მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.04

კითხვა: როგორც ერთგან ამოვიკითხე, ქრისტიანი სულ უნდა ლოცულობდეს. როგორ უნდა გავიგოთ ეს შეგონება?
პასუხი: ყოველწამიერი და განუწყვეტელი ლოცვა არ გულისხმობს იმას, რომ მუდმივად ვიკითხოთ ფსალმუნები და ლოცვები – ეს შეუძლებელია. ყოველ ადამიანს უწევს თავისი პროფესიული საქმის კეთება, მას სჭირდება დასვენება, ძილი და სხვა. მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ რა საქმესაც არ უნდა ვიწყებდეთ, ჩვენი გული და გონება უფლისკენ უნდა მივმართოთ და ვთხოვოთ მას წყალობა და შემწეობა.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც მას კი არ სთხოვენ, არამედ ძალას ატანენ, რომ მოწყალება გაიღოს?
პასუხი: მოწყალება ნებაყოფლობითია და თუ ის ძალდატანებით ხდება, აზრს კარგავს. გამცემიც და მიმღებიც სინდისთან უნდა იყვნენ მართალნი. გამცემმა იმდენი უნდა გასცეს, რამდენიც შეუძლია, მან უნდა იცოდეს, რომ უფალი ხედავს მის გულს. მოწყალების ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო მიმღებმა შესაწირი მადლიერებით უნდა მიიღოს. თუ მოწყალების გაღება ამგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდება, მაშინ მას აღარ აქვს ქრისტიანული სახე. ასეთ დროს გამცემი სრულიად მართალი იქნება საკუთარ სინდისთან, თუ მოწყალების გაცემისგან თავს შეიკავებს.
კითხვა: უნდა ვერწმუნოთ თუ არა მღვდელმსახურებაზე მოარულ ხმებს, რასაც ხშირად ვიგებთ, თუნდაც, სოციალური ქსელიდან?
პასუხი: არასოდეს დაუჯეროთ მოარულ ხმებს, განსაკუთრებით ცილისწამებებს, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება მღვდელმსახურებს. გავიხსენოთ უფლის შეგონება: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“ (მათე, 7.1). ჭეშმარიტად ღვთისმოსავი მრევლი, რომც ხედავდეს თავისი მოძღვრის რომელიმე არცთუ სანაქებო თვისებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს ღვთისა და ეკლესიის გმობასთან ან მართლმადიდებლობისგან გადახვევასთან არ არის დაკავშირებული), მათ ადამიანურ სისუსტეებს მიაწერს და გაიხსენებს, რომ არავინ არის დაზღვეული ნაკლისგან. ნაკლი კი სახალხოდ გახმაურებით ან ზედ დართული ცილისწამებით არ სწორდება, ის მხოლოდ სიყვარულით შეიძლება, გამოსწორდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან