და არ მაქვს ღრმა სინანულის განცდა. როგორ მივაღწიოთ ჭეშმარიტ სინანულს?
პასუხი: მონანიების დროს ადამიანზე მოქმედებს სამი რამ: გონება – რომელიც აფიქსირებს და განსაზღვრავს ჩვენს ცოდვებს, გული – რომელიც განიცდის მათ და ნებისყოფა – რომელიც აიძულებს ადამიანს, გადალახოს ცრუ მორცხვობის გრძნობა და მოინანიოს ცოდვები. თუ ადამიანი ვერ ინანიებს გულით, ამგვარ შემთხვევაში საჭიროა, მოვინანიოთ გონებით, დავატანოთ ძალა ნებისყოფას, რათა არ გავიმეოროთ ძველი ცოდვები და დროთა განმავლობაში უფალი მოგვანიჭებს ჭეშმარიტი სინანულის გრძნობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან